ჩიხში გალეული ცხოვრება თუ ხიდი მარადისობაზე

,,საერთოდ, რა იგულისხმება „რეალობაში“? ეს არის რაღაც ძალიან არამყარი, ცვალებადი და წერტილოვანი „ახლა“, რომლის პოვნაც შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას – მტვრიან გზაზე, ქუჩაში, გაზეთის სტრიქონში, მზეზე გაშლილ ნარცისში.” ….

,,ზოგჯერ რეალობა ისეთ ფორმებში ბინადრობს, რომლებიც ჩვენი აღქმისათვის ძალიან შორსაა. მაგრამ ყველაფერი, რასაც კი რეალობის ხელი შეეხება, საკუთარ, მუდმივ ადგილს პოულობს ცისქვეშეთში. ეს ის არაა, რაც დღესთან ერთად იწურება და ქრება, ეს ისაა, რაც რჩება წარსული დროისაგან, ჩვენი სიყვარულისა და სიძულვილისაგან”. ….

,,მწერლის ვალია დაიჭიროს სინამდვილის მომენტები, თავი მოუყაროს და სხვა ადამიანებს გადასცეს”….

ვირჯინია ვულფის (,,საკუთარი ოთახი”) ეს სიტყვები გამახსენდა ამოს ოზის ,,ჩემო მიხაელ” რომ დავამთავრე..  საოცარი რეალიზმითაა სავსე მთელი წიგნი.. მიხაელის და ხანას ცხოვრების თითოეული მომენტი ისე ახლოს მოდის კითხვისას, თითქოს საკუთარი თვალებით ვხედავდი, თვითონ განვიცდიდი მათ გრძნობებს..  მკითხველი უხილავად მყოფობს არა მხოლოდ მათთან, არამედ მათშიც, მათ სულში, ფიქრებსა და ემოციებში აღწევს.. თითქოს მწერალმა ჩვეულებრივი რუტინული, არაფრისმთქმელი ცხოვრების მომენტები აკინძა და სხვა აზრი, სხვა მნიშვნელობა მისცა…

ნაწარმოების შესავალში მწერალი ამბობს, რომ ,,ჩემო მიხაელ” თითქმის იძულებით დაიწერა, ხანას სახებამ ისე შეიპყრო, რომ მისი ენით ამეტყველდა და მის სიზმრებს ხედავდა. ავტორი თურმე ფიქრობდა, ერთ მუჭა მგრძნობიარე მკითხველს თუ შემოიკრებდა რომანი, რომელშიც არც სიუჟეტია, არც გმირები არიან მთლად გმირები.. არაფერი ხდება.. ისეთი არაფერი… მხატვრული ხერხებიც მინიმალურია.. წერის სტილი მარტივი, სადა..ჩვეულებრივი.. მაგრამ ამის საპირისპიროდ წიგნი ბესტსელერი გახდა.. ვირჯინია ვულფის არ იყოს,  ავტორმა მოახერხა  ერთად აკინძული რეალობის მომენტები მკითხველამდე მოეტანა.

ცალკე მინდა გამოვყო წიგნში არცთუ ისე იშვიათად გაბნეული, უმარტივესი, ერთ ან ორსიტყვიანი წინადადებები. უბრლოდ სიტყვები და მათ ბოლოს დასმული წერტილები მრავლისმთქმელი, ღრმა და დამაფიქრებელია.. არცერთ მწერალთან შემხვედრია მსგავსი წინადადებები – ,,ვარსკვლავი.”,,პირველი სიტყვები.” ,,თვლემა.” ,,შერჩილვა.”,,თითი მხარზე.”. ,,უტყვი დინება.”,,ფიჭვი და ქარი.”,,შედნობა.”,,მოძრაობა და ჩრდილი.”,,სასიკვდილო შერწყმა.”

გამაოცა ქალის სახის მამაკაცი მწერლის მიერ ასე ვირტუოზულად შექმნამ.. ხანა საოცრად ნამდვილია.. ეს  წიგნი იმ ქალის დღიურს წარმოადგენს, რომელიც ლექსებს არ წერს, თუმცა, სულით პოეტია, ლიტერატორია.. ხანა გრინბაუმ – გონენი – ქალი, რომელზეც ფიქრები, წარმოსახვები, აზრები ბატონობენ.. საკუთარი სულის ფანჯრიდან უმზერს რეალობას და სხვა აღქმით ხედავს. ის რეალურია, არსებობს, თანაცხოვრობს მეუღლესთან, შვილთან, გარესამყაროსთან.. თუმცა, ის ფანჯარა, რომლის დაორთქლილ მინას აკვრია და იმზირება, მისი შინაგანი და გარემომცველი სამყაროს გამყოფია.  ხანა გონენმა დამაფიქრა  ისეთ ადამიანებზე, რომლებიც სიტყვებს, ფიქრებს ვერ აღწევენ თავს.. რომლებიც შინაგან ხმას ვერ ახშობენ, ეფიქრებათ, ეწერებათ, მათ შიგნით არსებული ფერები გარეთ გამოღწევას, ხორჩშესხმას ცდილობენ, ან მათი სულიდან მელოდია ლამობს გადმოიღვრეს.. თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ წერენ, ვერ ხატავენ.. ვერ ქმნიან…  ცდილობენ სიტყვები, ფერები, შემოქმედება მოკლან, ჩაახშონ შინაგანი ხმა და რეალობას არ მოწყდნენ…ისინი სინამდვილეს სხვა ფერებში ხედავენ.. მიწას, არსებულ რეალობას ეჯაჭვებიან თითქოს, მაგრამ მათი არსება მაინც სხვას მიელტვის.. სხვა განზომილებას ესწრაფვის… მართალია არ ქმნიან, მაგრამ შინაგან არსებაში მიძინებულ შემოქმედებას ატარებენ… ასეთ ადამიანებს ვერ უგებენ.. ან ისინი ვერ უგებენ სხვებს.. ისინი ხომ ყველაფერს სხვა სპექტრში ხვევენ და უჭირთ საკუთარი თავების რეალობის ჩარჩოებში ჩატევა..

ხანას საპირისპიროდ, მწერალი გვიხატავს მიხაელ გონენს..  გეოლოგს, შემდგომ უკვე გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, რომელსაც თავისი ცხოვრება დაუკავშირა ხანამ. მიხაელი კარგი ადამიანია, მშვიდი, მშრომელი, მუყაითი, მომთმენი, ჭკვიანი, პატიოსანი, მოზომილი, თანამგრძნობი, მეოჯახე, ოპტიმისტი, მოკრძალებული, გაწონასწორებული… თუმცა… ის სულ სხვაა.. სხვანაირად აღიქვამს სამყაროს.. მწერალი ერთგან საოცრად კარგად ხნის ამას  – ,,ადამიანთა უმრავლესობა რაღაცისთვის არ ცხოვრობს, ცხოვრობს და მორჩა.” მიხაელიც ასეთია, როგორც ხანა ამბობს, მჩატეა და ლაღი, ზედაპირული.. ხანას უნდოდა მასზე ძლიერ კაცს გაჰყოლოდა ცოლად, თუმცა, მიხაელი არ იყო ძლიერი. ხანას უნდა ერთხელ მაინც ენახა ეს კაცი აღშფოთებული, განრისხებული, გაცოფებული.. ხანას გული წყდება მათ ურთიერთობაზე ,,თითქოს მხოლოდ ფიქრი ვიყო მის გულში. რა იმედი უნდა ჰქონდეს მავანს, იმაზე მეტი იყოს, ვიდრე ფიქრი სხვის გულში. მე ნამდვილი ვარ მიხაელ. ოდენ ფიქრი როდი ვარ შენს გულში”. მიხაელი ხანას გამო ყველაფერს ითმენს,  ყველაფერში ცდილობს დაეხმაროს, გაუგოს, მისი საქმე იტვირთოს, თუმცა, შორსაა მისი შინაგანი სამყაროსგან, ვერ ხედავს მის სულს… არ ესმის მისი … სულ ახლოსაა მასთან, მაგრამ მაინც შორსაა.. მას არ შეუძლია ხანას ოცნებები აუხდინოს.. ხანა წერს და მიმართავს მიხაელს ,,ისე დავიხოცებით შენ და მე, მიხაელ, რომ ერთხელაც არ შევეხებით ერთმანეთს. შეხება. გადახლართვა. შენ ეს არ გესმის. ჩაკარგვა ერთი მეორეში. შედნობა. შერჩილვა. შეზრდა შინაგანი.”

წიგნს ვკითხულობდი და სანამ ბოლომდე ჩავიდოდი, რაღაცნაირად მეშინოდა ხანას იმედი არ გაეცრუებინა ჩემთვის…

ასეთი გაუცხოებული ურთიერთობის, უკმაყოფილო ქორწინების შედეგი ხანდახან სხვაა, ზოგჯერ საბედისწერო შეცდომაც.. მაგრამ ეს ქალი უძლიერესია, მართლაც განსხვავდება სხვა ქალი პერსონაჟებისგან. ,,ის არჩევს იცხოვროს მარადიული ცხოვრებით სხეულს მიღმა, ხორციელ შეზღუდვებს მიღმა, დროისა და ადგილის მიღმა”

წიგნს  თან ერთვის თანამედროვე ისრაელელი მწერლის ცრუია შალევის ძალიან საინტერესო ბოლოთქმა. ის ხანაზე წერს ,,ის უდავოდ ერთერთ უმამაცეს ქალთაგანია ებრაულ ლიტერატურაში, მიუხედავად იმისა, რომ ყოფით ცხოვრებაში ბევრს არ იღწვის, არც დიდ საქმეებს ეწევა და არც ფარულად მოქმედებს, მხოლოდ ფანჯარაში იმზირება, ჭურჭელს ალაგებს სამზარეულოში, როგორც გოგონა თოჯინების სახლში, დროდადრო უანგარიშო საყიდლებს აწყობს ან ჩაის ეტლს დაატარებს თავის მოკრძალებულ ბინაში, მჭკნობარე იერუსალიმურ უბანში. შეუპოვრად ეშურება შეურიგდეს თავისი ცხოვრების სინამდვილეს, თუმცა, აგრეთვე – ამ რეალობის შეცვლის ყოველგვარი მცდელობის აბსოლუტური დათმობით. … ქალი, რომელიც სრული ცნობიერებით ბედავს, ჩიხში გალიოს თავისი ცხოვრება….

ზოგჯერ ხდება, რომ წიგნს უცებ კითხულობ, მაგრამ მერე დიდხანს გაგყვება ფიქრი მასზე, ესეც ის შემთხვევაა. ერთი ამოსუნთქვით შემომეკითხა, მაგრამ წიგნისგან მიღებულ ემოციისგან და შთაბეჭდილებებისგან ალბათ კარგახანს ვერ გავთავისუფლდები. წიგნმა დამაფიქრა ქორწინებაზე. ყველა ადამიანი განსხვავებული, ინდივიდუალურია, თუმცა, თუ ადამიანებს ზოგადი ხედვა, ძირეული ღირებულებები და მთავარი მისწრაფებები საერთო არ აქვთ, ისინი ვერ ერთდებიან.. არ ხდება ,,შინაგანი შეზრდა”, ,,შეხება”.. სულის ძაფებით შეერთება…. ცოლ-ქმარი ცხოვრობს ერთად, ზოგჯერ წლებს გალევენ თანაცხოვრებით, თუმცა, უცხონი რჩებიან ერთურთისთვის…მაგრამ რატომ ირჩევენ ერთმანეთს?! ერთგან მიხაელი ხანას ეკითხება – ,,ხანა, როგორ მოხდა, რომ სწორედ მე გამომარჩიე ყველა შენით დაინტერესებულ მამაკაცთაგან რომლებსაც შეხვედრილხარ?” … ეს არჩევანი ყველაზე მნიშვნელოვანია… საბედისწერო….
,,ჩემო მიხაელ”- ის წაკითხვამდე ცოტა ხნით ადრე რიჩარდ ბახის ,,ხიდი მარადისობაზე” წავიკითხე. თითქოს ამ წიგნში ასახული ბანალური ცხოვრების სრული  ანტიპოდია. იმ წიგნის პერსონაჟები, რიჩარდი და ლესლი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ინდივიდები არიან, სხვადასხვა მისწრაფებებით, ხასიათის შტრიხებით, გემოვნებით, გატაცებებით, პროფესიით, თუმცა მათ აქვთ მთავარი – სულიერი სიახლოვე, რასაც ნამდვილად შეუძლია სამუდამოდ შეაერთოს.. რიჩარდ ბახი ამბობს კიდეც ,,მარტოობის საპირისპირო ერთად ცხოვრება კი არა სულიერი სიახლოვეაო” და ,,ორ ადამიანს მოწყენილობა ეუფლება არ მაშინ, როცა ფიზიკურად არ არიან ერთად, არამედ, მაშინ როცა მენტალურად და სულიერად არიან ერთმანეთისგან შორს”. 
რიჩარდი და ლესლი ახერხებენ ცხოვრების ამოცანის ამოხსნას, გაუგონ ერთურთს…

,,სხვადასხვანაირები ვართ, მაგრამ ერთნაირებიც, შენ ფიქრობდი, რომ არაფერი გექნებოდა სათქმელი ქალისთვის, რომელიც არ დაფრინავს თვითფრინავით. მე ვერ წარმომედგინა თავი იმ მამაკაცის გვერდით, რომელსაც არ უყვარს მუსიკა. იქნებ უფრო მნიშვნელოვანია რა მსგავსება, არამედ ცნობისწადილი? რადგან სხვადასხვანაირები ვართ, ჩვენ ერთმანეთის სამყაროს გაცნობის სიხარული გველოდება, შესაძლებლობა ვაჩუქოთ ერთმანეთს ჩვენი გატაცებები და აღმოჩენები. შენ ისწავლი მუსიკას, მე – ფრენას. და ეს მხოლოდ დასაწყისია. მგონია, რომ ასე უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს” …

 

უბრალოდ… ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ი

სამსახურიდან თუ უნივერსიტეტიდან  დაღლილ-დაქანცული წამოვსულვარ…  გაჩერებაზე, ავტობუსის მოლოდინში გავთოშილვარ..  ბოლოს გამოჩნდება  ცივი, ულამაზო, ბებერი რკინის, ოდესღაც ყვითელი ჩონჩხი,  გათოშილს მინდა მძღოლზე ვიყარო ჯავრი, რატომ დააგვიანეთ-მეთქი  და ის ისე თბილად მელაპარაკება, სიბრაზე და სიცივე სადღაც ქრება… საოცრად ნათელი, თბილი ცისფერი თვალები შემომცინის და მათბობს, მიღიმის…  თავის თავზე მითხრა ცოტა, შვილი ავად ყოლია…შევამჩნიე უჭირს, მაგრამ მაინც არ კარგავს ღვთის იმედს. თავის დარდს არავის ახვევს, სულ მხიარულია, ცდილობს დაღლილ მგზავრებს  რამდენიმე წუთით მაინც დაავიწყოს პრობლემები, ამიტომ ხუმრობს….  რატომღაც მე გამიმხილა თავისი სატკივარი… შემეცოდა, თურმე, რამხელა ტრაგედიას დაატარებს, ის კი კლოუნივითაა, საოცრად სევდიანი, ტკივილიანი მაგრამ კეთილი, თბილი ღიმილით, რომელიც ყველას ათბობს…. მიყვარს!

ის რამდენჯერმე ვნახე ჩემი სიცოცხლის მანძილზე… ერთი პოსტიც მივუძღვენი… რაღაცნაირია, სხვანაირი, საოცარი.. ცოტა იდუმალი და ძალიან საინტერესო მოსაუბრე. რაც ყველაზე მეტად მხიბლავს, თბილია, ძალიან თბილი და ნათელი!!! ჩემი უყურედღებობის, უდროობის თუ აკვიატებების გამო მგონი დავკარგე…. მაგრამ, მიყვარს!

ის თითქმის არცერთ ჩემს ნაცნობს არ მოსწონს…  უხეში გარეგნობა, გამჭოლი მზერა, კუშტად შეკრული შუბლი, ხშირი წარბები, ძლიერი ხმა… არ უყვართ, რადგან თვლიან, ცინიკოსია, ყველას დასცინის, რთული და თავისებური ადამიანია.. ჰო, კიდევ ბევრ რამეს  ამბობენ მასზე, მაგრამ კატეგორიულად არ ვიზიარებ, ამიტომ არ ვწერ! მე რატომ მიყვარს? ჰო, ძალიან დიდ პატივს ვცემ და მ ი ყ ვ ა რ ს! უხეში გარეგნობის, რთული ხასიათის მიღმა, ასე მგონია, დიდი და სიყვარულით სავსე გული იმალება, საქმის, ცოდნისა და სტუდენტების სიყვარულით ანთებული დაუღალავი  გული… მისი გამოხედვა და  სიტყვები, რომელსაც რატომღაც დაცინვად და ცინიზმად მიიჩნევენ, მე მოტივაციას მიღვიძებს და განვითარებისკენ, მეტი ცოდნის დაუფლებისკენ მიბიძგებს… ორჯერ შემაქო.  პირველმა შექებამ განმამტკიცა, ძალა შემმატა, მეორეჯერ მისმა  ასეთმა საქციელმა ისე დამაკომპლექსა, საბოლოოდ ისე მოხდა  იმედი გავუცრუე… მაგრამ,  დიდი გაკვეთილი მივიღე…  მისი მოსმენა თუნდაც 5 წუთით უფრო ნაყოფიერია,  ვიდრე მოტივაციის ამაღლებაზე დაწერილი ლიტერატურის კითხვა…                                                                  მიყვარს, მისი ინდივიდუალობის, უცნაურობების, გულში მიმალული სტუდენტების უსაზღვრო სიყვარულის, პროფესიის ერთგული სამსახურის  გამო…..

მკაცრი გარეგნობა, მუდამ სერიოზული სახე, მაშინაც კი, როცა გულიანად, ბოლო ხმაზე ხარხარებს…  მკაცრი ტონი და ,,ჯუჯღუნა” ხასიათი, რომელიც ხშირად ყველას ნერვებს უშლის… საქმის უბადლო მცოდნე და საოცარი მ ე წ ვ რ ი ლ მ ა ნ ე და ფრთხილი, რომ შეცდომა არ გაეპაროს. ენაკვიმატი, ხუმარა… ყველას იმედი და დამხმარე… მგონი ყველა ფიქრობს (მათ შორის მეც) რთული ადამიანია, მაგრამ ყველა პატივს სცემს, თუ არ უყვართ, არამგონია სძულდეთ.. მე ძალიან მიყვარს, მისი მადლობელი  ვარ, მისგან უამრავი რამ ვისწავლე და ვსწავლობ…

საოცრად ჩეულებრივი, არანაირად გამორჩეული და უცნაური, ლაღი, მხიარული, ხუმარა… თან ძალიან ჭკვიანი! არასოდეს მინახავს მოწყენილი, მუდამ იმედიანია და ღიმილიანი, კიდევ ნათელთვალებიანი და ნათელსახიანი… უბრალოდ ძალიან მიყვარს…. (მსგავსი ადამიანები ბევრი შემხვედრია, მეტ-ნაკლები ინდივიდუალური თავისებურებებით, მაგრამ ყველა საყვარელია)

ზორბა, დიდი აღნაგობის კაცი, სამხედრო ნაბიჯებით და მკაცრი ხმით.. რატომღაც მგონია არავის უყვარს.. 😦 ერთი შეხედვით ჩანს ცინიკოსია და თავის თავს სხვებთან შედარებით მაღლა აყენებს, მაგრამ დავინახე შვილიშვილების ერთად, მაშინ სულ სხვანაირი იყო… სიმკაცრის ფასადი  სადღაც გამქრალიყო და მისი თვალებიდან გადმონათი თბილი შუქი ეფინებოდა პაწია ანგელოზებს… მე ვნახე მისი ნახატები, ნატიფი, მშვენიერ, საოცრად გრაციოზული და დახვეწილი ფიგურები! როგორ გამიკვირდა ვერ წარმოიდგენთ, ყველაფერს წარმოვიდგენდი და ბატონ ……-ს ამ ნახატების შექმნა თუ შეეძლებოდა ვერა….  მე ვნახე ერთხელ ყავას იდუღებდა და თან ტკბილად, ჩუმად ღიღინებდა…. ასე მგონია, ის სიმკაცრე ნიღაბია, ფასადია, შინაგანად კი სულ სხვანაირია, მაგრამ კომპლექსების დასაფარად ცდლობს სხვანაირი ჩანდეს… მისი უნიღბო სახე მიყვარს….

ის უ ც ნ ა უ რ ი ა! ისე უცნაური, რომ მისნაირი არავინ მინახავს! მიკვირს როგორ გამიგო, ან როგორ გავიგე, თითქმის რადიკალურად განსხვავებულია ჩემგან, პირადად არ ვიცნობ, მაგრამ სოციალური ქსელის მეშვეობით  დავმეგობრდით… ისე გავუგეთ ერთმანეთს, რომ პირად პრობლემებზე, ადამიანებთან ურთიერთობებზე, საკუთარ შინაგან სამყაროზე და მისწრაფებებზე დიდხანს, გულახდილად გვისაუბრია.. ძალიან მიკვირს, მაგრამ ასე მგონია, ამ  ადამიანს ვენდობი, ბოლომდე გულწრფელობა შემიძლია მასთან..მიყვარს მისი უცნაურობების, ახირებების, სითბოსა და სიყვარულის, გულუბრყვილობის, ბავშვური ხასიათის, მისი სულის ნათების გამო…

უნებურად უცნაურმა გრძნობამ შემომიტია, ჩავფიქრდი ზოგადად ადამიანებზე და         იმ ადამიანებზე ვინც ჩემს ცხოვრებაზე გავლენა იქონია.. ასეთი ძალიან, ძალიან ბევრია… ღვთის გაჩენილი თითოეული ადამიანი გამორჩეულია, ინდივიდია, პიროვნებაა, რომელსაც ინდივიდუალური თავისებურებები ახასიათებს… ადამიანი, ეს ხომ სამყაროში თავისთავადი,  პატარა უკიდეგანო სამყაროა…  დადებითი თვისებებით თუ ნაკლოვანებებით, ფიქრებით, ტკივილებით თუ  სიხარულებით… მაინც მჯერა და მინდა სულ მჯეროდეს რომ ყოველ ადამიანში მზეა… თითოეულის სულში შესაძლებელია მზის სხივი გამოკრთეს და სიყვარულის მცხუნვარე კოცონად აგიზგიზდეს…. მე მინდა ადამიანებს ასე ვხედავდე… სიღრმეში დაფარულ მშვენიერებას ვხედავდე და ყველაფრის მიუხედავად ყოველთვის მიყვარდეს…..

დე….

დე… დედიკუნა….იცი ერთი სული მაქვს როდის დაგინახავ, ასე მგონია ყველაზე ლამაზი,  ყველაზე საყვარელი შენ ხარ…

მინდა მოგეფერო, თვალებში გიცქირო, გაგიღიმო და შენი თბილი ღიმილი, სიყვარულით სავსე თვალები დავინახო….

დე, იცი, არ მინდა აქედან წასვლა, მე ხომ შენში ვარ, შენი ნაწილი ვარ, შენით ვარსებობ, შენით ვსუნთქავ, ერთი მთლიანი ვართ…აქ თბილა, სიმშვიდეა, ვიცი, ბევრჯერ დამიძინია, მაგრამ  არ დაგიტოვებივარ, შენ რომ გძინავს, მაშინ მე გდარაჯობ დე… შენს გულისცემას ვუსმენ და ვცდილობ არ ვიმოძრაო, რომ შენ არ გაგაღვიძო…

დე, მაპატიე, ზოგჯერ გაღვიძებ ხოლმე, მეშინია და იმიტომ, ხანდხან ვერ გგრძნობ და მგონია დამტოვე, ამიტომ გაღვიძებ…

დე, ხანდახან ვიცი ტკივილს გაყენებ, ამ დროს მეც მტკივა დე… მტკივა და ვერ ვითმენ, სუსტი ვარ, პატარა ვარ დე… როცა გავიზრდები უფრო ძლიერი ვიქნები და მოვითმენ დე…

იცი, მამიკოსაც ვგრძნობ, როცა მელაპარაკება,  გვეფერება, ისიც ჩვენთანაა… დაბადება იმიტომაც მინდა, რომ მამიკო დავინახო, უფრო მეტად ვიგრძნო და შევიყვარო…

სამნი ვიქნებით დე….  ერთად ვიქნებით დე…. მინდა სიხარული მოგანიჭოთ…. მიყვარხართ  დე…..

ბოლო ტკივილებსაც გაუძელი და დამინახავ, გამიღიმებ…..

ხელში ამიყვან მალე  დე…

რაც მინდოდა გამეგონა…

* * *

– თამარ, შენი შვილიც წავიდა?

– რა თქმა უნდა.. ორივე შვილი გავუშვი… ღმერთია მოწყალე…

– კიდევ კარგი ჩემსას არ გამოუთქვამს სურვილი, თორემ ვერ გავუშვებდი, ნათესავთანაა  სოფელში, იმედია იქ არ გამოიძახებენ… გოგო, შენი ნიკა როგორ წავიდა, ჯერ ხომ თვრამეტისაც არაა!

– მამამისი ადრე წავიდა, უფროსი რომ ემზადებოდა წასასვლელად,  პატარაც აედევნა, მერე რა, რომ რამდენიმე თვე მიკლია  სრულწლოვანებასო, ახლა არავინ არჩევს ვინ რა ასაკისაა, მთავარია ქვეყანა დავიცვათო, საქართველო თითოეულმა ქართველმა უნდა დაიცვასო… გულში ჩამიკრა წასვლისას, ტკბილად ჩამეხუტა  და მითხრა დე, მინდა საქართველოს ვუერთგულოო…. იცი, როგორ ვამაყობ ჩემი ნიკათი? ჯერ სულ პატარაა,  მაგრამ მზადაა თავგანწირვისთვის… – თქვა თამარმა და აცრემლდა.

– რა საშინელებაა, ღმერთით ცოცხალი დაგიბრუნდება! ვინ თქვა ჯერ მაგის ომი! დამშვიდდი….

– იცი, მეშინია რომ შეიძლება საშინელება მოხდეს, ოჯახის ყველა წევრი იქაა… შეიძლება შემაძრწუნებელ სინამდვილესთნ მომიწიოს შეჯახება, მაგრამ მიხარია… ისინი ხომ ქვეყნის ვალს იხდიან.. და თუ მათი სისხლი დაიღვრება, ის წინაპართა სისხლით გაპოხიერებული მიწისთვის დაიღვრება!

* * *

– ომში მივყავართ, ძმურად, გთხოვ, ნუ წამოხვალ, მაინც გასული ხარ ნაწილიდან, გაერიდე სიტუაციას“, – ძმაკაცის ამ სიტყვებმა წყობიდან გამოიყვანა.

–  მაგ კაცად მიცნობ, რომ არ წამოვიდეო?

მაშინვე მივარდა დედასთან, გულში ჩაეკრა, მერე  ღვთისმშობლის ხატი მისცა და უთხრა –  ილოცე, ღვთისმშობელს ევედრე საქართველო დაიფაროს და გადაარჩინოს, მაშინ მე რა  მომკლავს, რომც მოვკვდე, ვიცოცხლებო…

მისი სიცოცხლე სამშობლოს შეეწირა……..

* * *

დედას რომ ხედავდა ტკივილისგან გათანგულს, სუნთქვა ეკვროდა…… მას მკერდი მოკვეთეს.. გამაყუჩებელი კი გაუკეთა ექთანმა, მაგრამ კარგა ხანი გავიდა, მისთვის კი ახლა ვის ეცალა, საავადმყოფო  დაჭრილებით იყო გავსილი.. ითმინა და ვეღარ მოითმინა, დედას ჩაეკონა, ილოცე დედიო, უთხრა და გავარდა.

დედას ვერაფრით დაუამა ჭრილობა, აი, სამშობლო კი თავისი მკერდით დაიცვა…

* * *

მოსწავლეებისს ნაწერებმა ნინო მასწავლებელი ჩააფიქრა, ეტკინა…

– ომი სასტიკია, ქვეყნისა და ოჯახების გამანადგურებელია,  მე მამა წამართვა, სამშობლოს კი შვილები… 😦

– სამშობლოს სიყვარული რას ნიშნავს? ალბათ იმას, რომ მოვუარო ქვეყანას…

– ხშირად როცა საქართველოს ისტორიის ცოცხალ ძეგლებს ვხედავ, ისეთ ბუმბერაზ ღირსშესანიშნაობებს, როგორიცაა სვეტიცხოველი, ჯვარი, გერგეტი, ანანური, გელათი, ან როცა სოფელ-სოფელ მოგზაურობისას თვალწინ ჩემი ქვეყნის ულამაზესი პანორამა იშლება გული მეკუმშება, სუნთქვა მეკვრის და უნებლიეთ მეტირება, მინდება ხელები დიიდად გავშალო და ჩავეხუტო, იარები დავუამო,დავიცვა….

– სამშობლო ეს ხომ დიდი სიყვარულია, სიყვარული, რომელიც დაბადებითგანვე დაყვება ადამიანს, უბრალოდ, ზოგჯერ გულგრილობის თუ მოუვლელობის გამო ნადგურდება.. 😦 გამიგია, სიყვარულს მოვლა უნდაო, ჰოდა, სამშობლოს სიყვარულსაც მოვუაროთ უნდა….

* * *

კიდევ ვაპირებდი  რამე დამეწერა, მაგრამ ხაშურის მე-7  საჯარო  სკოლის  მე-11  კლასის  მოსწავლე თორნიკე  სამხარაძე ყველაფერს ამბობს:

“დაიზრდებიან …მტრის  ჯინაზე …დაიზრდებიან …”

-ბიჭია, ბიჭი ! – შესძახა  მახარობელმა.  ქართულ  სოფელში, მტრის  გულუს  გასახეთქად  თოფმა  იჭექა. გვარის  გამგრძელებელი, ქვეყნის  დამცველი, კიდევ  ერთი  ქართველი  ვაჟკაცი  დაიბადა! გიორგი – ბოროტი  ძალის  დამმარცხებელი !

-ბიჭია ? – იკითხა  გაოგნებულმა  ქალმა. ცრემლი  ჩამოუგორდა. სად  წაიყვანის  პატარა ?! ირგვლივ  რუსული  ყინვა  დათარეშობს, ვინ  დაიფარავს  მას  განსაცდელისგან? საშა  დაარქვა. ისე, უბრალოდ . . .

დრო  გადიოდა. ბიჭები  იზრდებოდნენ. ერთი – ქართული  ტრადიციის  მიხედვით, სამართლიანი, თავისუფლებისა  და  ქვეყნის  მოყვარე, კეთილი , ლაღი, მეორე – რუსული  კლიმატივით  ცივი, გულჩათხრობილი. გიორგის  ქართველობა  ეამაყებოდა. ღვთისა  და  ერის  წინაშე  ვალის  აღსასრულებლადაც  უყოყმანოდ  წავიდა, ომია  და  დედის  კალთას  ვერ  ამოვეფარებიო.

საშაც  წავიდა  ომში. სხვის  ომში. უსამართლო  ომში. გაბოროტებული, სიძულვილით  სავსე  გულით. სულერთი  იყო  მისთვის.

ცეცხლის  წვიმაში  წინაპართა  ხმები  ჩაესმოდა  გიორგის. გააფთრებული  ებრძოდა  მტერს. უკან  დედა  და  დედასამშობლო  იყო. არც  ერთს  არ  ეღალატებოდა ! ქართული  ტაძრები  იყო  და  მტერს  ვერ  წააბილწვინებდა. დაეცა. გმირულად . . . საამაყოდ . . .

საშაც  იბრძოდა. უდანაშაულო  ხალხს  ხოცავდა. ღმერთი  არ  ახსოვდა. ახსოვდა  მეთაური. მისი  ბოროტი  თვალები  და  არყის  სუნი. ეშინოდა  და  იბრძოდა. ომში  პირველად  ნახა  სახლი. სახლი  კი  არა , ოჯახი. მას  ის  არ  ჰქონია. ოჯახურმა  სითბომ  კიდევ  უფრო  გააბოროტა. ჯიბეში  იტენიდა  რისი  წაღებაც  კი  შეეძლო. შეშურდა  ბავშვის, რომელსაც  ამ  სახლში  ბედნიერი  ბავშვობა  ჰქონდა, მას  ის  არ  ჰქონია. ჰოდა, სათამაშოც  მოპარა.

აი, თურმე  რატომაა უსულგულო  რუსი  ჯარისკაცი !

ბაშვობა  არ  ჰქონია, სათამაშო  არ  ჰქონია, ოჯახი  არ  ჰყოლია ! სამშობლო ? ალბათ, არც  სამშობლო! დამარცხდა ! სამარცხვინოდ  დამარცხდა. ბევრნი  იყვნენ. მართლები არ  იყვნენ  და  დამარცხდნენ.

გიორგი  გმირულად  დაეცა. სხვისი  სიცოცხლე  იხსნა, თვითონ  კი  დაიღუპა. მის  საფლავზე  მისი  მოსახელე, პატარა  ვაჟკაცი, პატარა  გიორგი  დაბობღავს  ახლა  და  ბუტბუტებს : “მე  პატარა  ქართველი  ვარ ! “

ომი იყო, უსამართლო  ომი ! ომმა  მებრძოლი  სული  გააღვიძა  ქართველში. არ  გადაშენდება  მტრის  ჯინაზე ! “კიდევაც  დაიზრდებიან  ალგეთს  ლეკვები  მგლისანი ! ”

* * *

,,- მაპატიე ჩემო ძმაო ან დაო, იცი როგორ მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრად! დედას ვფიცავარ, მამას ვფიცავარ….და ყველას ვფიცავარ და…. სულ ვფიქრობ რა უშველის ჩემს ქვეყანას?! როდის დაადგება საშველი და ასე შემდეგ.  ვფიქრობ, რუსებთან ერთობა უშველის მეთქი, ამერიკასთნ ერთობა უშველის მეთქი, ევროპასთან კავშირი უშველის, აზერბაიჯანთან კავშირი ერთობას უშველის თქო და ასე შემდეგ….  ,,ეტა ვსიო ბოლშოი ვსდორ! ვეღარ დავამთავრე, უნდა წავიდე…  უწმინდესის ფორმულა – ,,საქართველოსთვის ბრძოლა თითოეული ქართველის სულიერი ბრძოლის ხაზზე გადის!”  წავედი, მთვრალი ვარ!” – 28 ივლისს  facebook – ზე ზუსტად ეს შეტყობინება მომივიდა, მე მოგვიანებით ვნახე და ასევე მოგვიანებით, ავტორს მიეწერა ,,მაპატიე, სხვაგან ვაგზავნიდიო”…

იცით.. ასე მგონია ეს შეტყობინება შემთხვევით არ მოსულა ჩემთან… მან ის თქვა ხმამაღლა, რაც მინდოდა გამეგონა, რაც ბევრს უნდა გაეგონა!

მაპატიე ჩემო  მეგობარო, მაგრამ იმხელა ემოციაა შენს სიტყვებში, ვეღარ დავიტიე და გამოვაქვეყნე..

მართლაც, რა საოცარია უწმიდესის სიტყვები: ,,საქართველოსთვის ბრძოლა თითოეული ქართველის სულიერი ბრძოლის ხაზზე გადის!”

,,…რომ სიყვარული იქცეს საქმედ… იქცეს მსხვერპლად… იქცეს ძღვენად…”

           უცნობი ბერი ერთ-ერთი უხუცესი ყოფილა მთაწმიდაზე, დაახლოებით ორმოცდაათწლიანი გამოცდილებით და თურმე საქართველოსადმი და ქართველებისადმი უდიდესი სიყვარულით ყოფილა განმსჭვალული.   მამა საბას (სულუხია) ჰქონია ბედნიერება წმიდა მთაზე შეხვედროდა, სწორედ მას გამოატანა ჩვენთან  უდიდესი სიბრძნით, სითბოთი, სიყვარულით გაჟღენთილი ეპისტოლე. არ მეგულება ადამიანი ეს წერილი წაიკითხოს და გულგრილი დარჩეს, არაფერზე დაფიქრდეს… ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა, ამიტომ მინდა თქვენც გაგიზიაროთ…

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

 უფალო მოგვეც ძალა, რომ შეგვეძლოს ნათელი მოვფინოთ იქ, სადაც წყვდიადი გამეფებულა, რომ შეგვეძლოს სიხარულის მიტანა იქ, სადაც მწუხარება დამკვიდრებულა,რომ ვეძიოთ არა ის, რომ ვუყვარდეთ სხვას, არამედ ის,რომ გვიყვარდეს ჩვენ.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ არ ვიყოთ გულცივნი ადამიანებთან და გულგრილნი მათი ტკივილების მიმართ. (რამეთუ ამით არის მოწამლული კაცობრიობა).

რომ მოვიპოვოთ სულიერი ძალა იმისა, რომ ყოველივე რაც კი ჩვენი სურვილის საწინააღმდეგო შეგვემთხვევა,მადლობით მივიღოთ, და მთელი გულით ვუთხრათ:მადლობა ღმერთს…

..უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ შევძლოთ ტვირთვა მოყვასის სიმძიმისა.რომ მეყვსეულად განვაგდოთ ყოველი ცოდვილი გულისთქმა.რომ შეგვეძლოს სიხარულად ვექცეთ შეჭირვებულს.რომ შეგვეძლოს იმედად ვექცეთ იმედგაცრუებულს.რომ არ დავემონოთ კაცთა და სახმართა.რომ გავთავისუფლდეთ მრისხანებისაგან, გულისწყრომისაგან და საკუთარი ნების გატანის სურვილისაგან.(წმიდა მამები ამბობენ: “დაამარცხა ქრისტიანმა მრისხანება და თვითნებობა?”)მან დაამარცხა ეშმაკი!

.უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ შევიცნოთ ჩვენს თავში ძველი ადამიანი და დავამარცხოთ იგი.რომ კი არ ვამბობდეთ ყველაფერს რასაც ვფიქრობთ,არამედ კარგად დავფიქრდეთ თუ რა უნდა ვთქვათ.რომ სიღრმისეულად შევიგნოთ ის, რომ ამასოფლიური კეთილდღეობა მსწრაფლწარმავალი და არამდგრადია.

რომ იოლად არ ვაპატიოთ საკუთარ თავს უმცირესი შეცდომოების დაშვებაც კი, რათა არ დავისაჯოთ მათ გამო.რომ გულისხმავყოთ ის, რომ საუკეთესო საქმიანობა, ყველაზე სასარგებლო შრომა და უმაღლესი მეცადინეობა არის:

ყოველგან და ყოველჟამს სიკეთეს ვიქმოდეთ.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რათა არასოდეს დაგვავიწყდეს ის, რომ “გასაღები”ჭეშმარიტი ბედნიერებისა და თავისუფლებისა ქრისტეს ჯვარზე არის ჩამოკიდებული.რომ გასაგები გახდეს ჩვენთვის ის, რომ ვინც სხვასი მორჩილებს – ძლიერია, ხოლო ვინც ქრისტესთვის ემორჩილება ის უძლეველია!

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ მოვიპოვოთ “უმაღლესი განათლება”, რაც სხვა არ არის რა, თუ არა მოძულება ყოველივე უსჯულოებისა.რომ ვისწავლოთ ჯერ ჩვენ თვითონ ავასრულოთ ის, რასაც სხვას ვურჩევთ.რომ ცხოვრების წესად გვექცეს: არ ველოდოთ თუ რას გაგვიკეთებს სხვა, არამედ ვზრუნავდეთთუ რას ვაკეთებთ ჩვენ სხვისთვის.რომ სხვადახვა განსაცდელების და სიძნელეებისდროს მოვერიდოთ სიტყვას “რატომ”? (ყურადღება:”რატომ?” არის შეცდომა, “რატომ?” ნიშნავს კიდევ ერთი განსაცდელი მოვიწიოთ საკუთარ თავზე).რომ მარადის მთელი გულით ვამბობდეთ:იყავნ ნება შენი უფალო!

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ არასოდეს ვერეოდეთ სხვის საქმეში.  (ფრიად დამამწუხრებელია როდესაც ადამინი ცდილობს სხვისი ქცევის მოწესრიგებას, მაშინ როცა მისი პირადი ცხოვრება არის სრული უწესროგობა).რომ არასოდეს გვავიწყდებოდეს:

1) დაუცადებელად მოვუხმობდეთ იესო ქრისტეს სახელს,რომ არ გვავიწყდებოდეს.                                                                                                          

2) მარადიული დანიშნულება ადამიანისა, რომ არ გვავიწყდებოდეს.                                                                                                                      

3) პასუხისმგებლობა ვალდებულებებზე,შრომისყოვარეობის სარგებელი,სიტყვაძუნწობა და არა მრავლისმეტყველება.

მოკრძალება და არა საკუთარი თავის წარმოჩენა.თბილი ღიმილი და არა პირქუშობა.

განრიდება ყოველივე უსჯულოებისაგან. რომ განუწყვეტლივ ვებრძოდეთ დაცემულობას ადამიანისას, ოღონდ ისე, რომ ადამიანს ჭრილობა არ მივაყენოთ,

რომ ვიყოთ დაუღალავნი სხვათა შეწევნაში.რომ დაუვიწყარი გახდეს ჩვენთვის უდიდესი კანონი:ცხოვრება არის უწყვეტი მსხვერპლისგაღება.(და ვინც არ შეიყვარა და მოყვარის ტკივილი არ გაინაწილა მარადის გლახაკი დარჩება!)

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ წესად დავიდოთ სანამ რაიმეს ვიტყოდეთ, ვკითხოთ საკუთარ თავს: “ის რაც უნდა ვთქვათ: არის სიმართლე?  არის სასარგებლო? არის აუცულებელი, არისკეთილშობილური? არის ქრისტიანული?                                                                                                                                                                                                           ნებავს ღმერთს??? ”    რომ ვიყოთ მშვიდობისმყოფელნი და შემრიგებელნი ადამიანებთან ურთიერთობისას.რომ ვიქცეთ სულიერ “ოაზისად” ამა სოფლის “საჰარაში”.                                                                                                                                 რომ შეგვეძლოს “ჩვენი უფლებების” მსხვერპლად გაღება იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, მეგობრობა, თანასწორობა, ჰარმონია…

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ გავხედეთ ნამდვილი ბრძენნი, (ამისათვის კისაკმარისია საკუთარი უვიცობის დანახვა).რომ გავხდეთ შემწყნარებელნი და მომთმენნი სხვათა შეცდომების მიმართ.რომ ვიყოთ თავისუფალნი, მაგრამ არა უწესრიგონი.(უდისციპლინონი).რომ არასოდეს აკლდეს ჩვენს სიტყვებს, ჩვენს ქმედებას, და ყოველ ჩვენს ქცევას “მარილი”.

რომელი “მარილი?” მარილი ჭეშმარიტი სიყვარულისა…

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ მივემსგავსოთ ვარდებს, რომლებიც არ ლაპარაკობენ,არამედ მხოლოდ სურნელს აფრქვევნ.რომ სულიერი შფოთის და მრისხანების ჟამს არაფერს ვამბობდეთ და ვიქმოდეთ, არამედ მხოლოდ ვითმენდეთ…

რომ კაცთმოყვარე ღმერთი არ მოითხოვს ჩვენგან იმდენ შრომასა და ღავაწლს ცათა სასუფლევლისათვის, რამდენადაც სატანა ჯოჯოხეთისათვის.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ ვხედავდეთ ნათლად: თუ არ მოვკვდით ქრისტესთვის, ვერ ვიცხოვრებთ მასთან ერთად.რომ გვჯეროდეს და გვწამდეს, რომ ყველა სხვა გამარჯვებაზე შეუდარებლად აღმატებული არის გამარჯვება საკუთარ ეგოიზმზე, (საკუთარ თავში ძველ ადამიანზე).

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ შევიყვაროთ და მოვიხვეჭოთ კეთილშობილება(ხასიათისა), რომელიც შეიძინება უსასყიდლოდ,მაგრამ ყიდულობს ყველაფერს.რომ ვირწმუნოთ: არ არსებობს “კარი” დაკეტილი, რომელიც არ იღება სიყვარულით და მოთმინებით.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ ვისწავლოთ როგორ გავიღოთ მსხვერპლად რაიმე პირადი დროიდან, რომ სიყვარული იქცეს საქმედ… იქცეს მსხვერპლად… იქცეს ძღვენად…რომ ვისწავლოთ თუ როგორ ვიცხოვროთ ამა სოფელში ისე,რომ ამა სოფელმა არ იცხოვროს ჩვენში.რომ ჩვენში მხოლოდ ღმრთის სიყვარული სუფევდეს და ვცხოვრობდეთ მისი წმიდა ნების აღსასრულებლად და მოყვასის სიყვარულისთვის.რომ დავინახოთ ჩვენი მდგომარეობა, დავინახოთ სიღრმე ჩვენი სინანულისა, ჩვენი სულიერი ჭრილობები, თუ როგორ აავსო”სოფელმა” სული ჩვენი უშჯულოებით, თუ როგორ სავსე ვართ “ეგოიზმით”, და მაშინ მივხვდებით, რომ სხვათა გამოსწორებას კი არ უნდა ვცდილობდეთ, არამედ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ სულიერ გაჯანმრთელებაზე ვზრუნავდეთ.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ ჩავწვდეთ არსს იმისას, რომ უდიდესი ბედნიერება მიენიჭება ადამიანს, სხვისთვის ბედნიერების მინიჭების მცდელობისას.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ სიღრმისეულად შევიმეცნოთ: ჭეშმარიტი სიყვარული ნიშნავს საკუთარი თავის მსხვერპლადგაღებას.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ მარადის გვახსოვდეს:მონა ქრისტესი არის ყველაზე  თავისუფალი ადამიანი! 

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ შევიმეცნოთ თუ რა არის ნამდვილი “თავისუფლება”. რამეთუ თავისუფლება არ ნიშნავს შეგეძლოს აკეთო ის, რაც გინდა, რაც მოგეხასიათება, არამედ თავისუფლება არის: შეგეძლოს (უნარი გქონდეს) აკეთო ის, რაც სწორია (რაც ღმერთს უნდა!)

..უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ შევძლოთ სწავლა მოთმინებისა….რამეთუ მან ვინც ისწავლა მოთმინება,ისწავლა თითქმის ყველაფერი,რომ შეგვეძლოს ტკივილის ჩვენთვის დატოვება,ხოლო სიხარულის სხვათათვის განაწილება.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ შევისისხლხორცოთ, რომ მტერი ჩვენი ის კი არარის ვისაც ჩვენ ვძულვართ, არამედ მტერი ჩვენი არის ის, რომ: ჩვენ გვძულს.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ შევძლოთ ცრემლი მოვწმინდოთ შეჭირვებულს..რომ ჯვარს ვეცვათ იმისათვის, რომ აღვსდეგეთ.რომ მოვკვდეთ ამასოფლისთვის,რათა ვიცხოვროთ ქრისტეში.რომ ვეძებდეთ არა იმას, რომ ესმოდეთ ჩვენი,არამედ იმას, რომ ჩვენ გვესმოდეს სხვისი.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ შევიგნოთ, თუ ჯერ კიდევ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვცხოვრობთ,

არსობრივად ცხოვრება არ დაგვიწყია!

რომ გავინაწილოთ სხვისი მწუხარება და ტკივილი.და თუ ამას მოვახერხებთ მაშინ მთელს კაცობრიობასთანდა მთელს სამყაროსთან ვიქნებით დაკავშირებულნიერთი საიდუმლო კავშირით.

კავშირით სიყვარულისა…

ვილოცოთ რომ ვაქციოთ მდუმარება ქადაგებად,ვილოცოთ რომ ვიქადაგოთ საკუთარი სიმდაბლით,ვილოცოთ რომ ვიქცეთ ნათელ მაგალითად ყველასათვის,ვილოცოთ რომ ყურადღებით მოვეკიდოთ ყოველდღიურ ცხოვრების ყოველ წვრილმანსაც კი, რამეთუ ეს უმნიშვნელო წვრილმანები განსაზღვრავენ ხასიათს სრულისას, დაწვრილმანების სრულყოფა წვრილმანი კი აღარ არის, არამედ თავად სრულყოფილებაა…

ვილოცოთ რომ ვისწრაფოდეთ სრულყოფილებისაკენ,და მთელი ცხოვრება იქცეს ერთ ცოცხალ ქრისტიანულ მაგალითად, და დაუცხრომელად ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა, მამასა და ძესა და სულსა წმიდასააწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!

წყარო: