ჩიხში გალეული ცხოვრება თუ ხიდი მარადისობაზე

,,საერთოდ, რა იგულისხმება „რეალობაში“? ეს არის რაღაც ძალიან არამყარი, ცვალებადი და წერტილოვანი „ახლა“, რომლის პოვნაც შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას – მტვრიან გზაზე, ქუჩაში, გაზეთის სტრიქონში, მზეზე გაშლილ ნარცისში.” ….

,,ზოგჯერ რეალობა ისეთ ფორმებში ბინადრობს, რომლებიც ჩვენი აღქმისათვის ძალიან შორსაა. მაგრამ ყველაფერი, რასაც კი რეალობის ხელი შეეხება, საკუთარ, მუდმივ ადგილს პოულობს ცისქვეშეთში. ეს ის არაა, რაც დღესთან ერთად იწურება და ქრება, ეს ისაა, რაც რჩება წარსული დროისაგან, ჩვენი სიყვარულისა და სიძულვილისაგან”. ….

,,მწერლის ვალია დაიჭიროს სინამდვილის მომენტები, თავი მოუყაროს და სხვა ადამიანებს გადასცეს”….

ვირჯინია ვულფის (,,საკუთარი ოთახი”) ეს სიტყვები გამახსენდა ამოს ოზის ,,ჩემო მიხაელ” რომ დავამთავრე..  საოცარი რეალიზმითაა სავსე მთელი წიგნი.. მიხაელის და ხანას ცხოვრების თითოეული მომენტი ისე ახლოს მოდის კითხვისას, თითქოს საკუთარი თვალებით ვხედავდი, თვითონ განვიცდიდი მათ გრძნობებს..  მკითხველი უხილავად მყოფობს არა მხოლოდ მათთან, არამედ მათშიც, მათ სულში, ფიქრებსა და ემოციებში აღწევს.. თითქოს მწერალმა ჩვეულებრივი რუტინული, არაფრისმთქმელი ცხოვრების მომენტები აკინძა და სხვა აზრი, სხვა მნიშვნელობა მისცა…

ნაწარმოების შესავალში მწერალი ამბობს, რომ ,,ჩემო მიხაელ” თითქმის იძულებით დაიწერა, ხანას სახებამ ისე შეიპყრო, რომ მისი ენით ამეტყველდა და მის სიზმრებს ხედავდა. ავტორი თურმე ფიქრობდა, ერთ მუჭა მგრძნობიარე მკითხველს თუ შემოიკრებდა რომანი, რომელშიც არც სიუჟეტია, არც გმირები არიან მთლად გმირები.. არაფერი ხდება.. ისეთი არაფერი… მხატვრული ხერხებიც მინიმალურია.. წერის სტილი მარტივი, სადა..ჩვეულებრივი.. მაგრამ ამის საპირისპიროდ წიგნი ბესტსელერი გახდა.. ვირჯინია ვულფის არ იყოს,  ავტორმა მოახერხა  ერთად აკინძული რეალობის მომენტები მკითხველამდე მოეტანა.

ცალკე მინდა გამოვყო წიგნში არცთუ ისე იშვიათად გაბნეული, უმარტივესი, ერთ ან ორსიტყვიანი წინადადებები. უბრლოდ სიტყვები და მათ ბოლოს დასმული წერტილები მრავლისმთქმელი, ღრმა და დამაფიქრებელია.. არცერთ მწერალთან შემხვედრია მსგავსი წინადადებები – ,,ვარსკვლავი.”,,პირველი სიტყვები.” ,,თვლემა.” ,,შერჩილვა.”,,თითი მხარზე.”. ,,უტყვი დინება.”,,ფიჭვი და ქარი.”,,შედნობა.”,,მოძრაობა და ჩრდილი.”,,სასიკვდილო შერწყმა.”

გამაოცა ქალის სახის მამაკაცი მწერლის მიერ ასე ვირტუოზულად შექმნამ.. ხანა საოცრად ნამდვილია.. ეს  წიგნი იმ ქალის დღიურს წარმოადგენს, რომელიც ლექსებს არ წერს, თუმცა, სულით პოეტია, ლიტერატორია.. ხანა გრინბაუმ – გონენი – ქალი, რომელზეც ფიქრები, წარმოსახვები, აზრები ბატონობენ.. საკუთარი სულის ფანჯრიდან უმზერს რეალობას და სხვა აღქმით ხედავს. ის რეალურია, არსებობს, თანაცხოვრობს მეუღლესთან, შვილთან, გარესამყაროსთან.. თუმცა, ის ფანჯარა, რომლის დაორთქლილ მინას აკვრია და იმზირება, მისი შინაგანი და გარემომცველი სამყაროს გამყოფია.  ხანა გონენმა დამაფიქრა  ისეთ ადამიანებზე, რომლებიც სიტყვებს, ფიქრებს ვერ აღწევენ თავს.. რომლებიც შინაგან ხმას ვერ ახშობენ, ეფიქრებათ, ეწერებათ, მათ შიგნით არსებული ფერები გარეთ გამოღწევას, ხორჩშესხმას ცდილობენ, ან მათი სულიდან მელოდია ლამობს გადმოიღვრეს.. თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ წერენ, ვერ ხატავენ.. ვერ ქმნიან…  ცდილობენ სიტყვები, ფერები, შემოქმედება მოკლან, ჩაახშონ შინაგანი ხმა და რეალობას არ მოწყდნენ…ისინი სინამდვილეს სხვა ფერებში ხედავენ.. მიწას, არსებულ რეალობას ეჯაჭვებიან თითქოს, მაგრამ მათი არსება მაინც სხვას მიელტვის.. სხვა განზომილებას ესწრაფვის… მართალია არ ქმნიან, მაგრამ შინაგან არსებაში მიძინებულ შემოქმედებას ატარებენ… ასეთ ადამიანებს ვერ უგებენ.. ან ისინი ვერ უგებენ სხვებს.. ისინი ხომ ყველაფერს სხვა სპექტრში ხვევენ და უჭირთ საკუთარი თავების რეალობის ჩარჩოებში ჩატევა..

ხანას საპირისპიროდ, მწერალი გვიხატავს მიხაელ გონენს..  გეოლოგს, შემდგომ უკვე გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, რომელსაც თავისი ცხოვრება დაუკავშირა ხანამ. მიხაელი კარგი ადამიანია, მშვიდი, მშრომელი, მუყაითი, მომთმენი, ჭკვიანი, პატიოსანი, მოზომილი, თანამგრძნობი, მეოჯახე, ოპტიმისტი, მოკრძალებული, გაწონასწორებული… თუმცა… ის სულ სხვაა.. სხვანაირად აღიქვამს სამყაროს.. მწერალი ერთგან საოცრად კარგად ხნის ამას  – ,,ადამიანთა უმრავლესობა რაღაცისთვის არ ცხოვრობს, ცხოვრობს და მორჩა.” მიხაელიც ასეთია, როგორც ხანა ამბობს, მჩატეა და ლაღი, ზედაპირული.. ხანას უნდოდა მასზე ძლიერ კაცს გაჰყოლოდა ცოლად, თუმცა, მიხაელი არ იყო ძლიერი. ხანას უნდა ერთხელ მაინც ენახა ეს კაცი აღშფოთებული, განრისხებული, გაცოფებული.. ხანას გული წყდება მათ ურთიერთობაზე ,,თითქოს მხოლოდ ფიქრი ვიყო მის გულში. რა იმედი უნდა ჰქონდეს მავანს, იმაზე მეტი იყოს, ვიდრე ფიქრი სხვის გულში. მე ნამდვილი ვარ მიხაელ. ოდენ ფიქრი როდი ვარ შენს გულში”. მიხაელი ხანას გამო ყველაფერს ითმენს,  ყველაფერში ცდილობს დაეხმაროს, გაუგოს, მისი საქმე იტვირთოს, თუმცა, შორსაა მისი შინაგანი სამყაროსგან, ვერ ხედავს მის სულს… არ ესმის მისი … სულ ახლოსაა მასთან, მაგრამ მაინც შორსაა.. მას არ შეუძლია ხანას ოცნებები აუხდინოს.. ხანა წერს და მიმართავს მიხაელს ,,ისე დავიხოცებით შენ და მე, მიხაელ, რომ ერთხელაც არ შევეხებით ერთმანეთს. შეხება. გადახლართვა. შენ ეს არ გესმის. ჩაკარგვა ერთი მეორეში. შედნობა. შერჩილვა. შეზრდა შინაგანი.”

წიგნს ვკითხულობდი და სანამ ბოლომდე ჩავიდოდი, რაღაცნაირად მეშინოდა ხანას იმედი არ გაეცრუებინა ჩემთვის…

ასეთი გაუცხოებული ურთიერთობის, უკმაყოფილო ქორწინების შედეგი ხანდახან სხვაა, ზოგჯერ საბედისწერო შეცდომაც.. მაგრამ ეს ქალი უძლიერესია, მართლაც განსხვავდება სხვა ქალი პერსონაჟებისგან. ,,ის არჩევს იცხოვროს მარადიული ცხოვრებით სხეულს მიღმა, ხორციელ შეზღუდვებს მიღმა, დროისა და ადგილის მიღმა”

წიგნს  თან ერთვის თანამედროვე ისრაელელი მწერლის ცრუია შალევის ძალიან საინტერესო ბოლოთქმა. ის ხანაზე წერს ,,ის უდავოდ ერთერთ უმამაცეს ქალთაგანია ებრაულ ლიტერატურაში, მიუხედავად იმისა, რომ ყოფით ცხოვრებაში ბევრს არ იღწვის, არც დიდ საქმეებს ეწევა და არც ფარულად მოქმედებს, მხოლოდ ფანჯარაში იმზირება, ჭურჭელს ალაგებს სამზარეულოში, როგორც გოგონა თოჯინების სახლში, დროდადრო უანგარიშო საყიდლებს აწყობს ან ჩაის ეტლს დაატარებს თავის მოკრძალებულ ბინაში, მჭკნობარე იერუსალიმურ უბანში. შეუპოვრად ეშურება შეურიგდეს თავისი ცხოვრების სინამდვილეს, თუმცა, აგრეთვე – ამ რეალობის შეცვლის ყოველგვარი მცდელობის აბსოლუტური დათმობით. … ქალი, რომელიც სრული ცნობიერებით ბედავს, ჩიხში გალიოს თავისი ცხოვრება….

ზოგჯერ ხდება, რომ წიგნს უცებ კითხულობ, მაგრამ მერე დიდხანს გაგყვება ფიქრი მასზე, ესეც ის შემთხვევაა. ერთი ამოსუნთქვით შემომეკითხა, მაგრამ წიგნისგან მიღებულ ემოციისგან და შთაბეჭდილებებისგან ალბათ კარგახანს ვერ გავთავისუფლდები. წიგნმა დამაფიქრა ქორწინებაზე. ყველა ადამიანი განსხვავებული, ინდივიდუალურია, თუმცა, თუ ადამიანებს ზოგადი ხედვა, ძირეული ღირებულებები და მთავარი მისწრაფებები საერთო არ აქვთ, ისინი ვერ ერთდებიან.. არ ხდება ,,შინაგანი შეზრდა”, ,,შეხება”.. სულის ძაფებით შეერთება…. ცოლ-ქმარი ცხოვრობს ერთად, ზოგჯერ წლებს გალევენ თანაცხოვრებით, თუმცა, უცხონი რჩებიან ერთურთისთვის…მაგრამ რატომ ირჩევენ ერთმანეთს?! ერთგან მიხაელი ხანას ეკითხება – ,,ხანა, როგორ მოხდა, რომ სწორედ მე გამომარჩიე ყველა შენით დაინტერესებულ მამაკაცთაგან რომლებსაც შეხვედრილხარ?” … ეს არჩევანი ყველაზე მნიშვნელოვანია… საბედისწერო….
,,ჩემო მიხაელ”- ის წაკითხვამდე ცოტა ხნით ადრე რიჩარდ ბახის ,,ხიდი მარადისობაზე” წავიკითხე. თითქოს ამ წიგნში ასახული ბანალური ცხოვრების სრული  ანტიპოდია. იმ წიგნის პერსონაჟები, რიჩარდი და ლესლი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ინდივიდები არიან, სხვადასხვა მისწრაფებებით, ხასიათის შტრიხებით, გემოვნებით, გატაცებებით, პროფესიით, თუმცა მათ აქვთ მთავარი – სულიერი სიახლოვე, რასაც ნამდვილად შეუძლია სამუდამოდ შეაერთოს.. რიჩარდ ბახი ამბობს კიდეც ,,მარტოობის საპირისპირო ერთად ცხოვრება კი არა სულიერი სიახლოვეაო” და ,,ორ ადამიანს მოწყენილობა ეუფლება არ მაშინ, როცა ფიზიკურად არ არიან ერთად, არამედ, მაშინ როცა მენტალურად და სულიერად არიან ერთმანეთისგან შორს”. 
რიჩარდი და ლესლი ახერხებენ ცხოვრების ამოცანის ამოხსნას, გაუგონ ერთურთს…

,,სხვადასხვანაირები ვართ, მაგრამ ერთნაირებიც, შენ ფიქრობდი, რომ არაფერი გექნებოდა სათქმელი ქალისთვის, რომელიც არ დაფრინავს თვითფრინავით. მე ვერ წარმომედგინა თავი იმ მამაკაცის გვერდით, რომელსაც არ უყვარს მუსიკა. იქნებ უფრო მნიშვნელოვანია რა მსგავსება, არამედ ცნობისწადილი? რადგან სხვადასხვანაირები ვართ, ჩვენ ერთმანეთის სამყაროს გაცნობის სიხარული გველოდება, შესაძლებლობა ვაჩუქოთ ერთმანეთს ჩვენი გატაცებები და აღმოჩენები. შენ ისწავლი მუსიკას, მე – ფრენას. და ეს მხოლოდ დასაწყისია. მგონია, რომ ასე უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს” …

 

Advertisements

3 thoughts on “ჩიხში გალეული ცხოვრება თუ ხიდი მარადისობაზე

  1. რუსა,
    ძალიან მიხარია, ,,ჩემო მიხაელ” რომ წაიკითხე, უფრო მეტად ის მიხარია, რომ შენზე ასე იმოქმედა, წერის სურვილი დაგიბრუნა, ბლოგზე დაგაბრუნა:***

    • მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ბევრ რამეზე დამაფიქრა, რაზეც აქამდე არ მეფიქრა 🙂 ისე შენი დამსახურებაა, შენი პოსტი რომ ვნახე, მაშინვე გავქანდი და შევიძინე, მერე სულმოუთქმელად წავიკითხე ❤ მადლობა იმ ემოციისთვის, რაც მომანიჭე ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s