,,თემშარა” /მარტინ ჰაიდეგერი/

თემშარა ბაღის ჭიშკრიდან ენრიდისაკენ მიემართება.ციხე–კოშკის ბაღის გალავნიდან მას ბებერი ცაცხვების მზერა მიაცილებს,იქნება ეს აღდგომა ,როს თემშარა ნათლად მოსჩანს აბიბინებულ ნათესსა  და ამწვანებულ მდელოს შორის,თუ შობა ,როცა იგი თოვლის ნამქერში გახვეული იკარგება  უახლოესი ბორცვების იქით…ველზე რომ ჯვარცმა აღმართულა,იქ ტყისკენ უხვევს.ზედ ტყის პირზე კი მაღალ მუხას მიესალმება,რომლის ქვეშ ტლანქად გაჩორკნილი მერხი დგას.

ჟამიდან ჟამს მასზე იდო ხოლმე დიდ მოაზროვნეთა ესა თუ ის წიგნი,რომლის ამოცნობასაც ლამობდა ყმაწვილის უწვრთნელი სული.და თუ იდუმალება იდუმალებას ეხლართვოდა,გამოსავალი კი არსაით ჩანდა,შემწედ თემშარა ევლინებოდა,რაკი მისი მარჯვე ბილიკი უჩუმარ მეგზურობას სწევდა დუხჭირი მიწის სივრცეებში გასაწევად.

მსგავს წიგნებსა თუ ჩვენს საკუთარ მცდელობებში ჟამიდან ჟამს აზროვნება კვლავ იმ ბილიკს მიუყვება,რომელსაც თემშარა მდელოზე ავლებს.ბილიკი ესე მოაზროვნის ნაბიჯისათვის ისევე ახლობელია,როგორც იმ გლეხისთვის ალიონზე სათიბში რომ გადის.

რაც წლები გადის მით უფრო ხშირად წარგვიტაცებს მუხა ადრინდელი თამაშისა და პირველი არჩევანის მოგონების გზაზე.და როცა ჟამი მოაწევდა ნაჯახის დაკვრით ტყეში მუხა ძირს დაენარცხებოდა,გამოივლიდა მამაჩემი კორომსა და მზით განათებულ ველობს  და მყისვე შინ,თავის სახელოსნოში მოჰქონდა მისი კუთვნილი საჟენი ხისა.აქ იგი მშვიდად იღვწოდა  ვითარცა ხურო    კოშკის საათისა და ზარის მოვლა–პატრონობისაგან თავისუფალ დროს.ორივენი მოუთხრობდნენ მას ,თუ ვითარ არიან ისინი დროსა და დროითობასთან შაეაკუთრებულნი.

მუხის ქერქიდან კი ბიჭუნები გემებს თლიდნენ ხოლმე,რომელნიცმენიჩბეთა მერხითა და საჭით აღჭურვილნი გუბურასა და სკოლის აუზში დაცურავდნენ.და თამაშის შორეული ნაოსნობანი ადვილადვე აღწევდნენ მიზანს და ადვილადვე იგნებდნენ გზას ნაპირზე დასაბრუნებლად.ამ ნაოსნობათა საოცნებო მიზანი იმ ციალში გახვეულიყო,რაიც ყველა ნივთს ეფინა და რასაც მაშინ ლამისაა ვერ ვამჩნევდით.საუფლოს მისას თვალი და ხელი ჰფარავდადედის,ისე იყო,თითქოსდა ყველა არსებას მისი ენითუთქმელი ზრუნვა იცავდა.მაგრამ ვაგლახ,რომ ამ შესაქცევმა ნაოსნობებმა ჯერ კიდევ არაფერი უწყოდნენ იმ ყარიბობათა გამო,როს ყველა ნაპირი უკან რჩება .და მაინც მუხის ქერქის სიმაგრე და სიმტკიცე უფრო გასაგონად ამეტყველდებოდა ხოლე იმ სიდინჯესა და სიმტკიცეზე,რითაც ხე იზრდება,თავად მიხა უბნობდა ,რომ მხოლოდ ამნაირი ზრდით ფუძნდება იგი,გრძნობს და მსხმოიარობს.რომ ზრდა ჰქვია;განხვნა საქანელნი ცისანი და ამავე დროს მიწის უკუნში ფესვი გაიდგა.რომ ყოველი დავარგებული  მხოლოდ მაშინ ღვივის ,როცა ადამიანი ორივე თანაბრად არის:მზადმყოფი უზენაესი ზეცის მოწოდებისთვის და მარჩენალი მიწის კალთას შეფარებული.

კვლავაც და კვლავაც ამას ეტყვის მუხა თემშარას,რომელიც მას უსათუოდ შეუვლის ხოლმე თვისის ბილიკით.თემშარა იკრებს მას,რაც გზაში არსებითია და უნაწილებს თავისას ყოველს,ვინც მასზე დადის.წლის ყოველ დროს მარად ცვალებად სიახლოეზე  თემშარას მიაცილებენ იგივე სახნავები  და ამწვანებული ფერდობები.და იქნება ეს ჟამი, როს ტყეთა ზეგარდმო ალპები მწუხრში იძირება,თუ იქ ,სადაც თემშარა ბორცვთა ტალღებზე მისრიალებს,ტოროლა აიჭრება ზაფხულში ალიონზე,თუ იმ მიდამოებიდან სადაც დედის მშობლიური სოფელია,ზენა ქარი მოეძალება,თუ ტყის მჭრელი ღამით კერის გასაჩაღებლად მიათრევს ფიჩხის კონას,თუ ჭრნახულით დაჭვირთული ურმები ზლაზვნით მიუყვებიან თემშარას,თუ მდელოსპირს ბავშვები პირველ ფურისულებს კრეფენ,თუ მთელი დღის განმავლობაში ნისლის მრუმე და ტვირთი ზოზინით ეუფლება სავარგულებს,მარად და ყველგან იგივეა თემშარას ნაუბარი.

მარტივი ინახავს დამრჩომისა და დიადის გამოცანას.იგი უშუალოდ ეხება ადამიანს და მაინც ხანგრძლივ გაღვივებას საჭიროებს.მარად იგივეს უჩინარობაში მალავს მარტივი თავის წყალობას.თემშარა გვჩუქნის იმ ნაზარდთა უსასრულობას რასაც მის მიდამოებში დაუხანია.ღმერთი კი ღმერთობს ოდენ სამყაროს ენით უთქმელში ,ვითარცა ამბობე ეკჰარტი,კალმისა და ცხოვრების ძველი ოსტატი.

ხოლო თემშარას ნაუბარი  მხოლოდ მაშინ ხმიანობს,სანამ არიან ადამიანები მის სურნელში დაბადებულნი და მისი გაგების შემძლენი,ადამიანები თავისივე წარმომავლობის გამგონნი არიან ,მაგრამ არა მონები.ამაოდ დაშვრება კაცი დედამიწა დაგეგმარებით მოაწესრიგოს,თუკი თემშარის ნაუბარს ყურს არ ათხოვებს.და აჰა,თავს დაგვტრიალებს ხიფათი,რადგან დღევანდელნი უყურთასმენოდ შთენილან მისი ნაუბრის წინაშე.მათ ყურს ოდენ ისევდაისევ  აპარატთა ხმაური აღწევს,რასაც ისინი ლამისაა ღვთის ხმადა რაცხენ.ასე იბნევა და უგზოუკვლოდ რჩება ადამიანი.დაბნეულთ კი მარტივი ერთფეროვნად ეჩვენებათ.ერთფეროვნება კი მოყირჭებას ბადებს.გაბეზრებულნი მხოლოდ და მხოლოდ   ერთფეროვნებას აწყდებიან.გაუჩინარებულა მარტივი,დაშრეტილა მისი უშფოთველი ძალი.

დიაღაც სწრაფად კლებულობს იმათი როცხვი,ვინაც ჯერ კიდევ სცნობს მარტივს,ვითარცა მათ მიერ მოპოვებულ საუნჯეს.მაგრამ ეს მცირედნი მარად დარჩებიან.თემშარას სათუთ ძალმოსილებას მორჩილნი ისინი ერთხელაც იქნება შეძლებენ  გაუმკლავდნენ ატომის გოლიათური ძალის ენერგიას,რაიც ადამიანურმა გამოთვლამ გამოჩხრიკა და საკუთარი ქმედების ბორკილად აქცია.თემშარის ნაუბარი აღვიძებს  თავისუფლებისმოყვარულ გრძნობას  და დაღრეჯილობასაც კი ხელსაყრელ ალაგას,უკიდურეს სიხალისეში გადაზრდის ხოლმე.იგი ებრძვის უილაჯობას ოდენ შრომისას,რაიც თავისთვისვე გაწეული,მხოლოდ და მხოლოდ უბადრუკობის ხელშემწყობია.

თემშარის სურნელში , წელიწადის დროთა შესაფერისად რომ იცვლება ხარობს მცოდნე სიხალისე,რომელსც ხშირად მადლიანი გამომეტყველება აქვს,ეს ხალისიანი ცოდნა არის ზმა(კუინციგე)მას არავინ შეიძენს ტკი უკვე არა აქვს.ხოლო ვისაც აქვს თემშარით აქვს .თემშარაზე შეიყრებიან ქარბუქი და რთველი,გაზაფხულის ლორთქო  ამრელვარება  და შემოდგომის უშფოთველი კვდომა;მასზე უჭვრეტენ ერთმანეთს ყრმის თამაში  და მოხუცის სიბრძნე.აქ,ამ განუმეორებელ სიხმატკბილეში ,რომლის ექოსაც თემშარა უჩუმრად მიმოატარებს ,ყველაფერი მხიარულობს.

მცოდნე სიხალისე კარიბჭეა მარადისობისა.მისი კარი შეკიდულია იმ ანჯამებზე,რომელნიც მცოდნე მჭედელმა არსებობის გამოცანიდან გამოსჭედა ოდესღაც.

ენრიდიდან თემშარა უჩუმრად მიემართება ბაღის ჭიშკრისკენ.უკანასკნელი ბორცვის იქით,მისი ერტი ვიწრო ხვეული ,რომელიც ბრტყელ ლარტყაფს გაივლის,თვით ქალაქის გალავნამდე უწევს.მას ტავზე ადგას ვარსკვლავების მკრთალი ნათელი.ციხე–დარბაზს უკან მოჩანს  წმინდა მარტინის ეკლესიის კოშკი.ზანტად,თითქოს ყოყმანობსო ,ღამეში გაისმის საათის თორმეტი დაკვრა.ძველი ზარი,რომლის თოკებსაც მრავალგზის გადაუყვლიფავს ბიჭის ხელები,ცახცახებს საათის ჩაქუჩის  დარტყმისაგან,რომლის სასაცილოდ მოღუშულ შესახედაობას ვერავინ ივიწყებს.

სიჩუმე უფრო ჩუმი ხვდება მის უკანასკნელ დაკვრასთანერთად.იგი მათთანაც კი აღწევს ,ვინც ორივე მსოფლიო ომში დროებას შეეწირა.მარტივი უფრო მარტივი გახდა.მარად იგივე გვოცებს და გვათავისუფლებს.ახლა სრულიად აშკარაა თემსარის ნაუბარი,სული უბნობს?სამყარო?მერთი?

ყველაფერი მეტყველებს დათმობაზე მარად იგივეში.მაგრამ დათმობა არაფერს გვართმევს.იგი გვანიჭებს.იგი გვანიჭებს მარტივის უშრეტ ძალას.თემშარის ნაუბრით  ჩვენთვის შინაური ხდება ჩვენთვის შორეული წარმომავლობა.

თარგმანი გიორგი ბარამიძისა

My search-პოსტი და… მარტინ ჰაიდეგერი

დიდი ხანია ბლოგზე აღარაფერი დამიწერია,დროც არ მქონდა და არც დაუოკებელი სურვილი…გუშინ blog stats–ში   search-ს  ვკითხულობდი და ვნახე ვიღაც ჰაიდეგერის ,,თემშარით” დაინტერესებულა.დაინტერესებული მკითხველი იმედგაცრუებული დარჩებოდა ,რადგან ჩემს ბლოგზე მას ვერ იხილავდა.მინდა მადლობა გადავუხადო იმ მკითხველს,რადგანაც ,მან მიბიძგა ეს პოსტი დამეწერა :–)

ბლოგის შექმნიდან გადავწყვიტე ,არასოდეს გადმომეკოპირებინა სტატიები სხვა საიტებიდან,რადგან დაინტერესებულ ადამიანს ისედაც შეუძლია მისი სხვა საიტზე ნახვა…გულმოდგინედ მოვძებნე ინტერნეტსივრცეში ,,თემშარა”,მაგრამ ვერსად მივაკვლიე მის ტექსტს,ამიტომაც მალე დავდებ სრულ ტექსტს და დაინტერესებულ მკითხველსაც შეეძლება გაეცნოს .მანამდე კი მარტინ ჰაიდეგერზე მოგაწვდით ცოტაოდენ ინფორმაციას :–)

მარტინ ჰაიდეგერი (1889–1976)ერთ–ერთი უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსი და მოაზროვნეა.ის დაიბადა ქალაქ მესკირხში,თეოლოგიას ქალაქ ფრაიბურგში ეუფლებოდა,შემდეგ ფილოსოფიას სახელგანთქმულ ნეოკანტიანელ ჰ.რიკერტთან,მოგვიანებით ,იგი შეუერთდა მე–20 საუკუნის სოკრატეს,ფენომენოლოგიური მეთოდის ფუძემდებელს.მოგვიანებით  კი ე.ჰუსერლის ასისტენტი გახდა.

მისი მსოფმხედველობა ადრეულ ხანებში საზრდოობდა ფენომენოლოგიით,სიცოცხლის ფილოსოფიითა და დიალექტიკური თეოლოგიის მოტივებით.მისი ფილოსოფიის მთავარი საგანი იყო გაერკვია ყოფიერების საზრისი,მისი აზრით ,ადამიანის არსებობის ონტოლოგიური საფუძველია ადამიანის დაუსრულებლობა,დროულობა…ამიტომაც დროს განიხილავდა,როგორც ყოფიერების ყველაზე არსებით ნიშანს.მისი აზრით ,მთავარია გზის ერთიანობა, გზაზე სვლა. ..ფილოსოფოსობა არის ძიება, გზაზე ყოფნა…რისთვისაც აუცილებელია დასავლეთის რაციონალური და აღმოსავლეთის არაცნობითი აზროვნების შეხვედრა.ის თვლიდა,რომ ადმიანის არსებობა ეგზისტენციაა-ყოფიერებასთან ღია, დაუფარავი, ამავე დროს დაფარული მიმართება. ეგზისტენციალები მიუთითებენ ადამიანის არსებობის არანამდვილობასა(გაუცხოება, გადასროლილობა, Man და სხვ.)და ნამდვილობაზე(სინდისის ხმა, გადაწყვეტილობა, არჩევა და სხვ.). ინდივიდმა უნდა შეძლოს პირველიდან მეორემდე ამაღლება. საამისო იმანენტური ძალა მასშივეა: მარტოობისა და სიჩუმისდროს სინდისის უხმო ძახილი სწორედ ამას მოუწოდებს პიროვნებას. Man დაიძლევა მაშინ, როცა ინდივიდი გააცნობიერებს თავისი ყოფის სასრულობის განსაზღვრულობას; ნამდვილი პიროვნების ამოცანა ,,ჩახედოს თავის გარდაუვალ ხვედრს თვალებში” და გახდეს  ,,თავისი სიკვდილის გმირი”,რადგან ადამიანის ყოფ  ,,ნაპერწკალია წყვდიადში”, არარასთან დგომაა, ამიტომ პიროვნებამ  საკუთარი გადაწყვეტით, თავისუფლებით უნდა განახორციელოს თავისი ერთჯერადი ცხოვრების  აზრი.

ახალი მოაზროვნეებისთვის ადგილის განსათავისუფლებლად ჰაიდეგერმა უარყო ტრადიციული ფილოსოფია..იგი გზას ყოვლისმომცველი ყოფიერებისკენ იკაფავდა.მას სურდა ადამინს თავი დაეღწია საკუთარი თავისთვის..გასულიყო საზღვრებს გარეთ და ყოფიერების საკუთარი გაგების მიხედვით საკუთარი არსება შეექმნა.

ჰაიდეგერმა მთელი თავისი სამეცნიერო საქმიანობა ყოფიერებას მიუძღვნა.მისი აზრით ,ეს თემა უდიდესი ბერძენი მოაზროვნეების არისტოტელეს და პლატონის კვლევაძიების მაცოცხლებელი იყო.მაგრამ შემდეგ  ტრადიციულმა ფილოსოფიამ ყოფიერება უზოგადეს,უცარიელეს ცნებად მიიჩნია.

მისი უდიდესი შრომის ნაყოფია,,ყოფიერება და დრო”.ეს საკმაოდ რთული და ვრცელი ფილოსოფიური ნაწარმოები.მოაზროვნეები ორ ნაკადად დაიყო,ერთნი ცდილობდნენ მისი ეგზისტენციალური აზროვნებით საკუთარი მეთოდები დაეხვეწათ,მეორენი კი იქამდეც კი მიდიოდნენ, ბრალი დაედოთ მისთვის და ამისთვის ძალას არ იშურებდნენ.

ჰაიდეგერი მტკიცედ იყო დარწმუნებული,რომ მან აზროვნებისრადიკალურად ახალი განზომილება აღმოაჩინა,ის იმ ძალებისა და გზების ძიებაში იყო,რომლითაც შეძლებდა მისი პრინციპების განხორციელებას.ამ ძიებაში ,საუბედუროდ, თავისი ბედი ფაშისტებს დაუკავშირა.,,დიდი ადამიანები დიდ შეცდომებს ჩადიან”.მას არაერთი გამოუსწორებელი ნაბიჯის გადადგმა მოუხდა.მსოფლიო ომის შემდეგ ფრანგულმა საოკუპაციო მთავრობამ პენსიაზე უარი უთხრა და აუკრძალა უნივერსიტეტში ყოველგვარი საქმიანობაც.

იმედგაცრუებული ,შეცვლილი დაბრუნდა მშობლიურ მესკირხში და დაიწყო მისი შემოქმედების ახალი ეტაპი.აქ დაიწერა,,თემშარა”(ანუ,,თემშარას რჩევა”) რჩევა გულისხმობს გამხნევებას,დამოძღვრას…განდევნილი ფილოსოფოსი გაჰყურებს თავისი ბავშვობის თემშარას და ახლა ხვდება ,რომ სწორედ მან მისცა პირველი და უდიდესი გამოცდილება.

დიდი მოაზროვნე გარდაიცვალა 1976წლის 26 მაისს გერმანიის ქალაქ ბადენში.დაკრძალულია იქვე.

ფილოსოფოსის  ენა ცოტა არ იყოს,რთულია,მისი აზრებისთვის არ არსებობენ არა მარტო სიტყვები,არამედ გრამატიკაც,მაგრამ რამდენადაც რთული გასაგებია,იმდენად საინტერესო,იდუმალი და ამოუწურველია მისი ნააზრევი.მისი ნაწარმოებები დაუოკებელი ძალით გითრევს და გიზიდავს.