,,…რომ სიყვარული იქცეს საქმედ… იქცეს მსხვერპლად… იქცეს ძღვენად…”

           უცნობი ბერი ერთ-ერთი უხუცესი ყოფილა მთაწმიდაზე, დაახლოებით ორმოცდაათწლიანი გამოცდილებით და თურმე საქართველოსადმი და ქართველებისადმი უდიდესი სიყვარულით ყოფილა განმსჭვალული.   მამა საბას (სულუხია) ჰქონია ბედნიერება წმიდა მთაზე შეხვედროდა, სწორედ მას გამოატანა ჩვენთან  უდიდესი სიბრძნით, სითბოთი, სიყვარულით გაჟღენთილი ეპისტოლე. არ მეგულება ადამიანი ეს წერილი წაიკითხოს და გულგრილი დარჩეს, არაფერზე დაფიქრდეს… ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა, ამიტომ მინდა თქვენც გაგიზიაროთ…

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

 უფალო მოგვეც ძალა, რომ შეგვეძლოს ნათელი მოვფინოთ იქ, სადაც წყვდიადი გამეფებულა, რომ შეგვეძლოს სიხარულის მიტანა იქ, სადაც მწუხარება დამკვიდრებულა,რომ ვეძიოთ არა ის, რომ ვუყვარდეთ სხვას, არამედ ის,რომ გვიყვარდეს ჩვენ.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ არ ვიყოთ გულცივნი ადამიანებთან და გულგრილნი მათი ტკივილების მიმართ. (რამეთუ ამით არის მოწამლული კაცობრიობა).

რომ მოვიპოვოთ სულიერი ძალა იმისა, რომ ყოველივე რაც კი ჩვენი სურვილის საწინააღმდეგო შეგვემთხვევა,მადლობით მივიღოთ, და მთელი გულით ვუთხრათ:მადლობა ღმერთს…

..უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ შევძლოთ ტვირთვა მოყვასის სიმძიმისა.რომ მეყვსეულად განვაგდოთ ყოველი ცოდვილი გულისთქმა.რომ შეგვეძლოს სიხარულად ვექცეთ შეჭირვებულს.რომ შეგვეძლოს იმედად ვექცეთ იმედგაცრუებულს.რომ არ დავემონოთ კაცთა და სახმართა.რომ გავთავისუფლდეთ მრისხანებისაგან, გულისწყრომისაგან და საკუთარი ნების გატანის სურვილისაგან.(წმიდა მამები ამბობენ: “დაამარცხა ქრისტიანმა მრისხანება და თვითნებობა?”)მან დაამარცხა ეშმაკი!

.უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ შევიცნოთ ჩვენს თავში ძველი ადამიანი და დავამარცხოთ იგი.რომ კი არ ვამბობდეთ ყველაფერს რასაც ვფიქრობთ,არამედ კარგად დავფიქრდეთ თუ რა უნდა ვთქვათ.რომ სიღრმისეულად შევიგნოთ ის, რომ ამასოფლიური კეთილდღეობა მსწრაფლწარმავალი და არამდგრადია.

რომ იოლად არ ვაპატიოთ საკუთარ თავს უმცირესი შეცდომოების დაშვებაც კი, რათა არ დავისაჯოთ მათ გამო.რომ გულისხმავყოთ ის, რომ საუკეთესო საქმიანობა, ყველაზე სასარგებლო შრომა და უმაღლესი მეცადინეობა არის:

ყოველგან და ყოველჟამს სიკეთეს ვიქმოდეთ.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რათა არასოდეს დაგვავიწყდეს ის, რომ “გასაღები”ჭეშმარიტი ბედნიერებისა და თავისუფლებისა ქრისტეს ჯვარზე არის ჩამოკიდებული.რომ გასაგები გახდეს ჩვენთვის ის, რომ ვინც სხვასი მორჩილებს – ძლიერია, ხოლო ვინც ქრისტესთვის ემორჩილება ის უძლეველია!

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ მოვიპოვოთ “უმაღლესი განათლება”, რაც სხვა არ არის რა, თუ არა მოძულება ყოველივე უსჯულოებისა.რომ ვისწავლოთ ჯერ ჩვენ თვითონ ავასრულოთ ის, რასაც სხვას ვურჩევთ.რომ ცხოვრების წესად გვექცეს: არ ველოდოთ თუ რას გაგვიკეთებს სხვა, არამედ ვზრუნავდეთთუ რას ვაკეთებთ ჩვენ სხვისთვის.რომ სხვადახვა განსაცდელების და სიძნელეებისდროს მოვერიდოთ სიტყვას “რატომ”? (ყურადღება:”რატომ?” არის შეცდომა, “რატომ?” ნიშნავს კიდევ ერთი განსაცდელი მოვიწიოთ საკუთარ თავზე).რომ მარადის მთელი გულით ვამბობდეთ:იყავნ ნება შენი უფალო!

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ არასოდეს ვერეოდეთ სხვის საქმეში.  (ფრიად დამამწუხრებელია როდესაც ადამინი ცდილობს სხვისი ქცევის მოწესრიგებას, მაშინ როცა მისი პირადი ცხოვრება არის სრული უწესროგობა).რომ არასოდეს გვავიწყდებოდეს:

1) დაუცადებელად მოვუხმობდეთ იესო ქრისტეს სახელს,რომ არ გვავიწყდებოდეს.                                                                                                          

2) მარადიული დანიშნულება ადამიანისა, რომ არ გვავიწყდებოდეს.                                                                                                                      

3) პასუხისმგებლობა ვალდებულებებზე,შრომისყოვარეობის სარგებელი,სიტყვაძუნწობა და არა მრავლისმეტყველება.

მოკრძალება და არა საკუთარი თავის წარმოჩენა.თბილი ღიმილი და არა პირქუშობა.

განრიდება ყოველივე უსჯულოებისაგან. რომ განუწყვეტლივ ვებრძოდეთ დაცემულობას ადამიანისას, ოღონდ ისე, რომ ადამიანს ჭრილობა არ მივაყენოთ,

რომ ვიყოთ დაუღალავნი სხვათა შეწევნაში.რომ დაუვიწყარი გახდეს ჩვენთვის უდიდესი კანონი:ცხოვრება არის უწყვეტი მსხვერპლისგაღება.(და ვინც არ შეიყვარა და მოყვარის ტკივილი არ გაინაწილა მარადის გლახაკი დარჩება!)

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ წესად დავიდოთ სანამ რაიმეს ვიტყოდეთ, ვკითხოთ საკუთარ თავს: “ის რაც უნდა ვთქვათ: არის სიმართლე?  არის სასარგებლო? არის აუცულებელი, არისკეთილშობილური? არის ქრისტიანული?                                                                                                                                                                                                           ნებავს ღმერთს??? ”    რომ ვიყოთ მშვიდობისმყოფელნი და შემრიგებელნი ადამიანებთან ურთიერთობისას.რომ ვიქცეთ სულიერ “ოაზისად” ამა სოფლის “საჰარაში”.                                                                                                                                 რომ შეგვეძლოს “ჩვენი უფლებების” მსხვერპლად გაღება იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, მეგობრობა, თანასწორობა, ჰარმონია…

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ გავხედეთ ნამდვილი ბრძენნი, (ამისათვის კისაკმარისია საკუთარი უვიცობის დანახვა).რომ გავხდეთ შემწყნარებელნი და მომთმენნი სხვათა შეცდომების მიმართ.რომ ვიყოთ თავისუფალნი, მაგრამ არა უწესრიგონი.(უდისციპლინონი).რომ არასოდეს აკლდეს ჩვენს სიტყვებს, ჩვენს ქმედებას, და ყოველ ჩვენს ქცევას “მარილი”.

რომელი “მარილი?” მარილი ჭეშმარიტი სიყვარულისა…

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ მივემსგავსოთ ვარდებს, რომლებიც არ ლაპარაკობენ,არამედ მხოლოდ სურნელს აფრქვევნ.რომ სულიერი შფოთის და მრისხანების ჟამს არაფერს ვამბობდეთ და ვიქმოდეთ, არამედ მხოლოდ ვითმენდეთ…

რომ კაცთმოყვარე ღმერთი არ მოითხოვს ჩვენგან იმდენ შრომასა და ღავაწლს ცათა სასუფლევლისათვის, რამდენადაც სატანა ჯოჯოხეთისათვის.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ ვხედავდეთ ნათლად: თუ არ მოვკვდით ქრისტესთვის, ვერ ვიცხოვრებთ მასთან ერთად.რომ გვჯეროდეს და გვწამდეს, რომ ყველა სხვა გამარჯვებაზე შეუდარებლად აღმატებული არის გამარჯვება საკუთარ ეგოიზმზე, (საკუთარ თავში ძველ ადამიანზე).

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ შევიყვაროთ და მოვიხვეჭოთ კეთილშობილება(ხასიათისა), რომელიც შეიძინება უსასყიდლოდ,მაგრამ ყიდულობს ყველაფერს.რომ ვირწმუნოთ: არ არსებობს “კარი” დაკეტილი, რომელიც არ იღება სიყვარულით და მოთმინებით.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ ვისწავლოთ როგორ გავიღოთ მსხვერპლად რაიმე პირადი დროიდან, რომ სიყვარული იქცეს საქმედ… იქცეს მსხვერპლად… იქცეს ძღვენად…რომ ვისწავლოთ თუ როგორ ვიცხოვროთ ამა სოფელში ისე,რომ ამა სოფელმა არ იცხოვროს ჩვენში.რომ ჩვენში მხოლოდ ღმრთის სიყვარული სუფევდეს და ვცხოვრობდეთ მისი წმიდა ნების აღსასრულებლად და მოყვასის სიყვარულისთვის.რომ დავინახოთ ჩვენი მდგომარეობა, დავინახოთ სიღრმე ჩვენი სინანულისა, ჩვენი სულიერი ჭრილობები, თუ როგორ აავსო”სოფელმა” სული ჩვენი უშჯულოებით, თუ როგორ სავსე ვართ “ეგოიზმით”, და მაშინ მივხვდებით, რომ სხვათა გამოსწორებას კი არ უნდა ვცდილობდეთ, არამედ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ სულიერ გაჯანმრთელებაზე ვზრუნავდეთ.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ ჩავწვდეთ არსს იმისას, რომ უდიდესი ბედნიერება მიენიჭება ადამიანს, სხვისთვის ბედნიერების მინიჭების მცდელობისას.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ სიღრმისეულად შევიმეცნოთ: ჭეშმარიტი სიყვარული ნიშნავს საკუთარი თავის მსხვერპლადგაღებას.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ მარადის გვახსოვდეს:მონა ქრისტესი არის ყველაზე  თავისუფალი ადამიანი! 

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ შევიმეცნოთ თუ რა არის ნამდვილი “თავისუფლება”. რამეთუ თავისუფლება არ ნიშნავს შეგეძლოს აკეთო ის, რაც გინდა, რაც მოგეხასიათება, არამედ თავისუფლება არის: შეგეძლოს (უნარი გქონდეს) აკეთო ის, რაც სწორია (რაც ღმერთს უნდა!)

..უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ შევძლოთ სწავლა მოთმინებისა….რამეთუ მან ვინც ისწავლა მოთმინება,ისწავლა თითქმის ყველაფერი,რომ შეგვეძლოს ტკივილის ჩვენთვის დატოვება,ხოლო სიხარულის სხვათათვის განაწილება.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ შევისისხლხორცოთ, რომ მტერი ჩვენი ის კი არარის ვისაც ჩვენ ვძულვართ, არამედ მტერი ჩვენი არის ის, რომ: ჩვენ გვძულს.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ შევძლოთ ცრემლი მოვწმინდოთ შეჭირვებულს..რომ ჯვარს ვეცვათ იმისათვის, რომ აღვსდეგეთ.რომ მოვკვდეთ ამასოფლისთვის,რათა ვიცხოვროთ ქრისტეში.რომ ვეძებდეთ არა იმას, რომ ესმოდეთ ჩვენი,არამედ იმას, რომ ჩვენ გვესმოდეს სხვისი.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ შევიგნოთ, თუ ჯერ კიდევ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვცხოვრობთ,

არსობრივად ცხოვრება არ დაგვიწყია!

რომ გავინაწილოთ სხვისი მწუხარება და ტკივილი.და თუ ამას მოვახერხებთ მაშინ მთელს კაცობრიობასთანდა მთელს სამყაროსთან ვიქნებით დაკავშირებულნიერთი საიდუმლო კავშირით.

კავშირით სიყვარულისა…

ვილოცოთ რომ ვაქციოთ მდუმარება ქადაგებად,ვილოცოთ რომ ვიქადაგოთ საკუთარი სიმდაბლით,ვილოცოთ რომ ვიქცეთ ნათელ მაგალითად ყველასათვის,ვილოცოთ რომ ყურადღებით მოვეკიდოთ ყოველდღიურ ცხოვრების ყოველ წვრილმანსაც კი, რამეთუ ეს უმნიშვნელო წვრილმანები განსაზღვრავენ ხასიათს სრულისას, დაწვრილმანების სრულყოფა წვრილმანი კი აღარ არის, არამედ თავად სრულყოფილებაა…

ვილოცოთ რომ ვისწრაფოდეთ სრულყოფილებისაკენ,და მთელი ცხოვრება იქცეს ერთ ცოცხალ ქრისტიანულ მაგალითად, და დაუცხრომელად ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა, მამასა და ძესა და სულსა წმიდასააწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!

წყარო: 

ყველაზე ,,ჩემიან” მწერალს…

                                                                    

 დაწყება ყოველთვის მიჭირდა,ახლაც ასე ვარ..ამბობენ ,თუ გინდა რამე ნორმალიურის თქმა სისულელეები თქვი ბლომადო,მაგრამ…. 😦  მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ გამოდგება..ო,  როგორ რთული ყოფილა მიწერო მწერალს,რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს, რომელსაც გენიოსად თვლი…საუკეთესოდ აღიარებ…მაინც ვცდი….

            * * *

        არც კი ვიცი როგორ დავიწყო..ძალიან ვკადნიერდები  ალბათ,რომ ვაპირებ მოგწეროთ…მაგრამ სურვილი იმოდენაა, არ შემიძლია ეს არ გავაკეთო….

      ყველაფერი არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო….ერთ მშვენიერ   დღეს მოულოდნელად თქვენ შემოიჭერით  ჩემ ცხოვრებაში.. მაშინ  ერთმა ადამიანმა მითხრა თუ მოგწონსო…მე კიდევ შემრცხვა , რადგან არ გიცნობდით… მითხრა, ძალიან მოგეწონებაო და თქვენი წიგნიც მაჩუქა ,,ნარცისი და გოლდმუნდი’’ , რატომღაც პირველად დიდი ინტერესიც არ გამჩენია, ეტყობა წიგნის მცირე მოცულობა მომხვდა თვალში, (სასაცილოა მაგრამ , მე ხომ დიდტანიანი წიგნები მიყვარს…)

     თავდაპირველი შთაბეჭდილება უმალვე შეიცვალა, როგორც კი პირველი ფურცელი ჩავათავე… მაშინვე მომხიბლა თქვენმა მომაჯადოებელმა სამყარომ, წერის სტილმა, თითოეული წინადადება ისე მსუბუქი იყო და ამავდროულად ისე მრავლისმთქმელი, ისე ბრძნული…. ხარბად ვისრუტავდი თითოეულ სიტყვას  და მართლაც უდიდეს სიამოვნებას განვიცდიდი..  რა ოსტატურად აღწერდთ პერსონაჟთა სულიერ სამყაროს, მეც  მეგონა მათ სულს ვხედავდი… კარგად რომ ჩავწვდი, მივხვდი უბრალო პერსონაჟების დახატვა როდი გინდოდათ, თქვენ ხომ ერთი მთელი წარმოაჩინეთ დაპირისპირებულებით! შეუძლებელია თქვენს გმირებთან მკითხველმა საკუთარი მეს შტრიხები არ დაინახოს… თითქოს საკუთარი სინდისის ხმა გესმოდეს და ხედავდე  როგორ  ებრძვის ბოროტი კეთილს…

       ერთგან წერთ: ,,ჩემთვის ახალი ნაწარმოები მაშინ იწყებს სიცოცხლეს,როცა გამოჩნდება მითიური სახე,რომელსაც შეუძლია გარკვეული დროის განმავლობაში იქცეს ჩემი განცდის,ჩემი ფიქრების,პრობლემების სიმბოლოდ და მატარებლად…ამ მითიური სახის გამოჩენა არის ის შემოქმედებითი წამი,საიდანაც იწყება ყოველივე..”

       არ ვიცი თქვენთვის ვინ იყო ეს მითიური სახე, ჩემთვის კი ეს სახე თქვენ ხართ, თქვენი ნაწარმოებები იქცა ჩემი ფიქრების, განცდების სიმბოლოდ და მატარებლად…

      მართლაც ძნელია ამოიცნო მწერალი ნაწარმოების ფრაგმენტებიდან, მაგრამ ასე მგონია, თქვენ ყველა ნაწარმოებს ამოვიცნობ, თქვენთვის ხომ ასე დამახასიათებელია შთამბეჭდავი,დასამახსოვრებელი სახეები,მოვლენების სიღრმისეული ახსნა,ადამიანის შინაგანი სამყაროს ღრმად წვდომა..დაპირისპირებულთა განსხვავებულობის გადმოცემა, პიროვნების გახლეჩა და  ერთიანობის მიღწევის მცდელობა..სწრაფვა ჰარმონიისკენ…

     იცით ,  თქვენი ნაწარმოებების კითხვას რომ ვიწყებ  არ შემიძლია გავჩერდე… სულმოუთქმელად ვკითხულობ, მერე კიდევ თავიდან და უკვე ნელა, მინდა თითოეულ წინადადებას ღრმად ჩავწვდე და ყოველი სიტყვით დავტკბე… ასე მგონია საოცარად მგრძნობიარე და ფაქიზი სული გქონდათ, თქვენ ხომ    ისე გაინტერესებდათ  ადამიანის შინაგანი სამყარო ,პიროვნებად ქცევა, ხელოვნება,მუსიკა, ფილოსოფია, როგორც დედამიწის მაჯისცემაზე მიყურადება…. თქვენი ფიქრი იმასაც წვდებოდა ”რას ეუბნება ტყის ერთი ბუტბუტა მეორეს…”,”ხეები ფესვებით როგორ სვამენ წყალს’’…

        თქვენს ნაწარმოებებში ბუნებაც ცოცხლდება, ყოველივეს ალეგორიული სახე აქვს და ყოველი წაკითხვისას შეიძლება ახალ–ახალი აღმოჩენები გააკეთო…თქვენთან ბუმბერაზი გენიოსებიც კი იცვლიან სახეებს…თქვენთან სხვანაირად დავინახე  მოცარტი, ჰეგელი, გოეთე, ნოვალისი….

     ბევრჯერ დავფიქრებულვარ და ვერაფრით გავიხსენე თქვენი ბოლომდე უარყოფითი პერსონაჟი! მართალია, ვერ დავიკვეხნი ,რომ თქვენს შემოქმედებას სრულად ვიცნობ, მაგრამ რაც წამიკითხავს, არავინ მაგონდება…  ისე დაგვიხატეთ  პერსონაჟები, მათ მიმართ თანაგრძნობა გვიჩნდება, გვიყვარდება მათი ნაკლოვანებების მიუხდედავად..  ეს ალბათ იმიტომ , რომ რომ თითოეული მათგანი თქვენში ცხოვრობდა , თითოეული მათგანი გულიდან ცოცხლდებოდა და ყველა გიყვარდათ….

     არ ვიცი კიდევ რა გითხრათ..თუმცა სათქმელი კიდევ ძალიან ბევრი მაქვს…

     მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი სიამოვნებებისთვის, რასაც თქვენი ნაწარმნოებების კითხვა მანიჭებს…

     თქვენი შემოქმედება ისე  ახლოს მოვიდა  ჩემთან …მაპატიეთ ასე რომ ვკადნიერდები , მაგრამ სულ ისე მოგიხსენიებთ,  როგორც ყველაზე ,,ჩემიან ‘’ მწერალს…

                                                                   უსაზღვრო სიყვარულით და პატივისცემით

                                                                                                                               რუსა

              p.s       დიდი მადლობა თამარას,  მოლის, ანის, ქევანას, ვასასისmariefilleს,  nightingalusს, ლობჟანიძეს, ზარმაც გოგოს   და სხვებს მშვენიერი ტეგ-თამაშისთვის….ყველა წერილი ძალიან კარგი იყო… მეც თავისუფლად დავტოვებ ტეგს, ვისაც უნდა მიწეროს საყვარელ მწერალს. 🙂

სიყვარულის რექვიემი


აქ სიბნელეა…
ოთახის სარკმელს ნამგალა მთვარის შუქი ჰა და ჰა სწვდება,მე კი ვცდილობ პეშვით დავიჭირო მისი სითბო,მერე უკლებლივ ჩაუშვა უბეში,რათა მივაწოდო იმედი სიყვარულს,დავყურებ ტერფებვარდისფერ,სიცხით გათანგულ,გალეულ გრძნობას და შენს გაცრეცილ-გახუნებულ სევდიან ფიქრებს ძაღლად ქცეული მოთმინებით გაბმულად ვუყეფ; კვდება ლამაზი სიყვარული! ღმერთო,ან რაღად მაჩუქე იგი,ანდა,თუ ჩემი სიხარული მთლიანად მას გაუნაწილე,რაღად მიცურებ თითებიდან;მნათობი მოსწყდა ჩანაცრებულ ზეცას გრძნობისას-ისჩემი ბედის ვარსკვლავი იყო.მიწას გაეკრნენ ზარები ზათქით;თვით ბრმა ზარებმაც ვერ შეიძლეს სასტიკი გლოვის მუდმივი ზიდვა; შენც ამ ტვირთივით მძიმე გამოდექ ფრთებფარფატა და ნაზო ლოცვავ სიყვარულისა.
ისევ კვნესიან სირინოზები ჩემში რეკვიემს;ჰა,მოსახდენი დღეს უკვე მოხდა;მე დავიმსხვრიე…ცალკეა სული,ცალკეა გული და გრძნობებიც მიჰქრი-მოჰქრიან;გონებას შეუკრია შუბლი მრისხანედ,თვალყურს ადევნებს მარიონეტთა ტაკიმასხრობას;ისევ კვნესიან სირინოზები ჩემში რეკვიემს.
M.M.M./მაია მარუაშვილი/



ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი ”წერილი ჯერალდინას”

ჩემო გოგონა,

ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა.

შენ ისე შორს ხარ ჩემგან … მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს. შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. დიდებულ სცენაზე ცეკვავ.

ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ. იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე.
მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას. მე მამაშენი ვარ ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!

…იცი კი, რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან? სულ პაწია ზღაპრებს გიყვებიდი! ხან მძინარე მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი: „გამშორდი“! მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან! მე ვხედავდი შენს ოცნებებს, ჯერალდინა. ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს! ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, ცაზე მოფარფატე ფერიას. მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ხალხში: „ხედავთ ამ გოგონას? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია, არ გახსოვთ ჩარლის რომ ეძახდნენ?“ ჰო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა.

დღეს შენი ჯერია. იცეკვე! მე ფართხუნა, დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის.

გაფრინდი, გაფრინდი იქით … მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება – ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ!
მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა. იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან იძინებდი, მე არ მეძინა. დავყურებდი შენს საყვარელ სახეს, ვუსმენდი შენი გულისფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი: „ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს?“ შენ არ მიცნობ მე ჯერალდინა … იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბია … ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის ღატაკთა კვარტლებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი … მოწყალებას აგროვებდა! აი, ჩემი ზღაპარი!

მე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ.

შენ ჩემი გვარისა ხარ – ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა. სამყარო სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!…

… ჯერალდინა! შუაღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის შოფერს ცოლის ამბავი გამოჰკითხო. შეიძლება ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს და იმის ფულიც არა აქვთ რომ თავიანთი პირმშოსთვის სახვევები იყიდონ. თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში.
მე ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაგისტუმრონ. სხვას კი მუდამ ყველას ზუსტად გადაუხადე!
დროდადრო მეტროში ჩადი. ქალაქი დაათვალიერე, იარე ფეხით ან ავტობუსით. ხალხს დააკვირდი! ქვრივ-ობლებს შეხედე! და თუნდაც დღეში ერთხელ მაინც შენს თავს უთხარი: „მეც ერთ-ერთი ამათგანი ვარ!“ დიახ, შენ ერთ-ერთი იმათაგანი ხარ, ჩემო გოგონა.
ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს … როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან. პირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს. იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს – შენსავე მსგავსთ, შენზე უფრო გრაციოზულებს, შენზე ამაყებს. შენი თეატრის პროჟექტირების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვერსად ნახავ! მათი სცენის პროჟექტორი მთვარეა.დააკვირდი, აბა, კარგად დააკვირდი: შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ? გამოტყდი, ჩემო გოგონა. ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე კარგად თამაშობს. და ეს გახსოვდეს: ჩარლის ოჯახში არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლისთვის უკმეხი სიტყვა ეთქვას ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინოს …
ჩარლი წავა, ჯერალდინა, და შენ იცოცხლებ … მე არ მინდა, ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს – ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, ოღონდ გახსოვდეს: ორ ფრანკს რომ დახარჯავ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არის-თქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვას, უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება. საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკები, რომ კარგად ვიცი ამ დემონის მაცდური ძალა …
ჯერალდინა, მე დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს, მაგრამ აი, რა მინდა გითხრაჩემო გოგონა … ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე.
შეიძლება ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ, გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს, ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთნაირად დაგვნათის.
ხოლო, როცა ჟამი დაჰკრავს და სიყვარული გეწვევა, გულით შეიყვარე შენი რჩეული…

სამუშაო ძნელი გაქვს, ვიცი … სხეულს სიფრიფანა აბრეშუმის ნაჭერი გიფარავს. ხელოვნების სახელით სცენაზე შეიძლება შიშველიც გამოხვიდე, მაგრამ იქიდან კიდევ უფრო უმწიკვლო და შემოსილი უნდა დაბრუნდე …
მე ბებერი ვარ და ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც, ასე მგონია, შენი შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს.

რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება, თუ ასე ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ფიქრობდნენ. ნუ გეშინია, ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს … ჯერალდინა, მე მინდა რომ შენ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო …

მე ვიცი, მამებს და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები. და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობაღამე სასწაულების ღამეა. მინდა მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი, – ყველაფერი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა.
ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე – იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი.
მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.

გკოცნი, ჯერალდინა

შენი ჩარლი

1965 წლი დეკემბერი