სევდა
კაეშნის ღამის ფიქრები…
ისტორია დაიწყება და აუცილებლად ლამაზიო….მას დასასრული არ ექნებაო..რადგან მჯერა,რომ თუ რამე დაიწყება ,ის არასოდეს დასრულდებაო….არასოდეს დასრულდება არაფერი…მაგრამ, ეს არაფერი ზოგჯერ ყველაფერიაო…… _ ეს ისე..უბრალოდ …კანუდოსელი შემოფარფატდა ჩემს სულში და აავსო..გაათბო…
თავს ვაიძულებ დავაჯერო..მაგრამ არა!ეს არ მჭირდება, რადგან ისედაც მჯერა..ან მინდა დავიჯერო,რომ ყველაფერი რაც მშვენიერია,ამაღლებულია,სუფთა და ფაქიზია, არ შეიძლება დასასრულისთვის იყოს განწირული…მართლაც…როგორ დავიჯერო ,როცა:
,,სიყუარული არასადა დავარდების, გინა თუ წანაწარმეტყუელებანი განქარდენ, ანუ თუ ენანი და-ვე-სცხრენ, გინა თუ მეცნიერებანი განქარდენ…”
,,ხოლო აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ და სიყუარული, სამი ესე; ხოლო უფროჲს ამათსა სიყუარული არს…”
სამი რამაა უმთავრესი..რწმენა,იმედი და სიყვარული…რწმენა სინამდვილედ იქცევა,როცა ჭეშმარიტებას თვალნათლივ იხილავს.იმედიც განქარდება,როს ფრთას შეისხამს და განხორციელდება…სიყვარული კი..მარადის ჰგიებს…რაც არ უნდა მოხდეს…იზრდება და იფურჩქნება ..ღმერთში…ღმერთი ხომ სიყვარული არს….
სიყვარული…რას არ უწოდებენ..როგორ არ განმარტავენ…ათასფერად აფერადებენ და ამკობენ..მაგრამ, მის არსს ალბათ იქამდე ვერ გამოვცდით, სანამ საკუთარ გულში არ გავაღვიძებთ…ბედნიერია ადამიანი ,ვისაც თანდაყოლილად აქვს მომადლებული უფლისგან სიყვარულის ნიჭი…სხვამ კიდევ, ის თავის თავში თვითონ უნდა აღმოაჩინოს..აღზარდოს…ან მის ძიებაში დაშვრეს და ბოლოს საწადელს ეწიოს…როგორც აბიბო(ჯემალ ჯაყელის ,,კაეშნის ღამის სანთელში”)დაადგა ,,ოცნების გზას”,გზას,რომელსაც სიყვარულამდე უნდა მიეყვანა,…მან ხომ სულის საგზლად იმედები გამოასკვნა,,სუფთა მარლის ნაჭერში და ჩაიდო უბეში” რათა მოეპოვებინა სიყვარულის ნიჭი და ნამცეცობის შეგრძნებიდან თავდაღწევა…
ალბათ თითოეული ადამიანის გულში ჩნდება განცდა,უკმარისობის,ქონდრისკაცობის,ნამცეცობის შეგრძნების..გინდა გაიზარდო,აივსო,ის იპოვო ,რაც გაკლია,რაც ყველაზე სუფთა და ფაქიზია,რისთვისაც ხარ მოვლენილი და რაც უპირველესი დანიშნულებაა…ჩვენც ვადგებით იმ ბილიკს,რომელმაც მასთან უნდა მიგვიყვანოს,მაგრამ ვაი რომ უამრავ დაბრკოლებას ვაწყდებით და ბევრჯერ წავიბორძიკებთ….რამდენი ვერ უძლებს და უკან ბრუნდება…შეიძლება გზის უმეტესი ნაწილიც კი ქონდეს გავლილი,მაგრამ ვეღარ უძლებს..გზა ხრიოკია,ეკლიანი და გაუსაძლისიც კია ხანდახან მასზე სვლა… მაგრამ რწმენა და იმედი ყავარჯნებივით შემოდგომიან მხრებში ლტოლვილ მგზავრს,და მიაცილებენ დანიშნულების ადგილისკენ…
ეს ერთი შეხედვით ზედაპირულად ლამაზ პანორამას ჰგავს,რომელსაც ყველა თავისებურად ხედავს და განიცდის…
,,როცა სიყვარული და რწმენა ძლიერია,ადამიანი ყველაფერს იტანს:დაცინვას,დამცირებას,შეურაცხყოფას,ტანის დამახინჯებას,ყველაფერს…”ზოგი ცდილობს მიბაძოს,ზოგი თავისთავში ვერ პოულობს ძალას და გაურბის…რადგან ხვდება მის ყოვლისმომცველ სიძლიერეს და ეშინია…
მაგრამ საშიში განა რაა..უბრალოდ ჩვენი სისუსტის გამო ვფიქრობთ ასე..სიყვრულის ნიჭი ხომ უდიდესი წყალობაა,ყველაზე ფაქიზი და თბილი ,რაც კი ძალგვიძს ვიტვირთოთ…ეს ის გრძნობაა ,რომელიც შინიდან,სულის,გულის უშორესი კუნჭულებიდან გვათბობს,გვასხივოსნებს..გვაფარფატებს..გვავსებს…ის გრძნობაა ,რომელიც სხვის ტკივილს ,როგორც საკუთარს ისე განგაცდევინებს,ის გრძნობაა,რომელიც ხშირ შემთხვევაში სამუდამოდ დაღავს გულს და მოუშუშებელ იარებს გვაყენებს..მაგრამ ,ყველაფრის მიუხედავად ,ის მაინც ყველაზე ტკბილი,ამაღლებული და ყველაზე ლამაზია…ის ღვთიური უნარია,დაკარგული და კვლავ მოპოვებული…რომელიც უნდა დარგო და გაახარო..ან სასტიკი ტანჯვისა და საშინელი გამოცდის ფასად იყიდო….
სიყვარულის მოძღვარიც ხომ მოგვიწოდებს:
,,ერთმანეთის სიყვარული უნდა ვისწავლოთ. ნურავის ეგონება, რომ სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია, სიყვარული ისწავლება და ყველამ უნდა ვისწავლოთ…”
ვინც ეძიებს პოულობს…(როგორც აბიბომ იპოვა) და თუ იბრძოლებს, არასოდეს დაკარგავს...,,სიყვარულისთვის ხომ დრო ,,ღუზაზე დგას”…
სიყვარულით ანთებული კაეშნის ღამის სანთელი იწვის ჩუმად… იღვენთება,გულს ათბობს ,მაგრამ თან უცნაური,ტკბილი კაეშნით ავსებს… უკანასკნელი ფურცელიც მიილია სიყვარულით სავსე,უთბილესი წიგნის…ეს სანთელიც უცნაურია…როგორც მზე,რომელიც ერთსა და იმავე დროს თვალებს აბრწყინებს და აცრემლებს….
,, ნათელი სევდის”კარიბჭესთან…
დაიწყო გზა გულშემუსვრილობისა და სინანულისა…ჩვენს წინ გაიღო სინანულის კარიბჭე..უფალი კიდევ ერთხელ გვაძლევს საშუალებას ჩავიხედოთ გულისგულში,ჩვენი დაცემულობა შევიგრძნოთ და გულშემუსვრილებმა სამოთხიდან დევნილი ადამივით შევღაღადოთ უფალს:
„ჰოი, შენ, სულო ჩემო, უბადრუკო, სამოთხის მემკვიდრ-იყავ, ტკბილსა მას საშუებელსა და გიბრძანა უფალმან ხისა მის არა ჭამად, რაისათვის გარდახედ მცნებასა მას სახიერისასა?“
,,ერთი მცნებაჲ შეურაცხ-ვყავ მეუფისაჲ, და ბევრეულთა კეთილთაგან გამოვიჴუ. სამოთხეო უწმიდესო, ჩემთჳს დასხმულო, და ევაჲს მიერ დაჴშულო, ვითარ-მე გტიროდე შენ, ანუ ვინღა მომცეს მე ყუავილთაგან შენთა განძღომა!”,
ადამი მიხვდა თავის შეცოდებას და შეინანა…მიხვდა ,რომ თვითონაა დამნაშავე მომავალი კაცობრიობის ტანჯვაში. ცრემლისა და სისხლის ნაკადები, მთელ დედამიწას რომ მორწყავენ, მისი შეცოდების გამო დაიღვრება…დიდი იყო მისი სინანული…ის მისი ხანგრძლივი ცხოვრების მთავარ შინაარს შეადგენდა. სინანულს უქადაგებდა იგი თავის მრავალრიცხოვან შთამომავლობას. .. ჩვენც მას უნდა ვბაძვიდეთ,მისებრ უნდა შევღაღადოთ უფალს ცოდვათა მოტევება და ხსნა… კათალიკოს–პატრიარმა გასულ წელს მიტევების კვირას იქადაგა:
,, ადამიანი ურთულესი ბუნებისაა: იგი შეიძლება ჯოჯოხეთში ჩავარდეს და შეიძლება სრულყოფილების კიბით სასუფეველში ავიდეს! მაგრამ ისიც ვიცით, რომ ადამიანის ცხოვრება განსაცდელია, გამოცდა, – როგორც ამას მართალი იობის წიგნი გვასწავლის. და ღმერთმა ინებოს, რომ ეს განსაცდელი ღირსეულად განვლოთ ყოველმან! წმინდა ეფრემ ასური ამბობს: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისთა!“ დაუკვირდით, როგორ უკავშირებს წმინდა მამა ცოდვათა განცდას განუკითხველობას! აი, ეს არის გზა სასუფევლისკენ!ამიტომ შევთხოვთ უფალს, რომ მოგვანიჭოს ჩვენ მადლი და ძალა, რათა ვიხილოთ ჩვენი ცოდვები, შევინანოთ წინაძე ღვთისა და არ განვიკითხოთ მოყვასი ჩვენი!”
უფლის მიერ ჩვენს შესაწევნელად დაწესებულია მარხვა..დიდმარხვაში სული თითქოს სხეულისაგან დამოუკიდებლობასა და განშორებულობას ეჩვევა და თვითშეგნების უფრო მაღალ საფეხურზე ადის…ეკლესიაში განსაკუთრებული,სულისშემძვრელი ღვთისმსახურება აღესრულება,ისეთი გულისშემმუსვრელი ლოცვებით ,როგორიცაა ანდრია კრიტელის კანონი…ეფრემ ასურის ლოცვა…საოცრად ამაღელვებელია მართლაც მარხვის მსახურება,როგორც ალექსანდრე შმემანი ამბობს ესაა ,,ნათელი სევდის ”მდგომარეობა….
ზოგადი შთაბეჭდილება, როგორც უკვე ვთქვი, „ნათელი სევდის“ განწყობაა. დარნმუნებული ვარ, რომ ადამიანი, რომელიც დიდი მარხეის ღვთისმსახურებისას შედის ეკლესიაში და რომელსაც მხოლოდ შეზღუდული წარმოდგენა აქვს საეკლესიო ცხოვრების შესახებ, უცებ მიხვდება, რას ნიშნავს ეს ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივი გამოთქმა. ერთი მხრივ, მთელს ღვთისმსახურებაში ერთგვარი წყნარი სევდა ჭარბობს: შესამოსელი მუქია, ღვთისმსახურება – ჩვეულებრივზე ხანგრძლივი და უფრო მონოტონური, თითქმის უძრავი. საკითხავები და საგალობლები ცვლის ერთმანეთს, მაგრამ თითქოსდა „არაფერი ხდება“. დროგამოშვებით მღვდელი გამოდის საკურთხეელიდან და ერთსა და იმავე მოკლე ლოცვას კითხულობს, რომლის შემდეგაც ეკლესიაში მყოფნი დიდ მეტანიას აღასრულებენ, ე.ი. მიწამდე ხრიან თავს. და ასე დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ლოცვის ამგვარი ერთფეროვნების, ამ წყნარი სევდის წიაღში ვიმყოფებით.
თანდათანობით ჩვენ ვიგებთ, ან, უფრო სწორად, ვგრძნობთ,
რომ ეს სევდა მართლაც ნათელია, რომ ჩვენს არსებაში რაღაც იდუმალი ცვლილება იწყება. თითქოსდა ისეთ ადგილას მოვხვდით, სადაც ვერ აღწევს ცხოვრების ხმაური და ამაოება, ყოველივე ის, რაც ჩვეულებრივ ავსებს ჩვენს დღეებს და ღამეებსაც კი, – ისეთ ადგილას, სადაც მთელს ამ ამაოებას უკვე არანაირი გავლენა აღარ აქვს ჩვენზე. ყოველივე, რაც ადრე ასე მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა და ასე ავსებდა ჩვენს სულს, შფოთვის ის მდგომარეობა, რომელიც ლამის ჩვენს მეორე ბუნებად იქცა, სადღაც ქრება, და ჩვენ ვგრძნობთ თავისუფლებას, ვგრძნობთ, რომ მსუბუქნი და ბედნიერნი გავხდით. მაგრამ ეს არაა ის ხმაურიანი და ზედაპირული, მყიფე და წარმავალი ბედნიერება, რომელიც დღეში ოცჯერ მოდის და გვშორდება. ეს ღრმა ბედნიერებაა, რომელიც ერთი გარკვეული მიზეზიდან კი არ მომდინარეობს, არამედ იქიდან, რომ ჩვენი სული, თევდორე დოსტოევსკის სიტყვებისა არ იყოს, „სხვა სამყაროს შეეხო“. ხოლო შეეხო იგი იმას, რაც აღსავსეა სინათლით, მშვიდობით, სიხარულითა და გამოუთქმელი იმედით. ამ წუთებში ჩვენ გვესმის, რატომ უნდა იყოს ღვთისმსახურება ასეთი ხანგრძლივი და თითქოს მონოტონური. ვხვდებით, რომ სრულიად შეუძლებელია გადავიდეთ ჩვენი სულის ნორმალური მდგომარეობიდან, რომელიც ამაოებით, უდროობითა და ზრუნვითაა სავსე, ხსენებულ სხვა სამყაროში იმის გარეშე, რომ ჯერ არ დავმშვიდდეთ, არ აღვადგინოთ ჩვენს თავში შინაგანი მდგრადობის გარკვეული დონე. ამიტომაა, რომ ისინი, ვინც ღვთისმსახურებას ისე უყურებს, თითქოსდა ეს რაღაც „ვალდებულება“ იყოს და ყოველთვის რაღაც „მინიმალური მოთხოვნები“ აინტერესებს („რა სიხშირით უნდა ვიაროთ ეკლესიაში?“, „რა სიხშირით უნდა ვილოცოთ?“), ვერასოდეს მიხვდებიან ღვთისმსახურებათა ჭეშმარიტ აზრს, რომელსაც სხვა სამყაროში გადავყავართ, სადაც თვით ღმერთი სუფევს! მაგრამ ეს გადასვლა ერთბაშად როდი ხდება, არამედ ნელა, რადგანაც ჩვენი ბუნება დაცემულია და დაკარგა ამ სხვა სამყაროში ბუნებრივი შესვლის უნარი.
„სევდიანი ნათელი“ ჩემი განდევნისა და ამაოდ განლეული ცხოვრების სევდაა. ხოლო ნათელი კი ღვთის სიახლოვესა და მის მიერ მიტევებას ეკუთვნის, ეს ღმერთთან დაბრუნების სიხარული და მამისეულ სახლში შესვლის სიმშვიდეა. ამგვარია დიდი მარხვის ღვთისმსახურების განწყობა, ამგვარია მისი პირველი შეხება ჩემს სულთან.”
საოცრად კარგად და ვფიქრობ ,ზედმიწევნით ზუსტად გადმოსცემს სათქმელს მამა ალექსანდრე …მართლაც ,,ნათელი სევდის ” მდგომარეობაა,სევდის რომელიც თითოეული მორწმუნის სულში ისადგურებს ,მაგრამ ამავდროულად გამოუთქმელი ნათლით ავსებს და აძლიერებს….
ეს ,,ნათელი სევდა” გუშინდელი მწუხრიდან დაიწყო…მართლაც
საოცარი დღე იყო…ყველა შენდობას ვთხოვდით ერთმანეთს ნებით თუ უნებლიედ ჩადენილი ცოდვებისათვის…საოცარი ერთსულოვნება და უდიდესი სიყვარული ვიგრძენი ტაძარში…ადამიანები ცდილობდნენ არავინ არ გამორჩენოდათ..ყველასთვის შენდობა ეთხოვათ…ბუნებრივია ,ყველას პირადად ნახვის საშუალება არ იყო და ბევრმა ამისთვის სოციალური ქსელებიც კი გამოიყენა..ვაღიარებ მეც….ყველა ამას ვერ გაიგებს..კიდეც გაგვაკრიტიკეს… ვფიქრობ ,ამაში ცუდი არაფერია…რა თქმა უნდა, უკეთესია შენდობა პირადად ვთხოვოთ ადამიანს,გადავეხვიოთ..სიყვარული ვაგრძნობინოთ…მაგრამ, როცა ამის საშუალება არ არის?!არაფერს მგონი მაინც ასე ჯობია….ეს არ ნიშნავს იმას ,რომ 1 საათში ისევ იგივე შეცოდება ჩავიდინოთ(რა თქმა უნდა,არავინ უწყის ვინ როგორ და როდის დაეცემა კვლავ)პირიქით..უნდა ვეცადოთ გამოვსწორდეთ..ამოვიდეთ ცოდვის უფსკრულიდან ,ერთმანეთის გულისტკენას მოვერიდოთ,იარები მოვუშუშოთ და იმ ნეტარებით სავსე წუთებით დავტკბეთ რასაც ურთიერთსიყვარული გვანიჭებს…
ალბათ ძალიან პათეტიკური და დემაგოგიური გამომივიდა…ვერ მოვასწარი,უკვე ორშაბათია,შენდობის კვირა გავიდა,მაგრამ მაინც ვითხოვ შენდობას….მომიტევეთ…განსაკუთრებით კრიტიკოსებო…
ყველას გთხოვთ შენდობას ვისაც გაწყენინეთ..ნებით თუ უნებლიეთ….
უფალმა გაგაძლიეროთ….შეგვაძლებინოს გადავლახოთ სევდანარევი,ნათელი დღეები და ერთად გვეზეიმოს დღესასწაულთა დღესასწაული აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი!
ისევ ალექსანდრე შმემანის სიტყვები:
,,როცა დიდი მარხვის „ნათელ სევდაში“ ვაბიჯებთ, ვხედავთ, რომ გზის დასასრული შორსაა, ძალიან შორს. ჩვენი მიზანი, დასასრული გზისა, – სააღდგომო სიხარულია, ზეციური სასუფევლის დიდების ბრწყინვალებაში შესვლაა. და ამ შორეული ნათელის ანარეკლი გვინათებს „მარხვის ჭმუნვას“, „სულიერ გაზაფხულად“ აქცევს მას. ღამე შეიძლება ხანგრძლივი და ბნელი იყოს, მაგრამ მთელი გზის განმავლობაში გვეჩვენება, რომ ჰორიზონტს რიჟრაჟის იდუმალი და კაშკაშა სხივი ანათებს. ნუ ჴუებულ-მყოფ სასოებისაგან ჩუენისა (ნუ დამაცარიელებ იმედისაგან), კაცთმოყვარეო!
სიყვარულის რექვიემი
აქ სიბნელეა…
ოთახის სარკმელს ნამგალა მთვარის შუქი ჰა და ჰა სწვდება,მე კი ვცდილობ პეშვით დავიჭირო მისი სითბო,მერე უკლებლივ ჩაუშვა უბეში,რათა მივაწოდო იმედი სიყვარულს,დავყურებ ტერფებვარდისფერ,სიცხით გათანგულ,გალეულ გრძნობას და შენს გაცრეცილ-გახუნებულ სევდიან ფიქრებს ძაღლად ქცეული მოთმინებით გაბმულად ვუყეფ; კვდება ლამაზი სიყვარული! ღმერთო,ან რაღად მაჩუქე იგი,ანდა,თუ ჩემი სიხარული მთლიანად მას გაუნაწილე,რაღად მიცურებ თითებიდან;მნათობი მოსწყდა ჩანაცრებულ ზეცას გრძნობისას-ისჩემი ბედის ვარსკვლავი იყო.მიწას გაეკრნენ ზარები ზათქით;თვით ბრმა ზარებმაც ვერ შეიძლეს სასტიკი გლოვის მუდმივი ზიდვა; შენც ამ ტვირთივით მძიმე გამოდექ ფრთებფარფატა და ნაზო ლოცვავ სიყვარულისა.
ისევ კვნესიან სირინოზები ჩემში რეკვიემს;ჰა,მოსახდენი დღეს უკვე მოხდა;მე დავიმსხვრიე…ცალკეა სული,ცალკეა გული და გრძნობებიც მიჰქრი-მოჰქრიან;გონებას შეუკრია შუბლი მრისხანედ,თვალყურს ადევნებს მარიონეტთა ტაკიმასხრობას;ისევ კვნესიან სირინოზები ჩემში რეკვიემს.
M.M.M./მაია მარუაშვილი/
***შავი ავაზა***
კარს მომდგარ ღამეს-
ჩემს წინაშე დღე გაიცრიცა,გაილია და ფერწასული
ფანჯრებს დააკვდა ჩემი სახლისას,
ჩამოიბნედა ზეცამ პირსახე-
და მე,
მომსწრე დღე და ღამის შეუღლებისა,
ქარის წრიალში ვუცდი ღამის დაფეხმძიმებას!
აჰა,უკვე შუაღამეა…მიბნედილი,
დაქანცული ლანდი ავაზის
დიდ არენისკენ გაემართება…
წელაზნექილი,ამრეზილი საკუთარ ბედით,
თან დამცინავი ირონიით ყბებდაღრეჯილი
კანით პრიალა და მეტყველი ურჩი თვალებით,
მორჩილებით გადაღლილი შავი ავაზა
კამარას შეჰკრავს…
თვალისმომჭრელად აელვარდა ირგვლივ ყოველი…
და გადართული მისი გონება
შოლტის ტლაშუნში მოხაზავს რკალებს;
ოო,სასაცილო ბედი შენი შავო ავაზავ!!!
შესაგნებელის შეგნებულად შეუგნებელო,
ამპარტავანო ,მაგრამ მაინც მუცლითმხოხველო!
ტაშის გრიალი,შეძახილი ირგვლივ ათასი,
და უამრავთა ბოდვიანი ამოხავლება;
შენ შუბლშეკრული ბოლთას უვლი ცოდვილთა შორის
და მათ ღრიალში ისმის შენი ბრდღვინვა-ვაებაც,
შოლტის ტლაშუნი,ისევ კამარა…
ჩამოიბნედა ზეცამ პირსახე-
და მე,მომსწრე დღე და ღამის შეუღლებისა,
ქარის წრიალში ვუცდი ღამის დაფეღხძიმებას.
აჰაა უკვე შუაღამეა………..
M.M.M./მაია მარუაშვილი/