სულის ცაზე…


……………….

სადღაც, თბილელეთის იასამნეთში იასამნის გასაოცარი სუნი დაფრქვეულა… შორს კი არა, სულში, აქვე… მწვანე ფიჭვების სუფთა ჰაერი იგრძნობა ამაღელვებელი გრძნობით… შორი-ახლო მსუბუქი მელოდია ჟრუანტელს ჩუქნის არემარეს.. ხანდახან წვიმს ხოლმე.. წვიმს მთელი გრძნობით და ძალით… წვიმს და წვეთებს მიაქვთ ჭუჭყიანი ჭუჭყი… თოვლიც იცის… თოვლი… რა საოცარია.. ამ თეთრ არსებას შეუძლია წუთებში გაათეთროს და გაწმინდოს ეს დედამიწა… ცოტა, სულ ცოტა ხნით მაინც… მზე სულ აქაა… დღეც და ღამეც… ნუ გაგიკვირდა ღამეც რომ ვთქვი.., მზიანი ღამეა ყველაზე თბილი და მზიანი, რაც კი მზიანი ყოფილა… რამდენი ქუჩაა, რამხელა გზაა… ფერები, ფერები და ისევ ფერები… ფერად შესახვევებში პაწია გვირილები ველოსიპედებით დაიარებიან და საოცრად წრფელ ღიმილს ასწავლიან გარშემომყოფთ…ერთი შეხედვით… ქუჩებში რადიოები იუწყებიან: “მთავარია სულში გქონდეთ ცა ა ა ა ა…” ამ სიტყვის გამგონე ყველა სულდგმული იქ, უკიდეგანო, ცისფერ სივრცეში იყურება.. თვითონაც არ იციან რატომ, მაგრამ ვიღაცის ნაცნობ, საოცრად ცისიერ და თბილ მზერას გრძნობენ…ისე, უბრალოდ… გრძნობენ და მთავარი ხომ ესაა…

უსათაურო…

გულიდან ამოსული ლამაზი მელოდია, მის ბგერებში მოცეკვავე ბრწყინავი ვარსკვლავები, იასამნის დაფრქვეული სურნელი ცხრა მთას იქით… ბევრი, ბევრი იასამანი… ოცნების ზღვაში გაშვებული ქაღალდის გემი, მოიისფრო ცაზე გამოსული დიდი, ფორთოხლისფერი

მზე, სიცოცხლით სავსე ყვავილების დედოფალი, განთიადისას დილის ნამით გაგრილებული მინდვრის ფერად-ფერადი ყვავილები, ზგვაში ჩამავალი მზე, ისევ დიდი, ისევ ფორთოხლისფერი… შხაპუნა წვიმის მხიარული სიმღერა ერთ მშვენიერ გრძობაზე, მის სიმღერას აყოლილი მოშრიალე ხეები, მზის ერთი სხივით გამთბარი პატარა გული.. თბილი, ძალიან თბილი მოლივლივე ფიქრების ტბა, გულიდან დუმილის საოცრად ხმაურიანი ამოძახილი, ციდან გამოგზავნილი თეთრი, ფითქინა ფიფქი… …ასე ფერადდება ხოლმე ერთი გოგონას უბრალო რვეული. თბება მზით, იკვებება რწმენით, საზრდოობს ერთი ოცნებით, იზრდება ადამიანების სიყვარულით. ის ფურცლების ამოხევას არ დაუშვებს. ეს ხომ მისი რვეულია, მხოლოდ მისი… გგონია ეს რვეული მუდამ ფერადია? არა,ასე არ არის. შავ-თეთრი ფურცლებიც ცდილობენ შეღწევას მის რვეულში, ზამთარიც დაუკაკუნებს ხოლმე სულის დარაბებს. მას უხარია, როცა გოგონას სცივა… მაგრამ საიდანღაც, უცებ ისევ მზე გამოდის და ყველაფერს ცვლის. წვიმის დროს არ სცივა, პირიქით, ძალიან უყვარს. ხანდახან მასთანაც მოდის წვიმა, მაგრამ მალევე გადაიღებს ხოლმე. ახლა გულისფეთქვა ახმოვანებს დუმილს. მეც ისევ ვამჯობინებ დუმილთან დამეგობრებას…

 

ჩემს სულში შემოჭრილი სითბო…


რამდენ რამეს გრძნობს ეს პატარა გული, იცი? თითქოს ყოველი ფეთქვა რაღაცას ნიშნავს.თითქოს ყოველი ამოსუნთქვა კიდევ ერთი ახალი დღის გათენების საწინდარია. სულში საოცრად თბილა. გულიდან ამოსული ემოციების რაოდენობა მაქსიმალურზე მეტია. სიტყვები ზედმეტია, ამიტომ დუმილთან დამეგობრებას ვცდილობ… ჩემთან ხარ, ვიცი ჩემთან ხარ. გულმა გიპოვა, აღმოგაჩინა ახლიდან. სულმა ჩაიხუტა შენგან გამოგზავნილი საოცარი სითბო. ასეთ ბედნიერებას გგონია რამეზე გავცვლი? არაფერს ვიტყვი, უბრალოდ გავიღიმებ…ვიცი მხედავ, მხედავ და შენც მიღიმი. სულ მარიგებ, ჩემს გონებაში შემოდიხარ, აზრებს და გადაწყვეტილებებს მიწერ. მე კი ვასრულებ მათ. მერე ისევ ვიღიმი…ვიცი მხედავ და შენც მიღიმი. სულ ვცდილობ არაფერი გავაკეთო ისეთი, რომ გული გატკინო. მერე ხომ საკუთარი თავი შემზიზღდება, შენ რომ იმედი გაგიცრუო. ასეთი სიხარულის მონიჭებისთვის მადლობას ვერ გადაგიხდი. მადლობა იმასთან ზღვაში წვეთია, რასაც მე ვგრძნობ. უბრალოდ ისევ დუმილთან დამეგობრებას ვამჯობინებ. გთხოვ, ძალიან გთხოვ, დარჩი ჩემთან და არასოდეს ჩამიქრო სულში ანთებული შენი წმინდა სანთელი…

ავტორი : ლიზი ბაზერაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s