მე ემოცია მქვია…

           მე უბრალოდ ემოციას მეძახიან… შეუმჩნევლად, ანაზდად ვეუფლები ადამიანებს, დიახ, ისე , უბრალოდ , უკითხავად, მოულოდნელად… ხან როგორი ვარ, ხან როგორი.. ზოგჯერ გულიან სიცილს ვიწვევ, ზოგჯერ ადამიანთა გულებს მზის სხივებით ვავსებ, ვათბობ. ხანდახან სასტიკი ვარ და შურისძიების წყურვილს ვბადებ… მრცხვენია, მაგრამ უნდა ვაღიარო, ზოგჯერ საშინლად მტკივნეული ვარ და მათ გულებს სევდით და ტკივილით ვავსებ… მერე თვალებს ტკივილი და ცრემლები ფარავს…  უკვე ვაღიარე, მრცხვენია ხანდახან –მეთქი, მაგრამ რა ვქნა..ასეთი ვარ… ასე უკითხავად შობილი, რომელსაც საკუთარი თავის გაკონტროლება არ ძალუძს, სხვას კი ადვილად ვეპატრონები. ადვილად? ახლა დავფიქრდი და ვაღიარებ ხანდახან ძალიან მიჭირს კიდეც. ყველა ადამიანი  ერთნაირი როდია! ზოგი ისეთი ცივია..გულქვა.. მათ გულებში შეღწევა არ ძალმიძს… ზოგნი  კი პირიქით, ჩემთან ისე მეგობრობენ, განუყრელად მათთან ვარ…
ადრეც გითხარით , მე მოულოდნელად, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სიტუაციებში ვარ ადამიანებთან. სულ სხვადასხვა სახეს ვიღებ.. ახლაც ასე ვარ..
ახლაც ემოცია ვარ, კი ემოცია.. წიგნის წაკითხვით გამოწვეული ემოცია! შთაბეჭდილება, რომელიც ორჰან ფამუქის წიგნმა ,, მე წითელი მქვია ” გამოიწვია….

                              მე ერთი უბრალო მკითხველი მქვია…

წიგნის ბოლო ფურცლებზე უცნაური განცდა დამეუფლა.. ესაა, ემოცია , რომელსაც სახელი ვერ მოვუფიქრე, არ მომასვენა და მაიძულებს აქ გაგიმხილოთ🙂 ვიცი , სხვაგვარად არ მომასვენებს…
,,აქტუალურ მწერლებზე” ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული ვარ.. რამდენიმე წიგნის წაკითხვის შემდეგ ის ვერ მივიღე, რასაც ველოდი. ,, მე წითელი მქვია”–ს კითხვა უბრალოდ იმის გამო დავიწყე, რომ აქტუალური იყო, ბევრი მასზე ლაპარაკობდა და დამაინტერესა. მაგრამ, პირველივე ფურცლებიდან მივხვდი ეს რაღაც სხვა იყო. პირველივე თავიდან, რომელშიც ავტორი მკვდარს ალაპარაკებს.. საოცრად უშუალო და გულახდილი მონოლოგი  სულაც არაა მომაბეზრებელი, პირიქით ის ახერხებს ამბის გადმოცემასაც, ღრმად ჩაფიქრებას სიკვდილზე და დაუფარავ მხილებას.. უფრო გაფრთხილებას:

  •      ,, ჯერ კიდევ შეგირდი რომ ვიყავი, მეც მაშინებდა ამქვეყნის მიღმა არსებული სამყარო. ვცდილობდი, არ მეფიქრა მასზე, დავცინოდი კიდეც. მაგრამ ჩემი ბოლო მაინც ბინძური ჭის ფსკერი აღმოჩნდა. იქნებ თქვენც ეს გელით!”

     შემდეგ ფურცლებზე  იშლებოდნენ სხვადასხვა სურათები… შუა საუკუნეების აღმოსავლეთი, ნაყაშხანა, პერსონაჟები… უსულო არსებებიც კი! ხე.. წითელი ფერი…  თითქოს ერთი დიდ სურათს  სხვადასხვა მხატვარი ხატავდა. თან გასაოცრად, ისეთი ოსტატობით და სიღრმით, რომ ეს ნახატი  ცოცხლდებოდა, თითქოს კინოკადრებს ვყურებდი და მსახიობებიც საოცრად თამაშობდნენ, ისე, რომ მათი სულის დანახვა შეეძლო მაყურებელს.
მახსოვს მოზარდთა ლიტერატურულ კონკურსზე ,,ალუბლობაზე”,  მანანა ბეგიაშვილმა გვითხრა, მწერალმა არასოდეს უნდა მოატყუოს მკითხველიო. ავტორი გულახდილი უნდა იყოსო. რატომღაც გამიჩნდა განცდა , რომ ავტორი არ მატყუებდა. პირიქით, როგორც ახლობელს ამბავს მიყვებოდა, უბრალოდ, უშუალოდ, გულუბრყვილოდ…  აქ ხომ ყველა პირველ პირში ყვება, თან ისე გულახდილად, რომ გაკვირვებას იწვევს!…
მართალია შექურეს პირით ავტორი თითქოს ირონიით უყურებს თავის რომანს, როცა ათქმევინებს:

  •  ,,არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენ გესაუბრებით. მრავალი წლის მანძილზე, მამის წიგნების თვალიერებისას, მუდამ ლამაზმანთა გამოსახულებებს ვეძებდი. ისინი ყოველთვის დარცხვენილნი ჩანდნენ, მათი შეწუხებული მზერა ყოველთვის უჭვრეტდა რაღაცას ან ვიღაცას, თითქო პატიებას ითხოვენ თავიანთი სილამაზის გამოო. ისინი არასდროს უყურებენ სამყაროს ამაყად თავაწეულები _ როგორც კაცები, მეომრები ან ფადიშაჰები. მაგრამ სახელდახელოდ შექმნილ იაფფასიან წიგნებში ზოგიერთი ქალი მიწას კი არ დაჰყურებს, რაიმე საგანს, არამედ პირდაპირ მკითხველისთვის მიუპყრია მზერა. და მე ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე: ვინაა ის მკითხველი, ვისაც ის უყურებს?”

 – აქაც თითქოს ჩვენ მკითხველები ვამჩნევთ მზერა ჩვენს მიმართაა მომართული, მაგრამ ეს სულაც არ ამცირებს ნაწარმოების ღირებულებას, პირიქით ორიგინალობას სძენს…

            ამდენი ვილაპარაკე და ნაწარმოების ძირითად იდეაზე არაფერი მითქვამს, რაც ნამდვილად არაა ნაკლებმნიშვნელოვანი. მასზე რამდენი რამ დაიწერა, ყველა სხვადასხვანაირად ,, ილაშქრებს”  ამ მოვლენის წინააღმდეგ. აქ, ამ ნაწარმოებში ეს პრობლემა მთელ წიგნს გასდევს,  დასასრულს კი,  სამიოდე წინადადება იტევს დასკვნას:

  • ,, აღმოსავლეთიც ალაჰისაა და დასავლეთიც”,
  • ,,მაგრამ აღმოსავლეთი აღმოსავლეთშია და დასავლეთი–დასავლეთში”,
  • ,, მხატვარი არ უნდა გაყოყოჩდეს, არ უნდა ფიქრობდეს აღმოსავლეთსა და დასავლეთზე. მარტო ისე უნდა ხატავდეს, როგორც გულიდან მოდის..”


ავტორი ახერხებს მთელი სისრულით გადმოგვცეს სატკივარი, რომელიც აღმოსავლეთს აშორებდა დასავლეთისგან. კითხვისას ყურბან საიდის ,,ალი და ნინო” გამახსენდა.. ტყის და უდაბნოს ადამიანები და ფრაზა:

  • ,, უდაბნოს შვილები ერთი გრძნობით არიან აღსავსენი, ერთი ჭეშმარიტება გააჩნიათ, ტყის შვილებს კი უამრავი სახე აქვთ … უდაბნოში ფანატიკოსები იბადებიან, ტყეში კი შემოქმედნი… ალბათ ესაა განსხვავება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის”

        ნაწარმოებში  მკვეთრად ჩანს ჩადრიდან მომზირალი სევდიანი  თვალების საიდუმლო, მათი ბედი და უბედობა… შექურე ხომ თურქი ქალის სახეა..
,, რომანში 1591 წლის თოვლიან სტამბულში ცხრა დღეში განვითარებული სიუჟეტის ფონზე აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციები ეჯახება ერთმანეთს.” წიგნს ერთგვარი დეტექტივის ელემენტებიც აქვს, უხეშად რომ ვთქვათ, ხდება 2 მკვლელობის გამოძიება. სიუჟეტი ძალიან საინტერესოა და ,,ჩამთრევი” , მაგრამ, რამაც ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე,  თვით მონოლოგებია… პერსონაჟთა სახეები… მათი განცდები…ტკივილები, სიხარულები… ავტორი ისე გვიხატავს პერსონაჟთა ფსიქოლოგიურ პორტრეტებს საოცარი განცდა გვიჩნდება.. მათ ვგრძნობთ თითქოს… საოცარია თავები ,,მკვლელიაო, იტყვიან ჩემზე”… და მკვლელის აღსასრული… ერთ–ერთი ყველაზე შემზარავი სცენა რაც ოდესმე წამიკითხავს  :( ეს ხომ უსასტიკესი სასჯელი იყო…
და ბოლოს…მოულოდნელი ,,გამხელა”…

  • ,,  ჩემი ორჰანი– ყოველთვის მოუსვენარი იყო და უხასიათო–არასოდეს ერიდება, უსამართლოდ მოექცეს იმათ, ვინც გულზე არ ეხატება. ამიტომ, ნუ დაუჯერებთ, თუ ყარას უფრო თავგზააბნეულად წარმოგიდგენთ ვიდრე სინამდვილეშია, ჩვენს ცხოვრებას– ძალიან  მძიმედ, შევქეთზე  თუ იტყვის ცუდიაო, მე კი იმაზე ლამაზად გამომიყვანს, ვიდრე ვარ. ოღონდ მოთხრობა ლამაზი გამოვიდესო, რას არ მოიგონებენ. ჩვენც დავიჯეროთ..”

ნაწარმოები კი მართლაც არაჩვეულებრივად ლამაზი  გამოვიდა…და ჩვენც გვჯერა..🙂

 


24 thoughts on “მე ემოცია მქვია…

  1. მესამედ ვიტყვი, რომ ასეთი კარგი ამ წიგნის შესახებ არაფერი წამიკითხავს🙂

    • უღრმესი მადლობა თამარა! მეც კიდევ ერთხელ ვიტყვი, უბრალოდ გულახდილად გადმოვეცი ის ემოცია, რაც ამ წიგნმა გამოიწვია ჩემში🙂

  2. ჰმ, წინ როგორი სიამოვნება მელის!🙂
    აჰაა, ე.ი. შენ მანანას მოწაფე იყავი? მეც, ოღონდ ძველი, აი იქიდან, სასახლეში რომ ატარებდა წრეს.

    • მართლაც ძალიან დიდი!
      არა, მოწაფე არ ვყოფილვარ როდე, სამწუხაროდ..😦
      ერთხელ ვმონაწილეობდი ,,ალუბლობაში” და მასტერკლასი ჩაგვიტარა ქალბატონმა მანანამ ..დაუვიწყარი იყო ის რამდენიმე საათი..

    • კი მითუმეტეს დაგაინტერესებს..🙂 ნამდვილად არ ინანებ, ძალიან კარგი წიგნია!

    • მეც ძალიან მომეწონა მისი ლექცია, დღემდე მახსოვს მისი დარიგებები🙂

  3. ყოველი ეს განცდა და გრძნობა,რუსა.. ჯერ კიდევ წინ მაქვს და როგორი ბედნიერი ვარ.❤

  4. უკვე მრცხვენია. ძალიან მრცხვენია რომ ეს წიგნი აქამდე ვერ წავიკითხე,
    რუსა საოცრად კარგი პოსტია!
    ყოჩაღ!

    • სასირცხვილო არაფერია ჭიამარია, მაგრამ მართლა არ ინანებ თუ წაიკითხავ🙂
      დიდი მადლობა!

  5. წითელმა გამაცნო ფამუქი და მისი თურქეთი… და ისევ შემახვედრა ნაცნობ ემოციას : )

    • ფამუქის ,, ფარული სახე ”წავიკითხე პირველად, მართალია სცენარია, მაგრამ ძალიან საინტერესოდ იკითხება,ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე..აი ,, მე წითელი მქვია” კი სულ სხვაა.. ფანტასტიკური წიგნია!

  6. ძაან მაგარი პოსტია და საერთოდ ძაან მაგრად სწერ! მაგარი ადამიანი ხარ

  7. არ წამიკითხავს და ზუსტად ვიცი, რომ აღარ გადავდებ და შენი პოსტის შემდეგ წავიკითხავ:))))

  8. 🙂 ნამდვილად არ ინანებ.. წინ პირველად წაკითხვის დიდი სიამოვნება გელოდება🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s