ღრუბლებზე მაღლა …ნაქალაქარი ხიხათა

IMG_20160813_191824ძველი სკანდინავიური გამოთქმის თანახმად, არავინ ბრუნდება მოგზაურობიდან ისეთი, როგორიც იყო ადრეო… მართლაც, მოგზაურობა სულს ამდიდრებს, თვალსაწიერს აფართოებს.. თან რა შეედრება მოგზაურობას იქ, სადაც შენი წინაპრების ნაკვალევია.. მთებში,  ღრუბლებზე მაღლა და მზესთან ახლოს,  მიუდგომელ, ციცაბო ქარაფებზე ჩვენი წინაპრები ღვთის სადიდებლად ტაძრებს აგებდნენ, სამშობლოს, მიწის თითო გოჯის დასაცავად კი ციხესიმაგრეებს აშენებდნენ…წარსული დიდების ამაყი ნაშთები დღესაც დგანან და  უნდათ იმ დიდებაზე გვესაუბრებიან რაც იყო..

როგორ  ვოცნებობდი მენახა ხიხანის ციხე.. აჭარის მთებში, ღრუბლებზე მაღლა მდებარე  აჭარის ერთერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ჩემს ინტერესს  უფრო აცხოველებდა ის, რომ ეს მთა და ციხე-ქალაქი ჩემს  წინაპრებს აბუსერიძეებს ეკუთვნოდა.. იქ, მთაზე აღმართულ  წმ. გიორგის ტაძარში წმ. ტბელ აბუსერიძე ლოცულობდა…PANO_20160813_191207

უკვე მერამდენეჯერ დავრწმუნდი, რომ რაც მთელი გულით გინდა, რაც არ უნდა დაბრკოლებები შეგხვდეს, მაინც გამოგივა.. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მეგობარმა წამოსვლა ვეღარ შეძლო, ორმა გადავწყვიტეთ აღარ გადაგვედო და წავსულიყავით სალაშქროდ. მასპინძლობას და მეგზურობას ჩვენი უსაყვარლესი, მეგობარი გაგვიწევდა, რომელიც სხალთაში ცხოვრობს. სამოგზაუროდ შაბათს დილით გავეშურეთ. გზაში ათასი დაბრკოლება შეგვხვდა, სამარშრუტო ტაქსში, რომელსაც სხალთამდე უნდა მივეყვანეთ, ადგილი არ იყო და ლამის დაბრუნება მოგვიწია, რადგან სოფლის სამარშრუტო იყო  გზადაგზა თითქმის ყველა მგზავრს საქმე გამოუჩნდა, მძღოლი სულ აჩერებდა და მარშრუტს ცვლიდა. გვეგონა ვეღარ ავაღწევდით. ქედაში უკვე წვიმდა, გული დაგვწყდა, ასეთ ამინდში როგორ ავიდოდით ხიხანზე, თან გზაში შევიტყვეთ, რომ მძღოლსაც აღარ ეცალა და ვერ წაგვიყვანდა  სხალთიდან ხიხანისკენ. მაინც გვეიმედებოდა, ჩვენი მარიამი რამეს მოახერხებდა. ჩვენდა სასიხარულოდ ხულოში მზიანი ამინდი დაგვხვდა. სხალთის ცენტრიდან მარიამის სახლამდე  ერთი კილომეტრი ფეხით გავიარეთ. მარიამმა უგემრიელესი აჭარული კერძებით დაგვაპურა და გვახარა –  ბაკომდე  ერთი კეთილი კაცი გაგვიყოლებდა, მერე კი მისი სიძე დაგვხვდებოდა, რომელიც ხიხანის მთის ძირამდე მანქანით მიგვიყვანდა. გოგოები მარტო ხომ არ წახვალთო და მისი მეზობელიც გამოგვყვა. ასე დაიწყო ჩვენი მოგზაურობა ზღაპარში

სხალთის ცენტრიდან გზა სხალთისწყლის ულამაზეს ხეობას მიუყვებოდა … (ეს გზა სოფელ ბაკიბაკომდე 18 კილომეტრამდეა) ამ ხეობაში არაერთხელ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა საოცარი, სხვანაირი მოლოდინით სავსე შევყურებდი მთებზე შეფენილ წიწვოვან ტყეებს, მდინარეს და უჩვეულოდ მიხაროდა… გზად შეგვხვდა რამდენიმე სოფელი – წაბლანა, კვატია, ვერნები, რაქვთა, ხიხაძირი, სკვანა, თხილვანა და როგორც იქნა გამოჩნდა ფირნიში, რომელიც ბაკიბაკოსა და ხიხანის ციხისკენ მიმავალი გზის გასაყარზე იყო. იგი გვამცნობდა, რომ ხიხანის ციხემდე 5 კილომეტრი გვაშორებდა. ძია ჯემალს დროებით დავემშვიდობეთ. მან გვითხრა საღამოს დაბნელებამდე ჩამოვსულიყავით, მოგვაკითხავდა. (ამ კეთილმა კაცმა მხოლოდ საწვავის ფასი

IMG_20160813_160406

გამოგვართვა). აქ გავიცანით მარიამის სიძე, ბაკიბაკოელი ჯემალი. სწორედ მან დაგვახვედრა ყოვლისშემძლე ,,ნივა” რომელიც ხიხანის მთის ძირას, ზუსტად საცალფეხო ბილიკამდე მიგვიყვანდა.

გზა საოცრად ცუდი იყო, ისე ვიწრო, რომ ნივა ძლივს ეტეოდა. გზაზე შეფენილი ხეთა ტოტები ზოგჯერ მინებს ეხეთქებოდა. უსწორმასწორო, ქვა-ღორღიანი, ღრმულებიანი და ამობურცული გზა გველივით მიიკლაკნებოდა, წიწვოვან დაბურულ ტყეს მიუყვებოდა, შიგადაშიგ პატარპატარა მდინარეების გადალახვაც

გვიწევდა, აღმართს დაღმართი ცვლიდა, ჩვენი ნივა კი გაუჩერებლად და დაუბრკოლებლად წინ მიიწევდა. გზას ექსტრემალურობას ცოტა ის უკარგავდა, რომ ხრამებს და ხევებს არ მიუყვებოდა და მანქანის სადმე გადაჩეხვის რისკი არ იყო.

საკმაო მანძილის გავლის შემდეგ წინ საოცარი ხედი გადაგვეშალა,
ყველა მხიდან შემორტყმული მთების შუაში, ციცაბოკალთებიან მთაზე ხიხანის ციხის ნანგრევებს მოვკარით თვალი, ძლივს რომ მოჩანდა… გული თანდათან გამალებით მიცემდა. მალე ხიხანის მთის ძირას მივედით, სადაც მანქანით გზის გაგრძელებდა შეუძლებელი იყო და მთის კალთებს IMG_20160813_163634საცალფეხო ბოლიკით უნდა ავყოლოდით. ამ ადგილიდან  ბაგირით  სამშენებლო და სხვა მასალებს ეზიდებიან ციხის რეკონსტრუქციისთვის… ფირნიშის თანახმად, ციხეს 800 მეტრი გვაშორებდა, თუმცა, ადგილობრივების თქმით, უფრო მეტი იყო ბილიკის სიგრძე.

შევუყევით საცალფეხო ბილიკს, რომელსაც ხიხანის ციხესთან უნდა მივეყვანეთ. გზადაგზა უცხოელი ტურისტები სიხარულით გვხვდებოდნენ და ქართულად თბილად გვესალმებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საკმაოდ ექსტრემალურ ბილიკს მოველოდი, მაგრამ ასეთი არ იყო. ალბათ შეფასება ინდივიდუალურია. სიფრთხილე კია საჭირო, მაგრამ საშიში ნამდვილად არ არის და ვისაც ფეხით სიარული და გზების სირთულე ხიბლავს, ნამდვილად არ გაუჭირდება მისი დაძლევა. გზადაგზა საინტერესო ადგილებზე სურათებს ვიღებდით, პეიზაჟების ცქერით ვტკბებოდით და წინ მივიწევდით. თანდათან ნისლი წვებოდა და თვალწარმტაც ხედებს შლიდა. ჩვენმა მეგზურმა გვამცნო, შეიძლება გაწვიმებულიყო, აქ ეს ჩვეულებრივი ამბავიაო.

IMG_20160813_174532ხიხანის ციხის მისადგომებთან ჯერ ნანგრევი შემოგვეგება, რომელიც  მიწის დიდ მასაში ჩაფლულიყო. მასზე პატარა სარკმელი შევნიშნეთ,  ალბათ, ადრე ეს საგუშაგოს  წარმოადგენდა. პირველი კოშკის ხილვამ მთელი გზა დაგვავიწყა. ამ კოშკის რეაბილიტაცია მოახდინა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ და აღდგენილია პირვანდელი სახით. სამსართულიანი კოშკის სართულები ერთმანეთს ხის კიბეებით უკავშირდება და სულ ზემოდან ხიხანის ციხის მთელი კომპლექსი ჩანს… ნისლს ერთიანად თეთრ, მისტიურ საბურველში გაეხვია მიდამო და კომპლექსის  იქით აღარაფერი ჩანდა, კოშკებსაც კი ნისლი სანახევროდ მოსავდა. გალავანს დავეყრდენი და ნათლად მახსოვს ემოციისგან ისე ავივსე,  დროისა და სივრცის შეგრძნება საერთოდ დავკარგე..

ისტორიული ფაქტები, გადმოცებები და ლეგენდები თითქოს წამებში გაცოცხლდა.. სიამაყის, სევდისა და უსუსურობის განცდა ერთიანად დამეუფლა. ეს ბეჭებშემუსვრილი, მაგრამ ამაყი კედლები იდგნენ, იდგნენ და დიად წარსულზე  სევდით მდუმარებდნენ, ამავდროულად ამ სიჩუმით მეტყველებდნენ…IMG_20160813_193050

ლეგენდის მიხედვით, ხიხანის ციხე თავდაპირველად თითქოს ორ კლდეს შორის ყოფილა აგებული და მასზე საქარავნე გზა გადიოდა. საუკუნეების განმავლობაში კლდეები ნგრევის შედეგად ერთმანეთში არეულა და ასე ჩამოყალიბებულა არსიანის ქედი. აშენების დროისთვის ციხე-ქალაქს ,,ხიხათა” რქმევია.

,,მატიანე ქართლისაის” მიხედვით, ჯერ კიდევ XI საუკუნის შუა ხანებში ხიხათა ციხის მფლობელად იხსენიება აბუსერ I. აფხაზთა და ქართველთა მეფის ბაგრატ IV-ის გამეფებისას ბიზანტიელნი მოდგომიან ტაო-კლარჯეთს. ზედიზედ ნებდებოდნენ მესხნი აზნაურნი და ერისთავნი ბერძენთა პარკიმანოზს. მხოლოდ ეპისკოპოსებმა  საბა მტბევარმა და ეზრა ანჩელმა და ერისთავმა აბუსერისძე ივანემ ,,ქმნეს დიდი ერთგულება ბაგრატ აფხაზთა მეფისათვის”,  და ,,ვერა წარუღეს ქვეყანა მტერთა”. ერთგულებისა წილ აბუსერისძეთ ებოძათ ერისთავთ-ერისთავობა კლარჯეთისა და აჭარისა და გამგებლობა ციხეთა: არტანუჯისა, ხიხათა, ციხისჯვარისა და აწყვერისა.IMG_20160813_190235

ხიხანის ციხე სწორედ  ივანე IV ტბელს აუშენებია. ის ერისთავი ყოფილა, ,,აბუსერი” მისი  მეტსახელი იყო, რაც არაბულად ,,მამაც მამას” ნიშნავდა. ამიტომაც მისი შთამომავლობა შემდგომ აბუსერისძეებად იწოდებოდა.  XI – XIII საუკუნეებში ხიხანი ერისთავთ-ერისთავების სარეზიდენციო ციხე-ქალაქს წარმოადგენდა. იგი მეტად მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას მდებარეობდა და ქართველ დიდებულთა განსაკუთრებულ თავშესაფრად  ითვლებოდა.

გადმოცემის მიხედვით, ციხე ვანის, იგივე იასაღის ქვით აუგიათ. პირველად კალატოზებს ხარ-კამეჩით დაუწყიათ სამშენებლო მასალების აზიდავა კლდეზე, მაგრამ შემდგომ სამეფო ჯარი ჩაუყენებიათ რამდენიმე კილომეტრის სიგრძეზე, ასე ხელიდან ხელში გადაცემით აუზიდიათ ქვები კლდის თავზე.

XIII საუკუნის დასაწყისში, ხიხათის ერისთავთ-ერისთავის ივანეს შვილს,  წმ. ტბელ აბუსერიძეს აქ აუგია წმ. გიორგის ეკლესია. ეკლესიის აგების შესახებ საინტერესო წერილობითი ცნობების ავტორი თავად წმ. ტბელია. ,,მამულისა ჩვენისა კაცთა, წესისაებრ, დიდი ჭირი ნახეს, გარნა ბაკოელთა მეტისმეტად დიდი მოიჭირვეს”. მშენებლობის ინიციატორებიც სწორედ ბაკოელები ყოფილან ,,ვაზირობითა და შემოხვეწითა ხელვყავ ეკლესიისა მრავლითა სახელობითა აღშენება”. დარბაზული ტიპის ეკლესია აუგია კალატოზ ბოლოკ-ბასილს. დღეს მხოლოდ საძირკველი და კედლების მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი.

ხიხანის ციხეს მომდევნო საუკუნეებშიც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. 1815 წელს აქ გმირულად დაასრულა თავისი სიცოცლე სელიმ – ბეგ ხიმშიაშვილმა. 400 კაცით გამაგრდა მიუწვდომელ ციხეში და 15000 კაცისგან შემდგარმა მუჰამედ ფაშას ჯარმა 2 თვის განმავლობაში ციხეს ვერაფერი დააკლო. ციხე შიგნიდან გატყდა და ასე დაეცა. სელიმ-ბეგ ხიმშიაშვილს თავი მოკვეთეს. სიკვდილის წინ ეს სიტყვები უთქვამს – გურჯისტანი ოსმალოს სამუდამოდ არ შერჩებაო.IMG_20160813_193050

გადმოცემით, ხიხანის ციხეს ბევრი მიწისქვეშა საიდუმლო გზები და გვირაბები ჰქონია. აქაურ სოფლებში ხიხანთან აკავშირებენ თამარ მეფის სახელსაც.. ასევე, ამბობენ აქ მეფეთა განძთსაცავი იყოო.. თამარის საფლავიც შეიძლება აქ იყოსო… სხვა ისტორიული ძეგლების მსგავსად, ამ ციხესაც დაშლა-განადგურება ემუქრებოდა, თუმცა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ ხორციელდება ხიხანის ციხის რესტავრაცია.  სარესტავრაციო სამუშაოების პარალელურად წარმოებს არქეოლოგიური გათხრებიც. მკვლევართა მიერ აღმოჩენილია XI საუკუნის სასახლე, უძველესი ბუხარი, 28 ქვევრიანი ღვინის და 43 ქვევრიანი წყლის მარნები. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, „ტკბილს მოიტანდნენ ბარიდან, ჩაასხამდნენ აქა და დადგების ღვინო კეთილი და გემოიანი“.

ჩვენი იქ ყოფნის პერიოდშიც მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები. ზემოთხსენებულ მარნებში აღმოჩენილი ქვევრები  ვერ ვნახეთ, კონსერვირებულია, რათა განადგურებისგან დაიცვან. ვნახეთ ახლადაღმოჩენილი ქვევრების ან სხვა თიხის ჭურჭლის ნატეხები, ასევე ძვლები, რომლებიც ვერ გავარკვიათ ადამიანს ეკუთვნოდა თუ ცხოველს. გათხრებისას სათუთად აცლიდნენ ქვებს მიწას და ბალახებს,  ასუფთავებდნენ და ერთად განალაგებდნენ. ჩვენი თანმხლები გიორგიც შეხალისდა და  მცირე მონაწილეობა მიიღო.IMG_20160813_181312

IMG_20160813_180908

ამ აღმაფრენის ფონზე, ერთადერთ რამეზე მწყდებოდა გული – ნისლი ისე მკვრივად ეკვროდა არეს, რომ გარშემო აღმართული მთები საერთოდ არ ჩანდა. იქაურები გვირჩევდნენ უკან დავბრუნებულიყავით, წვიმას არ მოესწრო, მაგრამ ჩვენ წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევებში წმ. გიორგის დაუჯდომლის წაკითხვა გვინდოდა. დაუჯდომლის დამთავრების შემდეგ შევნიშნე ნისლებიდან მზემ სულ ოდნავ გამოაჭყიტა, ეს იმის მომასწავებელი იყო, რომ ნისლი გაიფანტებოდა. ფოტოების გადასაღებად ერთმანეთს წარწერებს ვუკეთებდით, უცებ თავი რომ წამოვწიეთ ჩვენს წინ სუნთქვაშემკვრელი მშვენიერება წარმოგვიდგა!  სხვადასხვაფერად აფერადებული ქედების დაკლაკნილი მასივები აღმართულიყო მთელი თავისი სიდიადით.. ნაირფერი ქარაფები ადგილ-ადგილ ჩაჭრილიყო, დაქანებულ კალთებს ნისლი ოდნავ ეხებოდა, მოძრაობდა, ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა, ბამბის ნაყინივით ქულაქულა იფანტებოდა.. მერე ნელინელ ქრებოდა. თითქოს ეს თვალწარმტაცი ქედები ფუნჯით საგულდაგულოდ  იყო გაფერადებული. ერთგან კლდიდან წვრილი ნაკადული ჩანჩქერივით გადმომსკდარიყო, სხვაგან გამოქვებული ჩანდა, შორს მწვანედ აბიბინებული მდელოები მოჩანდა…  ცა… ცა იყო საოცრად ცისფერი… სულ მაღლა მოწმენდილი, ლაჟვარდისფერი, ქვემოთ კი, ჰო, ჩვენს ქვემოთ იყო, თეთრი ღრუბლები მიმოდიოდა. მზის სხივები კი ალაგალაგ ოქროსფრად ეფერებოდა.IMG_20160813_190608

ისე თვალწარმტაცი და საოცარი იყო ეს პანორამა,  დროის შეგრძნება საერთოდ დავკარგეთ. ემოციებს და შთაბეჭდილებებს ვეღარ ვიტევდით, შემოგვაღამდა და დრო იყო წამოვსულიყავით. თანდათან ისევ ნისლით იბურებოდა არემარე. მერე ძლიერი ქარი ამოვარდა და გვეგონა გაწვიმდებოდა.  წამოსვლა არ მინდოდა, იქ ყოფნას არაფერი მერჩივნა, მაგრამ ადგილობრივებმა დაგვაჩქარეს, თავსხმა იცისო და მერე ვეღარ ჩავალთო. საცალფეხო ბილიკებზე უკვე ძალიან ადვილი იყო ჩამოსვლა. ადრენალინი რომ შეგვეგრძნო კიდეც მოვრბოდით, ხრამის თავზე, ფერდობზე წაქცეულ უზარმაზარ ხეზეც დავდექით სურათების გადასაღებად. ,,ნივამდე” რომ ჩამოვაღწიეთ უკვე საგრძნობლად ბნელოდა, ნისლი ჩამოწოლილიყო. მანქანა დაეშვა  დაღმართზე და ერთიანად ნისლში გავეხვიეთ..IMG_20160813_191659

ეს იყო დღე, რომელიც ერთერთ წარუშლელ მოგონებად დარჩება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უსაყვარლეს მასპინძელს – მარიამს, მეგზურებს – სხალთელ გიორგის და ბაკოელ ჯემალს, მორიდებულ და მომთმენ ძია ჯემალს, ყველგანმავალი ,,ნივის’’  ექსტრემალ მძღოლს! ისინი რომ არა ეს დღე ვერ შედგებოდა..

ვისაც არ დაგზარდათ და ბოლომდე წაიკითხეთ, ვისაც გიყვართ მთა, ისტორია, თავგადასავლები და გიზიდავთ ექსტრემი, ეს ადგილი თქვენთვისაა. უბრალოდ, რამდენიმე რჩევა მინდა მოგცეთ:

  1. აუცილებლად მოძებნეთ ვინმე ადგილობრივი, ვინც მეგზურობას გაგიწევთ (ერთგვარი ხიბლია გზის მარტო გაკვლევა, მაგრამ ეს დროს დაგიზოგავთ);
  2. ბაკოსა და ხიხანის ციხისკენ მიმავალი გზის გასაყარიდან საფეხმავლო ბილიკამდე დაახლოებით 5 კილომეტრია, ამიტომ, თუ მაღალი გამავლობის მანქანით წახვალთ,  დროსაც და ძალებსაც დაზოგავთ.
  3. თან აუცილებლად იქონიეთ წყალი. იქ წყალი არსად შეგხვდებათ და სიარულისას აუცილებლად მოგწყურდებათ.
  4. ბილიკითანდათან მაღლა ადის დაშეიძლება (ვისაც მიდრეკილება აქვს წნევისკენ) წნევა აგეწიოთ, ჩემს თანამგზავრებს ყურებიც დაუბუგდათ, ამიტომ იქონიეთ წამალი.
  5. იქონიეთ საწვიმარი. ჩვენ გაგვიმართლა და არ გაგვიწვიმდა, თუმცა, ამინდის უეცარი გაუარესება აქ ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა.
  6.  აიღეთ ნებართვა მესაზღვრეებისგან. ციხე მდებარეობს საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე, ამიტომ საჭირო ყოფილა უსაფრთხოებისთვის.

თუ არ დაგეზარდათ და ბოლომდე წაიკითხეთ, დარწმუნებული ვარ წახვალთ… წინ წარუშლელი შთაბეჭდილებები და საოცრად საინტერესო მოგზაურობა გელით!….

გამოყენებულია:
ვიკიპედია 
ხიხანის (ხირხათის) ციხე. საქართველოს ძეგლები, ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა
ხიხანის ციხე – ახალი აღმოჩენის მოწმე (გაზეთი ,,აჭარა”)
მთისუბნის ლეგენდები ხიხანსა და თამარზე

აუცილებლად ნახეთ ეს შთამბეჭდავი ვიდეო…

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s