სიბერის შესახებ


სიბერე ჩვენი სიცოცხლის ერთ-ერთი საფეხურია და მას, ისევე როგორც ყველა სხვა საფეხურს, თავისი საკუთარი სახე, საკუთარი ატმოსფერო და ტემპერატურა, საკუთარი სიხარულები და სიმძიმილები ახასიათებს. ჩვენ, თეთრთმიან მოხუცებს, ჩვენს უმცროს თანამოძმეთა მსგავსად საკუთარი ამოცანა, დავალება გვაქვს, ჩვენს ყოფნას დედამიწაზე აზრს რომ ანიჭებს. თავისი ამოცანა აქვთ და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანისა და აუცილებლის აღსრულება მართებთ სასიკვდილო სენით დაავადებულთაც და მომაკვდავთაც, რომელთაც, თავიანთ საწოლებში გამომწყვდეულთ, ძნელადღა სწვდებათ რაიმე ძახილი სააქაოდან. მოხუცად ყოფნა ისეთივე მშვენიერი და წმინდა ამოცანაა, როგორც ყმაწვილად ყოფნა, სიკვდილის სწავლა და სიკვდილი ისეთივე ძვირფასი ფუნქციაა, როგორც ყველაფერი დანარჩენი – თუკი ის ყველანაირი სიცოცხლის აზრისა და ღვთაებრიობის წინაშე მოწიწებით აღსრულდება. სიბერე, რომელსაც მოხუცად ყოფნა, თეთრი თმები და სიკვდილის სიახლოვე მხოლოდ სძულს, ვერ ჩაითვლება თავისი ასაკის ღირსეულ წარმომადგენლად ისევე, როგორც ვერ ჩაითვლება მავანი ძალ-ღონით სავსე ახალგაზრდა, თავისი მოწოდება და ყოველდღიური სამუშაო რომ შეუძულებია და მათგან თავის დაღწევას ლამობს.
მოკლედ რომ ვთქვათ: რათა მოხუცმა თავისი მნიშვნელობა, მასში ჩადებული აზრი აღასრულოს და თავისი ამოცანა გაამართლოს, იგი უნდა დაეთანხმოს სიბერეს და ყველაფერს, რაც სიბერეს მოაქვს, მან ჰოობა უნდა განაცხადოს ამ ყველაფერზე. თუ ამ ჰო-ს ვერ ვიტყვით, თუ მთელი არსებით არ მივეცემით იმას, რასაც ბუნება მოითხოვს ჩვენგან, ჩვენი დღეების აზრი და ღირებულება გაგვიქარწყლდება და სიცოცხლეს მოვატყუებთ მხოლოდ.
ყველამ იცის, რომ სიბერეს ტკივილები და სიმძიმილები მოაქვს და მის ბოლოს სიკვდილი დგას. წლიდან წლამდე მსხვერპლი უნდა გაიღო და ისწავლო უარის თქმა ათას რამეზე. უნდა ისწავლო შენი აზრებისა და ძალების მიმართ უნდობლობა. გზა, ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ მოკლე სასეირნო მანძილი რომ იყო, სულ უფრო გრძელდება და ძნელდება, და ერთ დღესაც საერთოდ ვეღარ გავივლით მას. უარი უნდა ვთქვათ იმ კერძებზეც, მთელი ცხოვრება ასე სიამოვნებით რომ შევექცეოდით. სხეულებრივი სიხარულები და სიამეები სულ უფრო კლებულობს და სულ უფრო ძვირი გვიჯდება. და შემდეგ, გაუთავებელი შეუძლოდ ყოფნა, მთელი ეს დაავადებანი და სისუსტეები, აზრების დაძაბუნება, ორგანოთა მოდუნება და ათასგვარი ტკივილი, ესოდენ გრძელ და შემაშინებელ ღამეებში რომ გვიმარტოხელებს, – ვერ უარყოფ, ეს მწარე, მწარე სინამდვილეა. მაგრამ რა საცოდაობა, რა სამწუხარო იქნებოდა მხოლოდ რღვევის ამ პროცესს რომ მივცემოდით და ვერ დაგვენახა, რომ სიბერესაც აქვს თავისი სიკეთეები, უპირატესობანი, სიხარულები და ნუგეშის წყაროები. ორი მოხუცი ერთმანეთს რომ შეხვდება, არ არის აუცილებელი, მხოლოდ იმ წყეულ ნეკრესის ქარზე, გახევებულ კიდურებსა და იმ ქოშინზე ილაპარაკონ, კიბეზე ასვლისას რომ დასჩემდათ; არ არის საჭირო მხოლოდ ტკივილები და ჩივილები გაუცვალონ ერთიმეორეს. ისინი თავიანთ ნათელ და სანუგეშო განცდებსა და გამოცდილებებსაც უნდა უზიარებდნენ ერთმანეთს. ასეთები კი მრავლადაა.


როდესაც მე მოხუცთა ცხოვრების ამ პოზიტიურ და მშვენიერ მხარეს ვიხსენებ და იმას, რომ ჩვენ, თეთრთმიანები ძალის, მოთმინების, სიხარულის წყაროებსაც ვიცნობთ, წყაროებს, რომლებიც ახალგაზრდების ცხოვრებაში არავითარ როლს არ ასრულებენ, მაშინ მე აღარ მმართებს ეკლესიურ და რელიგიურ ნუგეშებზე ვილაპარაკო. ეს მღვდლების საქმეა. მაგრამ მე შემიძლია მადლიერების გრძნობით დავასახელო რამდენიმე იმ წყალობათაგან, რომლითაც სიბერე გვასაჩუქრებს. ამათგან უძვირფასეს წყალობად ვთვლი იმ სურათ-ხატების საგანძურს, რომლებსაც ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ ვატარებთ მეხსიერებაში და ჩვენი აქტიურობის კლებასთან ერთად ისეთი სრულიად სხვა მგრძნობელობით ვეკიდებით, როგორც ადრე არასოდეს გვჩვეოდა. იმ ადამიანთა სახეები, იმ ადამიანთა სახებანი, რომლებიც აგერ უკვე სამოცი თუ სამოცდაათი წელია დედამიწაზე აღარ იმყოფებიან, კვლავ აგრძელებენ ჩვენში ცხოვრებას, ჩვენ გვეკუთვნიან, მარტოდ აღარ გვტოვებენ, ცოცხალი თვალებით შემოგვცქერიან. სახლებს, ბაღებს, ქალაქებს, ამ დროის მანძილზე რომ საერთოდ გაქრნენ ან სრულიად იცვალეს სახე, ჩვენ ვხედავთ ხელუხლებელთ და უვნებელთ, როგორიც ისინი ოდესღაც იყვნენ.
შორეული მთებისა და ზღვის სანაპიროებსაც, ათეული წლების წინათ მოგზაურობათა დროს რომ ვიხილეთ, სრულიად ნორჩად და ფერადად შემონახულთ ვპოულობთ ჩვენი მეხსიერების სურათთა წიგნში. ჭვრეტა, თვალიერება, მოგონება, სულ უფრო მეტად გვექცევა ჩვეულებად და ვარჯიშად, და მჭვრეტელის განწყობა და ქცევა შეუმჩნევლად განმსჭვალავს მთელს ჩვენს მიმართებებს. ჩვენ, ადამიანთა უმრავლესობას, წლებისა და ათწლეულების განმავლობაში გვდევნიან სურვილები, ნდომანი, ოცნებები, ვნებანი, _ შემტევად, მოუთმენლად, დაძაბულად, მომლოდინედ, _ და აი, ახლა, როდესაც ფრთხილად ვფურცლავთ ჩვენი ხანდაზმული ცხოვრების სურათთა წიგნს, გვაკვირვებს იმის აღმოჩენა, თუ რა კარგი და მშვენიერი შეიძლება იყოს იმ დევნისა და ციებ-ცხელებისაგან თავის დაღწევა და ვიტა ცონტემპლატივა-ში (მჭვრეტელი ცხოვრება – მთარ.) დავანება. აქ, მოხუცთა ამ ბაღში ზოგი ისეთი ყვავილი ყვავის, რომელთა მოვლაზეც ადრე ნაკლებ ვფიქრობდით. აქ ხარობს მაგალითად, მოთმინების ყვავილი, ეს ესოდენ კეთილშობილი მცენარე. ჩვენ უფრო აუღელვებელნი ვხდებით, უფრო შემწყნარებელნი, და რაც უფრო კლებულობს ქმედებისა და ჩარევის ჩვენეული მოთხოვნილება, მით უფრო იზრდება ჩვენი უნარი ბუნების სიცოცხლესა და თანაადამიანთა ცხოვრებას უკრიტიკოდ ვუცქიროთ და ვუსმინოთ, სულ უფრო მეტად განცვიფრდეთ მისი მრავალფეროვნებით და საშუალება მივცეთ ასე ჩაგვიაროს გვერდზე, ზოგჯერ თანაგრძნობას რომ გამოიწვევს ჩვენში, ზოგჯერ სიცილს, ნათელ სიხარულს თუ იუმორს.
ამას წინათ ჩემს ბაღში ვიდექი, ცეცხლი მენთო, რომელსაც გამხმარი ტოტებით და ფოთლებით ვაპურებდი, და აი, ერთმა მოხუცმა, ოთხმოც წელს მიტანებულმა ქალმა ჩაიარა კუნელის ბუჩქებთან, გაჩერდა და შემომხედა. მივესალმე, მან გაიცინა და მითხრა: “სწორედ იქცევით, ცეცხლი რომ გინთიათ. ჩვენ ასაკში კაცი თანდათან უნდა დაუმეგობრდეს ჯოჯოხეთს”. ამან განსაზღვრა ჩვენი შემდგომი საუბრის ტონალობა, რომლის დროსაც ერთმანეთს ყველანაირი სატკივარი და დანაკლისი შევჩივლეთ, მაგრამ ყველაფერი ხუმრობის ტონში. და ამ მასლაათის დასასრულს, ერთმანეთს გამოვუტყდით, რომ კაცმა რომ თქვას, მიუხედავად ყველაფრისა, არც ისე დახავსებული ბებრები ვიყავით და არც კი შეიძლებოდა ნამდვილ მხცოვნებად ჩავთვლილიყავით, ვიდრე ჩვენს სოფელში ჩვენი უხუცესი, ასი წლის ქალბატონი კიდევ ცოცხლობდა.
და თუკი სრულიად ნორჩი გოგო-ბიჭები თავიანთი ძალ-ღონის უპირატესობით და წინდაუხედაობით ზურგიდან სიცილს შემოგვაყრიან და ჩვენს დამძიმებულ სიარულს, თეთრ თმასა და ძარღვებამოყრილ ყელს კომიკურად აღიქვამენ, გავიხსენოთ, რომ ჩვენც ასევე ვიღიმებოდით ხოლმე, როცა ასეთივე ჯანითა და წინდაუხედაობით ვიყავით აღვსილნი, და ნუ მოგვეჩვენება საკუთარი თავი დამარცხებულად და სამარცხვინოდ, არამედ გაგვიხარდეს, რომ გამოვცდით იმ ასაკს და ცოტა უფრო გონიერნი და ამტანნი გავხდით…

 

ჰერმან ჰესსე

6 thoughts on “სიბერის შესახებ

  1. გენიალურია. შენი ბლოგი ძალიან მომეწონა, საინტერესოა. ერთი უხერხულობა აქვს ოღონდ, მუსიკა რომ ირთვება ავტომატურად.. თავიდან რამდჯერმე მოსმენა შეიძლება, მაგრამ მერე მართლა რთულად გასაძლებია სულ იგივე.. წარმატებები ისე, კარგი გოგონა ხარ🙂

  2. დიდი მადლობა… გაიხარეთ.. უკვე მგონი მესამე ადამიანი ხართ ვინც ასე მითხრა, შევცვლი🙂 მადლობა გულწრფელობისთვის

  3. I simply want to tell you that I am just new to weblog and definitely liked you’re page. Almost certainly I’m going to bookmark your site . You amazingly have good article content. Thanks for sharing with us your web site.

  4. Woman of Alien…

    Perfect work you have finished, this website is actually cool with excellent facts. Time is God’s means of preserving every little thing from occurring at the same time….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s