მე ემოცია მქვია…

           მე უბრალოდ ემოციას მეძახიან… შეუმჩნევლად, ანაზდად ვეუფლები ადამიანებს, დიახ, ისე , უბრალოდ , უკითხავად, მოულოდნელად… ხან როგორი ვარ, ხან როგორი.. ზოგჯერ გულიან სიცილს ვიწვევ, ზოგჯერ ადამიანთა გულებს მზის სხივებით ვავსებ, ვათბობ. ხანდახან სასტიკი ვარ და შურისძიების წყურვილს ვბადებ… მრცხვენია, მაგრამ უნდა ვაღიარო, ზოგჯერ საშინლად მტკივნეული ვარ და მათ გულებს სევდით და ტკივილით ვავსებ… მერე თვალებს ტკივილი და ცრემლები ფარავს…  უკვე ვაღიარე, მრცხვენია ხანდახან –მეთქი, მაგრამ რა ვქნა..ასეთი ვარ… ასე უკითხავად შობილი, რომელსაც საკუთარი თავის გაკონტროლება არ ძალუძს, სხვას კი ადვილად ვეპატრონები. ადვილად? ახლა დავფიქრდი და ვაღიარებ ხანდახან ძალიან მიჭირს კიდეც. ყველა ადამიანი  ერთნაირი როდია! ზოგი ისეთი ცივია..გულქვა.. მათ გულებში შეღწევა არ ძალმიძს… ზოგნი  კი პირიქით, ჩემთან ისე მეგობრობენ, განუყრელად მათთან ვარ…
ადრეც გითხარით , მე მოულოდნელად, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სიტუაციებში ვარ ადამიანებთან. სულ სხვადასხვა სახეს ვიღებ.. ახლაც ასე ვარ..
ახლაც ემოცია ვარ, კი ემოცია.. წიგნის წაკითხვით გამოწვეული ემოცია! შთაბეჭდილება, რომელიც ორჰან ფამუქის წიგნმა ,, მე წითელი მქვია ” გამოიწვია….

                              მე ერთი უბრალო მკითხველი მქვია…

წიგნის ბოლო ფურცლებზე უცნაური განცდა დამეუფლა.. ესაა, ემოცია , რომელსაც სახელი ვერ მოვუფიქრე, არ მომასვენა და მაიძულებს აქ გაგიმხილოთ 🙂 ვიცი , სხვაგვარად არ მომასვენებს…
,,აქტუალურ მწერლებზე” ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული ვარ.. რამდენიმე წიგნის წაკითხვის შემდეგ ის ვერ მივიღე, რასაც ველოდი. ,, მე წითელი მქვია”–ს კითხვა უბრალოდ იმის გამო დავიწყე, რომ აქტუალური იყო, ბევრი მასზე ლაპარაკობდა და დამაინტერესა. მაგრამ, პირველივე ფურცლებიდან მივხვდი ეს რაღაც სხვა იყო. პირველივე თავიდან, რომელშიც ავტორი მკვდარს ალაპარაკებს.. საოცრად უშუალო და გულახდილი მონოლოგი  სულაც არაა მომაბეზრებელი, პირიქით ის ახერხებს ამბის გადმოცემასაც, ღრმად ჩაფიქრებას სიკვდილზე და დაუფარავ მხილებას.. უფრო გაფრთხილებას:

  •      ,, ჯერ კიდევ შეგირდი რომ ვიყავი, მეც მაშინებდა ამქვეყნის მიღმა არსებული სამყარო. ვცდილობდი, არ მეფიქრა მასზე, დავცინოდი კიდეც. მაგრამ ჩემი ბოლო მაინც ბინძური ჭის ფსკერი აღმოჩნდა. იქნებ თქვენც ეს გელით!”

     შემდეგ ფურცლებზე  იშლებოდნენ სხვადასხვა სურათები… შუა საუკუნეების აღმოსავლეთი, ნაყაშხანა, პერსონაჟები… უსულო არსებებიც კი! ხე.. წითელი ფერი…  თითქოს ერთი დიდ სურათს  სხვადასხვა მხატვარი ხატავდა. თან გასაოცრად, ისეთი ოსტატობით და სიღრმით, რომ ეს ნახატი  ცოცხლდებოდა, თითქოს კინოკადრებს ვყურებდი და მსახიობებიც საოცრად თამაშობდნენ, ისე, რომ მათი სულის დანახვა შეეძლო მაყურებელს.
მახსოვს მოზარდთა ლიტერატურულ კონკურსზე ,,ალუბლობაზე”,  მანანა ბეგიაშვილმა გვითხრა, მწერალმა არასოდეს უნდა მოატყუოს მკითხველიო. ავტორი გულახდილი უნდა იყოსო. რატომღაც გამიჩნდა განცდა , რომ ავტორი არ მატყუებდა. პირიქით, როგორც ახლობელს ამბავს მიყვებოდა, უბრალოდ, უშუალოდ, გულუბრყვილოდ…  აქ ხომ ყველა პირველ პირში ყვება, თან ისე გულახდილად, რომ გაკვირვებას იწვევს!…
მართალია შექურეს პირით ავტორი თითქოს ირონიით უყურებს თავის რომანს, როცა ათქმევინებს:

  •  ,,არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენ გესაუბრებით. მრავალი წლის მანძილზე, მამის წიგნების თვალიერებისას, მუდამ ლამაზმანთა გამოსახულებებს ვეძებდი. ისინი ყოველთვის დარცხვენილნი ჩანდნენ, მათი შეწუხებული მზერა ყოველთვის უჭვრეტდა რაღაცას ან ვიღაცას, თითქო პატიებას ითხოვენ თავიანთი სილამაზის გამოო. ისინი არასდროს უყურებენ სამყაროს ამაყად თავაწეულები _ როგორც კაცები, მეომრები ან ფადიშაჰები. მაგრამ სახელდახელოდ შექმნილ იაფფასიან წიგნებში ზოგიერთი ქალი მიწას კი არ დაჰყურებს, რაიმე საგანს, არამედ პირდაპირ მკითხველისთვის მიუპყრია მზერა. და მე ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე: ვინაა ის მკითხველი, ვისაც ის უყურებს?”

 – აქაც თითქოს ჩვენ მკითხველები ვამჩნევთ მზერა ჩვენს მიმართაა მომართული, მაგრამ ეს სულაც არ ამცირებს ნაწარმოების ღირებულებას, პირიქით ორიგინალობას სძენს…

            ამდენი ვილაპარაკე და ნაწარმოების ძირითად იდეაზე არაფერი მითქვამს, რაც ნამდვილად არაა ნაკლებმნიშვნელოვანი. მასზე რამდენი რამ დაიწერა, ყველა სხვადასხვანაირად ,, ილაშქრებს”  ამ მოვლენის წინააღმდეგ. აქ, ამ ნაწარმოებში ეს პრობლემა მთელ წიგნს გასდევს,  დასასრულს კი,  სამიოდე წინადადება იტევს დასკვნას:

  • ,, აღმოსავლეთიც ალაჰისაა და დასავლეთიც”,
  • ,,მაგრამ აღმოსავლეთი აღმოსავლეთშია და დასავლეთი–დასავლეთში”,
  • ,, მხატვარი არ უნდა გაყოყოჩდეს, არ უნდა ფიქრობდეს აღმოსავლეთსა და დასავლეთზე. მარტო ისე უნდა ხატავდეს, როგორც გულიდან მოდის..”


ავტორი ახერხებს მთელი სისრულით გადმოგვცეს სატკივარი, რომელიც აღმოსავლეთს აშორებდა დასავლეთისგან. კითხვისას ყურბან საიდის ,,ალი და ნინო” გამახსენდა.. ტყის და უდაბნოს ადამიანები და ფრაზა:

  • ,, უდაბნოს შვილები ერთი გრძნობით არიან აღსავსენი, ერთი ჭეშმარიტება გააჩნიათ, ტყის შვილებს კი უამრავი სახე აქვთ … უდაბნოში ფანატიკოსები იბადებიან, ტყეში კი შემოქმედნი… ალბათ ესაა განსხვავება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის”

        ნაწარმოებში  მკვეთრად ჩანს ჩადრიდან მომზირალი სევდიანი  თვალების საიდუმლო, მათი ბედი და უბედობა… შექურე ხომ თურქი ქალის სახეა..
,, რომანში 1591 წლის თოვლიან სტამბულში ცხრა დღეში განვითარებული სიუჟეტის ფონზე აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციები ეჯახება ერთმანეთს.” წიგნს ერთგვარი დეტექტივის ელემენტებიც აქვს, უხეშად რომ ვთქვათ, ხდება 2 მკვლელობის გამოძიება. სიუჟეტი ძალიან საინტერესოა და ,,ჩამთრევი” , მაგრამ, რამაც ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე,  თვით მონოლოგებია… პერსონაჟთა სახეები… მათი განცდები…ტკივილები, სიხარულები… ავტორი ისე გვიხატავს პერსონაჟთა ფსიქოლოგიურ პორტრეტებს საოცარი განცდა გვიჩნდება.. მათ ვგრძნობთ თითქოს… საოცარია თავები ,,მკვლელიაო, იტყვიან ჩემზე”… და მკვლელის აღსასრული… ერთ–ერთი ყველაზე შემზარავი სცენა რაც ოდესმე წამიკითხავს  😦 ეს ხომ უსასტიკესი სასჯელი იყო…
და ბოლოს…მოულოდნელი ,,გამხელა”…

  • ,,  ჩემი ორჰანი– ყოველთვის მოუსვენარი იყო და უხასიათო–არასოდეს ერიდება, უსამართლოდ მოექცეს იმათ, ვინც გულზე არ ეხატება. ამიტომ, ნუ დაუჯერებთ, თუ ყარას უფრო თავგზააბნეულად წარმოგიდგენთ ვიდრე სინამდვილეშია, ჩვენს ცხოვრებას– ძალიან  მძიმედ, შევქეთზე  თუ იტყვის ცუდიაო, მე კი იმაზე ლამაზად გამომიყვანს, ვიდრე ვარ. ოღონდ მოთხრობა ლამაზი გამოვიდესო, რას არ მოიგონებენ. ჩვენც დავიჯეროთ..”

ნაწარმოები კი მართლაც არაჩვეულებრივად ლამაზი  გამოვიდა…და ჩვენც გვჯერა.. 🙂

 


უცებ შემონაწერი პოსტი და ჟოზე სარამაგუს ,,მოგონებანი მონასტერზე”

მიკვირს ახლა პოსტის წერას რომ ვიწყებ… არც კი ვიცი თუ გამოვაქვეყნებ. რაც ბლოგი მაქვს, რამდენი წიგნი წავიკითხე, დიდი შთაბეჭდილების ქვეშაც ვყოფილვარ და ძალიან მომწონებია, მაგრამ  ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი იმ წიგნზე თუ დავწერდი რამეს, რომელიც არ მომწონდა… რაღაც არეულად ვარ, დღეს როდეს პოსტი  წავიკითხე, 123–ე გვერდზე… არასდროს მქონია იგივე შეგრძნება, კითხვის დროს ჩვეულებრივ ისე ვიძირები წიგნში, გვერდებს სულ არ ვაკვირდები , მაგრამ ამ შემთხვევაში სულ სხვაგვარად მოხდა…

ბიბლიოთეკაში ახალი წიგნების კატალოგში ვიქექებოდი. უკვე მერამდენედ მივედი და ფამუქის ,, მე წითელი მქვია” გატანილი დამხვდა. უკვე მერამდენედ მის ნაცვლად სხვა წიგნს ვარჩევდი. ამჯერად ყურადღება პორტუგალიელი მწერლის ჟოზე სარამაგუს წიგნზე ,,მოგონებანი მონასტერზე” შევაჩერე. უცებ  რეცენზიას გადავავლე თვალი და ურიგო არ მეჩვენა.

მას მერე ზუსტად 11 დღე გასულა! საოცარია , წიგნი თუ მომეწონა, ერთ დღეში შემიძლია დავასრულო, ეს წიგნი კი სამასიოდე გვერდს თუ ითვლის და წასაკითხად 11 დღე დამჭირდა!

მწერალი მოგვითხრობს XVIII საუკუნის პორტუგალიაზე, ნაწარმოების სიუჟეტი  ეხება ერთი  მონასტრის ამბავს, რომლის მშენებლობაც გიგანტომანიით შეპყრობილი მეფის აღთქმაა.    ჩვენს თვალწინ ცოცხლდება იმდოინდელი საზოგადოება, სასახლის კარი, ფრანცისკანელთა ორდენის ბერები, თავიანთი ადამიანური სისუსტეებით და დაცემულობებით,  ჯარისკაცები, გლეხები…  იმდროინდელი, ,,გაშეშებული ყოფა”, როცა მთელი პორტუგალიის პანორამა ინკვიზიციის კოცონებს მოუცავთ… მეფის სიტყვა უზენაესია და რაც არ უნდა შეუძლებელი იყოს მისი სისრულეში მოყვანა , უნდა შესრულდეს, თუნდაც  მრავალათსიან ბრბოს ამისთვის დიდი ჭაპანწყვეტა მოუწიოს… როცა ინფანტასაც კი, პატარა პრინცესასაც არ შეუძლია გულუბრყვილო და უწყინარი, ბავშვური სურვილის დაკმაყოფილება, მეფის სიტყვის ძალის გამო!

და ყველაფერ ამის ფონზე ამბავს გასდევს არაჩვეულებრივი, საოცრად ღრმა და სულისშემძვრელი… ცალხელა ბალთაზარ– შვიდ მზისა და უცნაურთვალებიანი ბლიმუნდას სიყვარული…..

თავიდან დიდი ინტერესით დავიწყე კითხვა, მაგრამ ცოტა არ იყოს იმედი გამიცრუვდა, მომეჩვენა ძალიან მშრალი წიგნი იყო, მწერალი ძალიან უხეშად წერდა , არ მიჭირდა შეწყვეტა, დროგამოშვებით, ნაწილ–ნაწილ ვკითხულობდი, მაგრამ მაინც არ შემიწყვეტია… რამდენიმე მოსაბეზრებელი ფურცელიც კი გამოვტოვე, მაგრამ ვიფიქრებდი, ახლა უნდა შევწყვიტო, მეთქი და სიუჟეტი ისე საინტერესოდ განვითარდებოდა, გადავიფიქრებდი, ალბათ ეს ჟოზე სარამაგუს საგანგებო მახეებია მკითხველის ჩასათრევად. მომბეზრდებოდა მონასტრის გაუთავებელი სამშენებლო სამუშაოების აღწერის კითხვა და სიუჟეტში ახალი სახე იჭრებოდა, ახალი  და საინტერესო ამბებით. ასე ჩავათავე თითქმის მთელი წიგნი და ბოლოს 242–ე გვერდზე ვიგრძენი, ის რამაც ეს პოსტი დამაწერინა… აქ 242–ე გვერდზე მივხვდი, რა იყო ნაწარმოებში მთავარი, რისი თქმა სურდა ავტორს და ისიც ვიგრძენი, რომ მომეწონა, ყველაფრის მიუხედავად…    აქ ხომ ჩანს შვიდი მთვარე, უცნაურთვალებიანი ბლიმუნდა, მთელი სისავსით, მთელი სისუსტით და მისი უსაზღვრო სიყვარულით… აქ, ამ გვერდზე, ის პირველად გრძნობს ცხოვრებაში სამყაროს, სივრცის სიცარიელეს…

გვ. 246.      1730 წლის 22 ოქტომბერი, მეფის იუბილე და მისი დიადი მონუმენტის გახსნის დღე, რომელსაც ყველა ასე ელოდა… საყოევლთაო ზეიმი და…

ბლიმუნდა… რომლის სულში უკუნი ღამე იყო…

,, ცხრა წელი ეძებდა ბლიმუნდა ბალთაზარს…  ყველა გზა მოიარა…. ქვიანი, ტალახიანი, ქვიშიანი, მტვრიანი, ორჯერ ქარბუქში მოჰყვა, მზე წვავდა, მაგრამ არ მომკვდარა, რადგან არ ეწადა სიკვდილი, ვეღარ იცნობდი, სახე დაეღარა, საფრთხობელასავით დაეხეტებოდა მინდვრებში და ყველას შიშის ზარს სცემდა. ყველა შემხვედრს ეკითხებოდა ცალხელა კაცი ხომ არ გინახავთო, ისეთი სახე აქვს, არასდროს დაგავიწყდებაო, აი , მე ვერ ვივიწყებო…შეიძლება ციდან ჩიტივით ჩამოფრინდა, მანქანაზე ზის, მანქანას აფრები, ქარვის ბურთები და მეტალის ორი მრგვალი ჭურჭელი აქვსო. იმ ჭურჭელში სამყაროს უდიდესი საიდუმლოება იმალებაო….”

ცხრა წელი ეძება.. ათასი მილი გაიარა.. ლისაბონში მეშვიდეჯერ ჩავიდა და ბოლოს იპოვა კიდეც….

არ მინდოდა წიგნის შინაარს შევხებოდი, მაგრამ ამ ნაწარმოებში სწორედ შინაარსია ხმამაღალი და მრავლისმთქმელი. და კიდევ, ჩემი აზრით ჟოზე სარამაგუმ შეძლო ეთქვა სათქმელი, ძალიან კარგად დახატა დიადი მოვლენა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა თითქოს და მის ფონზე აღწერა მარადიული ფასეულობები, ჭეშმარიტი გრძნობები, უბრალო ადამიანური ურთიერთობები, სათნოებები და მანკიერებები…. ალბათ სწორედ ეს უკანასკნელნი ქმნიან ეპოქის ქვაკუთხედს…

რაც შეეხება, ჟოზე სარამაგუს …

ყველაზე ,,ჩემიან” მწერალს…

                                                                    

 დაწყება ყოველთვის მიჭირდა,ახლაც ასე ვარ..ამბობენ ,თუ გინდა რამე ნორმალიურის თქმა სისულელეები თქვი ბლომადო,მაგრამ…. 😦  მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ გამოდგება..ო,  როგორ რთული ყოფილა მიწერო მწერალს,რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს, რომელსაც გენიოსად თვლი…საუკეთესოდ აღიარებ…მაინც ვცდი….

            * * *

        არც კი ვიცი როგორ დავიწყო..ძალიან ვკადნიერდები  ალბათ,რომ ვაპირებ მოგწეროთ…მაგრამ სურვილი იმოდენაა, არ შემიძლია ეს არ გავაკეთო….

      ყველაფერი არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო….ერთ მშვენიერ   დღეს მოულოდნელად თქვენ შემოიჭერით  ჩემ ცხოვრებაში.. მაშინ  ერთმა ადამიანმა მითხრა თუ მოგწონსო…მე კიდევ შემრცხვა , რადგან არ გიცნობდით… მითხრა, ძალიან მოგეწონებაო და თქვენი წიგნიც მაჩუქა ,,ნარცისი და გოლდმუნდი’’ , რატომღაც პირველად დიდი ინტერესიც არ გამჩენია, ეტყობა წიგნის მცირე მოცულობა მომხვდა თვალში, (სასაცილოა მაგრამ , მე ხომ დიდტანიანი წიგნები მიყვარს…)

     თავდაპირველი შთაბეჭდილება უმალვე შეიცვალა, როგორც კი პირველი ფურცელი ჩავათავე… მაშინვე მომხიბლა თქვენმა მომაჯადოებელმა სამყარომ, წერის სტილმა, თითოეული წინადადება ისე მსუბუქი იყო და ამავდროულად ისე მრავლისმთქმელი, ისე ბრძნული…. ხარბად ვისრუტავდი თითოეულ სიტყვას  და მართლაც უდიდეს სიამოვნებას განვიცდიდი..  რა ოსტატურად აღწერდთ პერსონაჟთა სულიერ სამყაროს, მეც  მეგონა მათ სულს ვხედავდი… კარგად რომ ჩავწვდი, მივხვდი უბრალო პერსონაჟების დახატვა როდი გინდოდათ, თქვენ ხომ ერთი მთელი წარმოაჩინეთ დაპირისპირებულებით! შეუძლებელია თქვენს გმირებთან მკითხველმა საკუთარი მეს შტრიხები არ დაინახოს… თითქოს საკუთარი სინდისის ხმა გესმოდეს და ხედავდე  როგორ  ებრძვის ბოროტი კეთილს…

       ერთგან წერთ: ,,ჩემთვის ახალი ნაწარმოები მაშინ იწყებს სიცოცხლეს,როცა გამოჩნდება მითიური სახე,რომელსაც შეუძლია გარკვეული დროის განმავლობაში იქცეს ჩემი განცდის,ჩემი ფიქრების,პრობლემების სიმბოლოდ და მატარებლად…ამ მითიური სახის გამოჩენა არის ის შემოქმედებითი წამი,საიდანაც იწყება ყოველივე..”

       არ ვიცი თქვენთვის ვინ იყო ეს მითიური სახე, ჩემთვის კი ეს სახე თქვენ ხართ, თქვენი ნაწარმოებები იქცა ჩემი ფიქრების, განცდების სიმბოლოდ და მატარებლად…

      მართლაც ძნელია ამოიცნო მწერალი ნაწარმოების ფრაგმენტებიდან, მაგრამ ასე მგონია, თქვენ ყველა ნაწარმოებს ამოვიცნობ, თქვენთვის ხომ ასე დამახასიათებელია შთამბეჭდავი,დასამახსოვრებელი სახეები,მოვლენების სიღრმისეული ახსნა,ადამიანის შინაგანი სამყაროს ღრმად წვდომა..დაპირისპირებულთა განსხვავებულობის გადმოცემა, პიროვნების გახლეჩა და  ერთიანობის მიღწევის მცდელობა..სწრაფვა ჰარმონიისკენ…

     იცით ,  თქვენი ნაწარმოებების კითხვას რომ ვიწყებ  არ შემიძლია გავჩერდე… სულმოუთქმელად ვკითხულობ, მერე კიდევ თავიდან და უკვე ნელა, მინდა თითოეულ წინადადებას ღრმად ჩავწვდე და ყოველი სიტყვით დავტკბე… ასე მგონია საოცარად მგრძნობიარე და ფაქიზი სული გქონდათ, თქვენ ხომ    ისე გაინტერესებდათ  ადამიანის შინაგანი სამყარო ,პიროვნებად ქცევა, ხელოვნება,მუსიკა, ფილოსოფია, როგორც დედამიწის მაჯისცემაზე მიყურადება…. თქვენი ფიქრი იმასაც წვდებოდა ”რას ეუბნება ტყის ერთი ბუტბუტა მეორეს…”,”ხეები ფესვებით როგორ სვამენ წყალს’’…

        თქვენს ნაწარმოებებში ბუნებაც ცოცხლდება, ყოველივეს ალეგორიული სახე აქვს და ყოველი წაკითხვისას შეიძლება ახალ–ახალი აღმოჩენები გააკეთო…თქვენთან ბუმბერაზი გენიოსებიც კი იცვლიან სახეებს…თქვენთან სხვანაირად დავინახე  მოცარტი, ჰეგელი, გოეთე, ნოვალისი….

     ბევრჯერ დავფიქრებულვარ და ვერაფრით გავიხსენე თქვენი ბოლომდე უარყოფითი პერსონაჟი! მართალია, ვერ დავიკვეხნი ,რომ თქვენს შემოქმედებას სრულად ვიცნობ, მაგრამ რაც წამიკითხავს, არავინ მაგონდება…  ისე დაგვიხატეთ  პერსონაჟები, მათ მიმართ თანაგრძნობა გვიჩნდება, გვიყვარდება მათი ნაკლოვანებების მიუხდედავად..  ეს ალბათ იმიტომ , რომ რომ თითოეული მათგანი თქვენში ცხოვრობდა , თითოეული მათგანი გულიდან ცოცხლდებოდა და ყველა გიყვარდათ….

     არ ვიცი კიდევ რა გითხრათ..თუმცა სათქმელი კიდევ ძალიან ბევრი მაქვს…

     მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი სიამოვნებებისთვის, რასაც თქვენი ნაწარმნოებების კითხვა მანიჭებს…

     თქვენი შემოქმედება ისე  ახლოს მოვიდა  ჩემთან …მაპატიეთ ასე რომ ვკადნიერდები , მაგრამ სულ ისე მოგიხსენიებთ,  როგორც ყველაზე ,,ჩემიან ‘’ მწერალს…

                                                                   უსაზღვრო სიყვარულით და პატივისცემით

                                                                                                                               რუსა

              p.s       დიდი მადლობა თამარას,  მოლის, ანის, ქევანას, ვასასისmariefilleს,  nightingalusს, ლობჟანიძეს, ზარმაც გოგოს   და სხვებს მშვენიერი ტეგ-თამაშისთვის….ყველა წერილი ძალიან კარგი იყო… მეც თავისუფლად დავტოვებ ტეგს, ვისაც უნდა მიწეროს საყვარელ მწერალს. 🙂

ქართველი გოგონა _ ბაირონის ალალი ზრუნვის საგანი

  ლორდთა პალატა მიატოვა და მოგზაურის ბედი იტვირთა…პირველი იყო, ვინც სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გაილაშქრა…
 აბიდოსიდან სესტორში მოსახვედრად დარდანელის სრუტე გადაცურა და მისდაუნებურად მარათონული ცურვის ფუძემდებელი გახდა…
  ბობოქარი და დაუდეგარი იყო, ამასთანავე რომანტიკული…უფაქიზესი სულის მქონე, რომელსაც ყველას გასაჭირი გულთან მიქონდა და ცდილობდა დახმარებოდა…
  ჯორჯ გორდონ ნოელ ბაირონი…
  მართლაც სხვანაირი, საოცრად მგრძნობიარე სულის მქონე იყო…სწორედ ის პოეტია,რომლის ყოველ ლექსს თავისი ისტორია აქვს, თითოეული სტრიქონი მთელი გულით, დიდი გრძნობით და მოზღვავებული შთაბეჭდილებით იქმნდებოდა. იმდენად ბუმბერაზია მისი პიროვნება, თითქმის ყველა ლექსის დაწერის ისტორიაა ცნობილი, მაგრამ თითქმის 2 საუკუნის მანძილზე მკვლევართა ძიება უშედეგო იყო, ვერვის ეპოვნა პროტოტიპი ლექსების ციკლისა, რომელიც ეძღვნებოდა ვინმე თირზას… ორი ასწლეულის შემდეგ, 1995 წელს ამ საიდუმლოს ფარდა ქართველმა ბაირონოლოგმა, პროფესორმა ინესა მერაბიშვილმა ახადა და თქვა, თირზა ქართველი  ყოფილა! ქალბატონმა ინესამ ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმის ბიბლიოთეკაში მიაკვლია  უცნობი  ავტორის მიერ 1825 წელს გამოცემულ ბირონის ბიოგრაფიას, რომლის მე-3 ტომში, მთელ 11 გევრდზე აღწერილია დიდი პოეტის ცხოვრების ერთი ტრაგიკული ფრაგმენტი…
    ტრაგიკული ამბავი 1809-1810 წლებში დაიწყო, როცა ბაირონი მცირე აზიაში მოგზაურობდა. ალექსანდრიაში ის  შესწრებია საქართველოდან და ჩერქეზეთიდან ტყვე ქალების საჯარო გაყიდვას, ახალგაზრდა რაინდის ყურადღება მიუპყრია განწირულ გოდებას. ერთი გოგონა აგონიაში ყოფილა და ხმამაღლა მოთქვამდა..ის სულ პატარა იყო, 13 წლის.. პოეტი შეუძრავს მის გულსაკლავ მოთქმას, ლინგვა ფრანკაზე დალაპარაკებია და გაუგია ქართველი  ყოფილა, თბილისელი მემამულის ერთადერთი ქალიშვილი, ცხვრებს გასდევნებია თამაშისას და ქურთებს მოუტაცნიათ…რამდენჯერმე გაუყიდიათ..ბაირონს მაშინვე  800 პიასტრი გადაუხდია  ვაჭრებისთვის და გაუთავისუფლებია. 22 წლის ლორდი  მასში მხოლოდ ბავშვს ხედავდა და გულწრფელად უნდოდა გაეხარებინა, სათუთად ზრუნავდა მასზე და ყველა ღონე იხმარა  საქართველოში დაებრუნებინა, ირლანდიელ ვაჭარ ფლეტჩერს დიდი ფული გადაუხადა რომ თირზა საქაღთველოში ჩაეყვანა,მაგრამ  ის მოღალატე და გაიძვერა აღმოჩნდა, პატარა გოგონა თავის ხასად აქცია და ძვირფასეულობაც მიუთვისებია. ბაირონმა მოახერხა და გოგონა კვლავ გაათავისუფლა, მაგრამ მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად შერყეულიყო,საოცარი ყოფილა თირზასა და ბაირონის შეხვედრა.  ბიოგრაფი ამის აღწერისას დასძენს, ამბის წარმოდგენა უფრო ადვილია, ვიდრე აღწერაო-დაუძლურებული და და სასოწარკვეთილი მხსნელის გამოჩენას შეუძრავს,სიხარულისგან ყელზე შემოხვევია და დაუკოცნია, თითქოს გაგიჟდაო… ბაირონი დაპირდა სამშობლოში დააბუნებდა, კონსტანტინოპოლში შვედი ელჩისთვის მიუბარებია,რომელიც განსაკუთრებით ზრუნავდა მასზე, მერე აპირებდა ქარავანისთვის გამოეყოლებინა,მაგრამ აღარ დასცალდა..ბაირონის არყოფნისას მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულა, კუნძულ კრეტაზე წაუყვანიათ, ეგებ ჰავა მოუხდესო, მაგრამ ეს საბედისწერო აღმოჩენილა, ქალაქ კანდიაში გარდაცვლილა და იქვე ბერძენთა სასაფლაოზე დაუმარხავთ… პოეტს  მტკივნეულად განუცდია ქლიშვილის სიკვდილი და გულით დაუტირია,ბაირონის დაკვეთით საფლავზე ქვის ძეგლი დაუდგამთ   და მისი სახელი და თავს დატრიალებული ამბავიც ამოუტვიფრავთ…
   მეტად ფაქიზი სულის მქონე და მგრძნობიარე პოეტზე თირზას ტრაგედიას ძლიერ უმოქმედია, სულ განიცდიდა მის სიკვდილს და იმას, რომ ვერ შეძლო გადაერჩინა…  რაღაცნაირი, არამიწიერი, სუფთა და უმწიკვლო დამოკიდებულება ქონია გოგონასთან, მისი ხსოვნა არასოდეს გამქრალა პოეტის გულში. ეს ჩანს  საოცარი სტრიქონებიდან, რომელიც მას მიუძღვნა.
        პორტრეტის ქვეშ დაწერილი სტრიქონები
 ალალი იყო ზრუნვა ჩემი და უფაქიზესი,
რაც მიმატოვე დამაობლა თვით სიყვარულმა,
შენი ხატება კვლავ იქნება სევდის მიზეზი,
რომ უშენობა დაიტიროს ცრემლმა ფარულმა…
თუმც ნათქვამია, დროა განკურნავს ყველა იარას,
გული ეს ჩემი ძველებურად აღარ ხალისობს,
და თუ იმედი სულ დაიმსხვრა და დაინაცრა
მე ხსოვნა შენი გადამირჩა სამარადისოდ…”
                                         თირზას…

ვიცი,შენს საფლავს ხსოვნის ნიშნად ქვაც კი არ ადევს,
მინდა სიმართლეს გავუსწორო მზერა თვალებში,
ვაითუ ყველამ დაგივიწყა, არვის ადარდებ,
ასე უდროოდ, ასე მალე რატომ წახვედი..

ცხრა მთის გადაღმა, ცხრა ზღვის გადაღმა მეგულებოდი,
და სიყვარული ჩვენი თურმე იყო ამაო,
შენსკენ მოჰქროდა ერთი ფიქრი _ კვლავ შევხვდებოდით,
თუმც დამსხვრეული იმედები დამრჩა სანაცვლოდ..

როცა სიკვდილი გიმზადებდა მსუბუქ აღსასრულს,
როცა წარსულმა გაიელვა უხმო წამებით,
გულს ვინ ეწადა?თუ ნატრობდი შენგან შორს წასულს?
ვისაც უყვარდი და კვლავ უყვარხარ კვლავ გამალებით..

სხვისთვის თუ იყავ უფრო მეტი ზრუნვის საგანი?
გულს ვის უკლავდი , როცა თვალში შუქი ჩაგიქრა?
ვიდრე სიკვდილის და სიცოცხლის ჰპოვე სამანი..
ხომ ჩუმი სევდით მიზიდავდი წუხილს,საფიქრალს…

სადაც მე დიდხანს არ დამიდგამს ფეხი თავადაც
აქ დაგიტირე, ამ კოშკებში, ამ დარბაზებში,
რისთვის მომიხმეს, თუ მელოდა ტანჯვა მარადჟამს,
ბებერ ქონგურებს ვეფერები ამ განსაცდელში.

სხვა ცისქვეშ მახსოვს მე ცრემლები, ჩვენი გულწრფელი,
ჩვენს თვალთამზერას ვერ ხედავდა უცხო ახდილად
გულში მწვდებოდა შენი ფიქრი გამოუთქმელი,
მთრთოლარე ხელი მეხებოდა მხოლოდ ფაქიზად,

შენი ამბორი წმიდა იყო და უწყინარი,
დიდრონ თვალებში გამოკრთოდა მზერა უმწიკვლო,
ვნება იქ უმალ გაწრებოდა ვით უჩინარი,
და სიყვარულის ყველა განცდა იყო უბიწო…

მე, გულჩათხრობილს შენი ხმა თუ მახალისებდა,
შენით ვისწავლე სიცოცხლესთან ლაღი ტრფიალი,
ჰანგი უტკბესი მიქარწყლებდა დარდსა და სევდას,
ღვთიურ სიმღერით ჩაესმაოდა ცათა შრიალი,

სად ხარ ახლა, სად გეძებო სულზე უტკბესო?
თან წარიტანე სანუკვარი ის სახსოვარიც..
შენი თან დამაქვს ,ისღა დამრჩა ხსოვნად უბედოს,
როგორც არასდროს ვარ ბედკრული და უბედური…

თუ სათნოება შენი გულის სევდას მისახავს
და სული შენი ცათა მიღმა გაცისკროვნდება,
ლოცვა-ვედრებით მომაწიე ნეტარ მომავალს,
თან წამიყვანე! ამისრულე ერთი ოცნება,

ბედის ბორბალი დატრიალდა რადგან უკუღმა,
თავად მოწყალე პატიებას შენგან მოვითხოვ,
და თუ ამქვეყნად ჩვენს სიყვარულს ბედმა უმუხთლა,
მჯერა შევხვდებით, როს საუფლო ცათა მომიხმობს…

        ცნობილია ლორდ ლავრეისის, ბაირონის შვილიშვილის ნაამბობი,რომელიც გადმოცემით ცოდნია. ბაირონს არაერთხელ უჩვენებია მეუღლისთვის ქალის თმა და უთქვამს,ის ეკუთვნოდა თირზას, რომელიც ძალიან ადრე დაიღუპა,იმ დროს ,როცა აღმოსავლეთში მოგზაურობდა და მის ნამდვილ სახელს არ გაუმხელდა… ბაირონს ჩვევად ქონდა ქალის თმის შენახვა,რაც მოდაში იყო იმ დროს. სამტომეულში მოთხრობილი ამბის თანახმად, სანამ ფლეჩტერს გაატანდა,მეტი უსაფრთხოებისთვის ბიჭის ტანსაცმელში გამოუწყვიათ,ალბათ  მშვენიერ ასულს  თმაც შეკრიჭეს და ის თავად ბაირონმა შეინახა.
        ბაირონი არაოსდეს ასახელებდა თირზას ვინაობას,მაგრამ ცნობილია მას აგონებდა  სათნო, ქერა, ცისფერთვალა მისის კაროლინა ლემი, რომელიც ტკბილად მღეროდა. შემონახულია მისი პორტრეტი და თავისუფლად შესაძლებელია ქართველი გოგონა ასეთი ყოფილიყო…
 ბიოგრაფიაში შემონახულია ბაირონის წერილები მეგობარ დალასის მიმართ,რომელშიც ღრმა მწუხარებით საუბრობს ძვირფასი ადამიანის დაკარგვაზე…ინესა მერაბიშვილის აღმოჩენის შემდეგ თვლიან,  ბაირონი ამ წერილებში შეიძლება თირზას სიკვდილით გამოწვეულ მწუხარებაზე საუბრობდეს…
  ,,მე დავკარგე ის,ვინც ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო უფრო ბედნიერ დროას, მაგრამ ვაი,რომ დამავიწყდა თითქმის, სევდის გამო,რამეთუ მხოლოდ საშინელებებითღა ვსაზრდოობ და უკვე გულქვა გავხდი.   ასე მგონია,თავად განგებამ ინება ,რომ ახალგაზრდობაშივე გამოვცადო სიბერის ყველა უბედურება.ჩემი მეგობრები ერთიმეორის მიყოლებით იხოცებიან,დავრჩები ვითარცა განმარტოებული ხე,  სანამ ბოლომდე არ გავხმები”               1811წ/11/x
იმავე დღეს                                                                                                   ,,საჭიროდ მიმაჩნია გაცნობოთ,რომ ეს..გულისხმობს იმ ამბავს,რომელიც ჩემი ჩამოსვლის შემდეგ მოხდა და ეს არ არის მამაკაცის სიკვდილი..”
დალასი ბაირონს :     ,,გმადლობთ, რომ გამანდეთ თქვენი გულისნადები..ნეტავ ის გადარჩენილიყო და მარად თქვენი ყოფილიყო…წარმომიდგენია რაოდენ დიდი იყო თქვენი პასუხისმეგებლობა მის მიმართ…”
      გენიალურმა პოეტმა იმგვარი სიმძლავრის შინაგანი გამოსხივებით იცხოვრა, რომ მისი სიცოცხლე,აღსავსე მრავალი პოეტური შედევრითა და საგმირო საქმეებით ,დღესაც გრძელდება… მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იქმნება ბაირონის საზოგადოებები ,     წამყვანი მეცნიერები ცდილობენ გამოიკვლიონ მისი ცხოვრების უცნობი დეტალები…ლორდ ბაირონის ცხოვრების დეტალები ისეთივე შთამბეჭდავია ,როგორც მისი შემოქმედება…  ამ პატარა ამბავს, თავად ცალკე აღებულს, შესწევს ძალა უკვდავყოს ლორდ ბაირონის ჰუმანურობა, სიფაქიზე და დიდსულოვნება…
(ლესების თარგმანი ეკუთვნის ინესა მერაბიშვილს)
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ:
რუსუდან დარჩიაშვილი,,მე ხსოვნა შენი გადამირჩა სამარადისოდ”., ,,24 საათი”,2008წ, #132;
ინგა მილორავა-,,ბაირონის თირზა ქართველი ყოფილა”(საუბარი ინესა მერაბიშვილთან),ჟურნალი ,,ომეგა”.,2002წ,#1(27);
ინტერვიუ ინესა მერაბიშვილთან

***შავი ავაზა***

მოწმედქცეული თეთრ ალამს ვუქნევ
კარს მომდგარ ღამეს-
ჩემს წინაშე დღე გაიცრიცა,გაილია და ფერწასული
ფანჯრებს დააკვდა ჩემი სახლისას,
ჩამოიბნედა ზეცამ პირსახე-
და მე,
მომსწრე დღე და ღამის შეუღლებისა,
ქარის წრიალში ვუცდი ღამის დაფეხმძიმებას!
აჰა,უკვე შუაღამეა…მიბნედილი,
დაქანცული ლანდი ავაზის
დიდ არენისკენ გაემართება…
წელაზნექილი,ამრეზილი საკუთარ ბედით,
თან დამცინავი ირონიით ყბებდაღრეჯილი
კანით პრიალა და მეტყველი ურჩი თვალებით,
მორჩილებით გადაღლილი შავი ავაზა
კამარას შეჰკრავს…
თვალისმომჭრელად აელვარდა ირგვლივ ყოველი…
და გადართული მისი გონება
შოლტის ტლაშუნში მოხაზავს რკალებს;
ოო,სასაცილო ბედი შენი შავო ავაზავ!!!
შესაგნებელის შეგნებულად შეუგნებელო,
ამპარტავანო ,მაგრამ მაინც მუცლითმხოხველო!
ტაშის გრიალი,შეძახილი ირგვლივ ათასი,
და უამრავთა ბოდვიანი ამოხავლება;
შენ შუბლშეკრული ბოლთას უვლი ცოდვილთა შორის
და მათ ღრიალში ისმის შენი ბრდღვინვა-ვაებაც,
შოლტის ტლაშუნი,ისევ კამარა…
ჩამოიბნედა ზეცამ პირსახე-
და მე,მომსწრე დღე და ღამის შეუღლებისა,
ქარის წრიალში ვუცდი ღამის დაფეღხძიმებას.
აჰაა უკვე შუაღამეა………..
M.M.M./მაია მარუაშვილი/