ჩიხში გალეული ცხოვრება თუ ხიდი მარადისობაზე

,,საერთოდ, რა იგულისხმება „რეალობაში“? ეს არის რაღაც ძალიან არამყარი, ცვალებადი და წერტილოვანი „ახლა“, რომლის პოვნაც შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას – მტვრიან გზაზე, ქუჩაში, გაზეთის სტრიქონში, მზეზე გაშლილ ნარცისში.” ….

,,ზოგჯერ რეალობა ისეთ ფორმებში ბინადრობს, რომლებიც ჩვენი აღქმისათვის ძალიან შორსაა. მაგრამ ყველაფერი, რასაც კი რეალობის ხელი შეეხება, საკუთარ, მუდმივ ადგილს პოულობს ცისქვეშეთში. ეს ის არაა, რაც დღესთან ერთად იწურება და ქრება, ეს ისაა, რაც რჩება წარსული დროისაგან, ჩვენი სიყვარულისა და სიძულვილისაგან”. ….

,,მწერლის ვალია დაიჭიროს სინამდვილის მომენტები, თავი მოუყაროს და სხვა ადამიანებს გადასცეს”….

ვირჯინია ვულფის (,,საკუთარი ოთახი”) ეს სიტყვები გამახსენდა ამოს ოზის ,,ჩემო მიხაელ” რომ დავამთავრე..  საოცარი რეალიზმითაა სავსე მთელი წიგნი.. მიხაელის და ხანას ცხოვრების თითოეული მომენტი ისე ახლოს მოდის კითხვისას, თითქოს საკუთარი თვალებით ვხედავდი, თვითონ განვიცდიდი მათ გრძნობებს..  მკითხველი უხილავად მყოფობს არა მხოლოდ მათთან, არამედ მათშიც, მათ სულში, ფიქრებსა და ემოციებში აღწევს.. თითქოს მწერალმა ჩვეულებრივი რუტინული, არაფრისმთქმელი ცხოვრების მომენტები აკინძა და სხვა აზრი, სხვა მნიშვნელობა მისცა…

ნაწარმოების შესავალში მწერალი ამბობს, რომ ,,ჩემო მიხაელ” თითქმის იძულებით დაიწერა, ხანას სახებამ ისე შეიპყრო, რომ მისი ენით ამეტყველდა და მის სიზმრებს ხედავდა. ავტორი თურმე ფიქრობდა, ერთ მუჭა მგრძნობიარე მკითხველს თუ შემოიკრებდა რომანი, რომელშიც არც სიუჟეტია, არც გმირები არიან მთლად გმირები.. არაფერი ხდება.. ისეთი არაფერი… მხატვრული ხერხებიც მინიმალურია.. წერის სტილი მარტივი, სადა..ჩვეულებრივი.. მაგრამ ამის საპირისპიროდ წიგნი ბესტსელერი გახდა.. ვირჯინია ვულფის არ იყოს,  ავტორმა მოახერხა  ერთად აკინძული რეალობის მომენტები მკითხველამდე მოეტანა.

ცალკე მინდა გამოვყო წიგნში არცთუ ისე იშვიათად გაბნეული, უმარტივესი, ერთ ან ორსიტყვიანი წინადადებები. უბრლოდ სიტყვები და მათ ბოლოს დასმული წერტილები მრავლისმთქმელი, ღრმა და დამაფიქრებელია.. არცერთ მწერალთან შემხვედრია მსგავსი წინადადებები – ,,ვარსკვლავი.”,,პირველი სიტყვები.” ,,თვლემა.” ,,შერჩილვა.”,,თითი მხარზე.”. ,,უტყვი დინება.”,,ფიჭვი და ქარი.”,,შედნობა.”,,მოძრაობა და ჩრდილი.”,,სასიკვდილო შერწყმა.”

გამაოცა ქალის სახის მამაკაცი მწერლის მიერ ასე ვირტუოზულად შექმნამ.. ხანა საოცრად ნამდვილია.. ეს  წიგნი იმ ქალის დღიურს წარმოადგენს, რომელიც ლექსებს არ წერს, თუმცა, სულით პოეტია, ლიტერატორია.. ხანა გრინბაუმ – გონენი – ქალი, რომელზეც ფიქრები, წარმოსახვები, აზრები ბატონობენ.. საკუთარი სულის ფანჯრიდან უმზერს რეალობას და სხვა აღქმით ხედავს. ის რეალურია, არსებობს, თანაცხოვრობს მეუღლესთან, შვილთან, გარესამყაროსთან.. თუმცა, ის ფანჯარა, რომლის დაორთქლილ მინას აკვრია და იმზირება, მისი შინაგანი და გარემომცველი სამყაროს გამყოფია.  ხანა გონენმა დამაფიქრა  ისეთ ადამიანებზე, რომლებიც სიტყვებს, ფიქრებს ვერ აღწევენ თავს.. რომლებიც შინაგან ხმას ვერ ახშობენ, ეფიქრებათ, ეწერებათ, მათ შიგნით არსებული ფერები გარეთ გამოღწევას, ხორჩშესხმას ცდილობენ, ან მათი სულიდან მელოდია ლამობს გადმოიღვრეს.. თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ წერენ, ვერ ხატავენ.. ვერ ქმნიან…  ცდილობენ სიტყვები, ფერები, შემოქმედება მოკლან, ჩაახშონ შინაგანი ხმა და რეალობას არ მოწყდნენ…ისინი სინამდვილეს სხვა ფერებში ხედავენ.. მიწას, არსებულ რეალობას ეჯაჭვებიან თითქოს, მაგრამ მათი არსება მაინც სხვას მიელტვის.. სხვა განზომილებას ესწრაფვის… მართალია არ ქმნიან, მაგრამ შინაგან არსებაში მიძინებულ შემოქმედებას ატარებენ… ასეთ ადამიანებს ვერ უგებენ.. ან ისინი ვერ უგებენ სხვებს.. ისინი ხომ ყველაფერს სხვა სპექტრში ხვევენ და უჭირთ საკუთარი თავების რეალობის ჩარჩოებში ჩატევა..

ხანას საპირისპიროდ, მწერალი გვიხატავს მიხაელ გონენს..  გეოლოგს, შემდგომ უკვე გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, რომელსაც თავისი ცხოვრება დაუკავშირა ხანამ. მიხაელი კარგი ადამიანია, მშვიდი, მშრომელი, მუყაითი, მომთმენი, ჭკვიანი, პატიოსანი, მოზომილი, თანამგრძნობი, მეოჯახე, ოპტიმისტი, მოკრძალებული, გაწონასწორებული… თუმცა… ის სულ სხვაა.. სხვანაირად აღიქვამს სამყაროს.. მწერალი ერთგან საოცრად კარგად ხნის ამას  – ,,ადამიანთა უმრავლესობა რაღაცისთვის არ ცხოვრობს, ცხოვრობს და მორჩა.” მიხაელიც ასეთია, როგორც ხანა ამბობს, მჩატეა და ლაღი, ზედაპირული.. ხანას უნდოდა მასზე ძლიერ კაცს გაჰყოლოდა ცოლად, თუმცა, მიხაელი არ იყო ძლიერი. ხანას უნდა ერთხელ მაინც ენახა ეს კაცი აღშფოთებული, განრისხებული, გაცოფებული.. ხანას გული წყდება მათ ურთიერთობაზე ,,თითქოს მხოლოდ ფიქრი ვიყო მის გულში. რა იმედი უნდა ჰქონდეს მავანს, იმაზე მეტი იყოს, ვიდრე ფიქრი სხვის გულში. მე ნამდვილი ვარ მიხაელ. ოდენ ფიქრი როდი ვარ შენს გულში”. მიხაელი ხანას გამო ყველაფერს ითმენს,  ყველაფერში ცდილობს დაეხმაროს, გაუგოს, მისი საქმე იტვირთოს, თუმცა, შორსაა მისი შინაგანი სამყაროსგან, ვერ ხედავს მის სულს… არ ესმის მისი … სულ ახლოსაა მასთან, მაგრამ მაინც შორსაა.. მას არ შეუძლია ხანას ოცნებები აუხდინოს.. ხანა წერს და მიმართავს მიხაელს ,,ისე დავიხოცებით შენ და მე, მიხაელ, რომ ერთხელაც არ შევეხებით ერთმანეთს. შეხება. გადახლართვა. შენ ეს არ გესმის. ჩაკარგვა ერთი მეორეში. შედნობა. შერჩილვა. შეზრდა შინაგანი.”

წიგნს ვკითხულობდი და სანამ ბოლომდე ჩავიდოდი, რაღაცნაირად მეშინოდა ხანას იმედი არ გაეცრუებინა ჩემთვის…

ასეთი გაუცხოებული ურთიერთობის, უკმაყოფილო ქორწინების შედეგი ხანდახან სხვაა, ზოგჯერ საბედისწერო შეცდომაც.. მაგრამ ეს ქალი უძლიერესია, მართლაც განსხვავდება სხვა ქალი პერსონაჟებისგან. ,,ის არჩევს იცხოვროს მარადიული ცხოვრებით სხეულს მიღმა, ხორციელ შეზღუდვებს მიღმა, დროისა და ადგილის მიღმა”

წიგნს  თან ერთვის თანამედროვე ისრაელელი მწერლის ცრუია შალევის ძალიან საინტერესო ბოლოთქმა. ის ხანაზე წერს ,,ის უდავოდ ერთერთ უმამაცეს ქალთაგანია ებრაულ ლიტერატურაში, მიუხედავად იმისა, რომ ყოფით ცხოვრებაში ბევრს არ იღწვის, არც დიდ საქმეებს ეწევა და არც ფარულად მოქმედებს, მხოლოდ ფანჯარაში იმზირება, ჭურჭელს ალაგებს სამზარეულოში, როგორც გოგონა თოჯინების სახლში, დროდადრო უანგარიშო საყიდლებს აწყობს ან ჩაის ეტლს დაატარებს თავის მოკრძალებულ ბინაში, მჭკნობარე იერუსალიმურ უბანში. შეუპოვრად ეშურება შეურიგდეს თავისი ცხოვრების სინამდვილეს, თუმცა, აგრეთვე – ამ რეალობის შეცვლის ყოველგვარი მცდელობის აბსოლუტური დათმობით. … ქალი, რომელიც სრული ცნობიერებით ბედავს, ჩიხში გალიოს თავისი ცხოვრება….

ზოგჯერ ხდება, რომ წიგნს უცებ კითხულობ, მაგრამ მერე დიდხანს გაგყვება ფიქრი მასზე, ესეც ის შემთხვევაა. ერთი ამოსუნთქვით შემომეკითხა, მაგრამ წიგნისგან მიღებულ ემოციისგან და შთაბეჭდილებებისგან ალბათ კარგახანს ვერ გავთავისუფლდები. წიგნმა დამაფიქრა ქორწინებაზე. ყველა ადამიანი განსხვავებული, ინდივიდუალურია, თუმცა, თუ ადამიანებს ზოგადი ხედვა, ძირეული ღირებულებები და მთავარი მისწრაფებები საერთო არ აქვთ, ისინი ვერ ერთდებიან.. არ ხდება ,,შინაგანი შეზრდა”, ,,შეხება”.. სულის ძაფებით შეერთება…. ცოლ-ქმარი ცხოვრობს ერთად, ზოგჯერ წლებს გალევენ თანაცხოვრებით, თუმცა, უცხონი რჩებიან ერთურთისთვის…მაგრამ რატომ ირჩევენ ერთმანეთს?! ერთგან მიხაელი ხანას ეკითხება – ,,ხანა, როგორ მოხდა, რომ სწორედ მე გამომარჩიე ყველა შენით დაინტერესებულ მამაკაცთაგან რომლებსაც შეხვედრილხარ?” … ეს არჩევანი ყველაზე მნიშვნელოვანია… საბედისწერო….
,,ჩემო მიხაელ”- ის წაკითხვამდე ცოტა ხნით ადრე რიჩარდ ბახის ,,ხიდი მარადისობაზე” წავიკითხე. თითქოს ამ წიგნში ასახული ბანალური ცხოვრების სრული  ანტიპოდია. იმ წიგნის პერსონაჟები, რიჩარდი და ლესლი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ინდივიდები არიან, სხვადასხვა მისწრაფებებით, ხასიათის შტრიხებით, გემოვნებით, გატაცებებით, პროფესიით, თუმცა მათ აქვთ მთავარი – სულიერი სიახლოვე, რასაც ნამდვილად შეუძლია სამუდამოდ შეაერთოს.. რიჩარდ ბახი ამბობს კიდეც ,,მარტოობის საპირისპირო ერთად ცხოვრება კი არა სულიერი სიახლოვეაო” და ,,ორ ადამიანს მოწყენილობა ეუფლება არ მაშინ, როცა ფიზიკურად არ არიან ერთად, არამედ, მაშინ როცა მენტალურად და სულიერად არიან ერთმანეთისგან შორს”. 
რიჩარდი და ლესლი ახერხებენ ცხოვრების ამოცანის ამოხსნას, გაუგონ ერთურთს…

,,სხვადასხვანაირები ვართ, მაგრამ ერთნაირებიც, შენ ფიქრობდი, რომ არაფერი გექნებოდა სათქმელი ქალისთვის, რომელიც არ დაფრინავს თვითფრინავით. მე ვერ წარმომედგინა თავი იმ მამაკაცის გვერდით, რომელსაც არ უყვარს მუსიკა. იქნებ უფრო მნიშვნელოვანია რა მსგავსება, არამედ ცნობისწადილი? რადგან სხვადასხვანაირები ვართ, ჩვენ ერთმანეთის სამყაროს გაცნობის სიხარული გველოდება, შესაძლებლობა ვაჩუქოთ ერთმანეთს ჩვენი გატაცებები და აღმოჩენები. შენ ისწავლი მუსიკას, მე – ფრენას. და ეს მხოლოდ დასაწყისია. მგონია, რომ ასე უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს” …

 

,, პატარა უფლისწულის” სამყაროში

,,წიგნი,რომელიც ნებისმიერი ასაკის მკითხევლს უყვარს, წიგნი ,რომელიც უბრალოდ დიდი სითბოთი და სიყვარულითაა სავსე, სადაც შეგიძლია მოწყენილმა უბრალოდ დადგა პატარა სკამი ასტეროიტ ბ612-ზე და უყურო მზის ჩასვლას ორმოცდასამჯერ.საღამოს ახედო ვარსკვლავებს და შენს თავს კითხო “შეჭამა თუ არა ბატკანმა ყვავილი “,

„ოდესღაც, უხსოვარ დროში, ცხოვრობდა ერთი პატარა უფლისწული. იგი ცხოვრობდა ერთ პატარა პლანეტაზე და ძალიან უნდოდა ჰყოლოდა მეგობარი…“

,, პლანეტა, საიდანაც პატარა უფლისწული მოვიდა, სახლზე ოდნავ დიდი ყოფილა მხოლოდ.
მე სერიოზული საფუძველი მქონდა მეფიქრა, რომ პლანეტა, საიდანაც პატარა უფლისწული მოვიდა, ასტეროიდი ბ612 უნდა ყოფილიყო. ეს ასტეროიდი მხოლოდ ერთხელ, 1909 წელს შენიშნა ტელესკოპით ერთმა თურქმა ასტრონომმა.
ამ აღმოჩენის შესახებ მან ვეებერთელა მოხსენება წარუდგინა საერთაშორისო ასტრონომიულ კონგრესს. მაგრამ, რადგან ასტრონომს ეროვნული ტანსაცმელი ეცვა, არავინ დაუჯერა. ასეთი უცნაური ხალხია ეს დიდები!”

ცოტა არ იყოს მცხვენია იმის აღიარება,რომ ეს წიგნი არც თუ ისე დიდი ხნის წინ წავიკითხე….20 წლის ასაკში აღმოვაჩინე :–)     ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი ვერ გადმოგცემთ!მართლაც საოცარი  წიგნია..დიდებისთვის დაწერილი ზღაპარი!ავტორი თითქოსდა მარტივი,გასაგები,უბრალო და ლამაზი ენით გვიყვება ზღაპარს..მაგრამ ეს ჩვეულებრივი ზღაპარი როდია!მასში დიდი სიბრძნეა ჩაქსოვილი და ასე ლამაზადაა ეს ყოველივე გადმოცემული!

ცოტა ხნით პატარა უფლისწულის პლანეტაზე გადავინაცვლოთ …. ასტეროიდი b612-სკენ…..

,, ოდესღაც, უხსოვარ დროში, ცხოვრობდა ერთი პატარა უფლისწული. იგი ცხოვრობდა ერთ პატარა პლანეტაზე და ძალიან უნდოდა ჰყოლოდა მეგობარი…“

 

,, ადამიანები ჩქარი მატარებლებივით დაქრიან, მაგრამ თვითონაც არ იციან რას დაეძებენ. ამიტომაა, რომ მოსვენება დაუკარგავთ და აქეთ-იქეთ აწყდებიან, მაგრამ ამაოდ… მარტო ბავშვებმა იციან რასაც დაეძებენ. ისინი თავს ევლებიან ჭინჭის თოჯინას და ამიტომაა იგი ასე ძვირფასი მათთვის და თუ ვინმემ მათ თოჯინა წაართვა, მწარედ ტირიან. . .”

 

 

,,მხოლოდ იმის  გაგება შეიძლება, ვისაც მოიშინაურებ, ახლა ადამიანებს დრო არა ჰყოფნით რაიმე გაიგონ. ისინი მხოლოდ მზამზარეულ საგნებს ყიდულობენ მაღაზიებში, მაგრამ ქვეყნად არ მოიძებნება ისეთი მაღაზია, სადაც მეგობრის შეძენა შეიძლებოდეს. და ადამიანებსაც მეღარ უპოვიათ მეგობარი. თუ მეგობარი გსურს, მე მომიშინაურე.”

,,თუ ყვავილი გიყვარს, რომელიც სადღაც ვარსკვლავზე ხარობს, სიხარულით შესცქერი ღამით ცას და ყველა ვარსკვლავი ჰყვავის შენთვის…’

,,ცრემლების ქვეყანა ხომ იდუმალებით მოცული სამყაროა..”

,,ნეტავ რატომ  კიაფობენ ვარსკვლავები?

ლბათ იმიტომ,რომ ადრე თუ გვიან

ყველამ უნდა იპოვოს თავისი ვარსკლვლავი..”

,,ადამიანთა შორისაც მარტოობაა..”

,,მიმეგობრეთ..მარტო ვარ ქვეყნად..”

,,მხოლოდ გული ხედავს კარგად,თვალს

არ ძალუძს დაინახოს ის ,რაც მტავარია

და არსებითი..”

 


,,ჩემი ყვავილი ეფემერულია,-გაიფიქრა პატარა უფლისწულმა. . . მას მხოლოდ ოთხი ეკალი აქვს თავის დასაცავად. . .მე კი მარტოდმარტო მივატოვე იგი ჩემს პლანეტაზე. . . და მან პირველად ინანა, რომ მიატოვა ყვავილი. . .”


,,მაშინ არაფერი გამეგებოდა ! მისი საქციელისათვის უნდა მიმექცია ყურადღება და არა მისი სიტყვებისათვის. იგი მე სურნელებას მაკმევდა და ცხოვრებას მინათებდა. არ უნდა გამოვქცეოდი! მის გულუბრყვილო ოინებში მისი სინაზეც უნდა დამენახა. ყვავილი ხომ ისეთი ცვალებადია! მაგრამ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და სიყვარულის არა გამეგებოდა რა…”

,,მომიტევე და ეცადე ბედნიერება ჰპოვო..”


,,ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც,მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს..”

,,ნათელს მხოლოდ ვერ დაინახავ..ის უნდა შეეხოს სულის ნაპერწკალს..

მიყვარს….. ,,პატარა უფლისწული..”

დაგვიანებული პოსტი თემაზე–”50 წიგნი,რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ”

დიდი ხანია მინდოდა ამ პოსტის დაწერა,მაგრამ ვფიქრობდი რა დამეწერა.რამდენიმე თვის წინ ეს თემა განვიხილე facebook-ზე,ახლა კი როდრიგო სანტოროს პოსტმა შემაგულიანა რომ დამეწერა :–)

ამ თემაზე ბევრმა იმსჯელა..ყველამ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა..შეიმუშავეს სხვადასხვა კლასიფიკაციები,ეს მართლაც ძალიან საინტერესოა და ყველას განსხვავებული შეხედულებები აქვს,არც არავის ვაკრიტიკებ და არც ვაქებ,უბრალოდ მეც მინდა ჩემი მოკრძალებული ჩამონათვალი შევადგინო :–)


პირველყოვლისა ვიტყვი იმას,რომ ზოგიერთი წიგნი ჩემს სიაში მოხდა იმის გამო ,რადგან ქართველი ვარ…და ალბათ ასე რომ არ იყოს ჩემს სიაში ვერ მოხვდებოდნენ :–)

ბევრი მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურას განიხილავს..მეც ძირითადად მხატვრულ ნაწარმოებებს ჩამოვთვლი,მაგრამ…..უბრალოდ არ შემიძლია არ დავასახელო ,,ახალი აღთქმა”,რომელიც ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს…ასევე ანტონ სუროჟელის ,,შეხვედრა ცოცხალ ღმერთთან”..ამ პატარა სასულიერო წიგნმა იმდენი მომცა და იმდენი მასწავლა,რამდენიც ალბათ მთელმა მხატვრულმა და ფილოსოფიურმა ლიტერატურამ ….ალბათ მკითხველს გაუკვირდება ამ სიაში ვლადიმერ სოლოღაშვილის წიგნსაც რომ წააწყდება,მაგრამ ვფიქრობ მართლაც საინტერესო წიგნია,და მართლაც ბევრი რამ მასწავლა…სიაში შევიდა რამდენიმე ფილოსოფიური წიგნი…ჰაიდეგერის ,,თემშარას”წიგნსაც ვერ ვუწოდებთ,მაგრამ ეს პაწია ბროშურა უდიდეს სიბრძნეს შეიცავს და შთამბეჭდავად გვაჩვენებს ცხოვრების ფილოსოფიურ სიღრმეებს…

რამდენიმე ისეთი ავტორი მაქვს ჩამოთვლილი,ვფიქრობ მათი ნებისმიერი ნაწარმოები აუცილებლად უნდა წაიკითხო,მართალია გამოვყავი თითო ნაწარმოები,მაგრამ მართლაც ძალიან გამიჭირდა..მაგალითად ჰესსე!!დოსტოევსკი!ჰიუგო!სტენდალი!…….. და გოდერძი ჩოხელი!

აი,ჩემი სიაც….

  • ”ახალი აღთქმა”
  • ანა ფრანკის დღიურები”
  • ბალზაკი,,შაგრენის ტყავი”
  • ბრონტე შარლოტა ,,ჯეინ ეარი”
  • გოეთე ,,ფაუსტი”
  • გოგოლი,,მკვდარი სულები”
  • გამსახურდია,,დიდოსტატის მარჯვენა”
  • გოლზუორთი,,ფორსაიტების საგა”
  • გურამიშვილი,,დავითიანი”
  • გასეტი,,მასების ამბოხი”
  • დოსტოევსკი,,დანაშაული და სასჯელი”
  • დოსტოევსკი,,ძმები კარამაზოვები”
  • დოჩანაშვილი,,კაცი,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”
  • დუმბაძე ,,მარადისობის კანონი”
  • ეგზიუპერი ანტუან დე სენტ,,პატარა უფლისწული”
  • ვაჟა ფშაველა–პოემები და მოთხრობები
  • ვოინიჩი,,კრაზანა”
  • თეკერეი უილიამ ,,ამაოების ბაზარი”
  • კაფკა ფრანც,,მეტამორფოზა”
  • კამიუ ალბერტ ,,შავი ჭირი”
  • კიზი კენ,,ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”
  • კრაშევსკი იუზეფ ,,გრაფინია კოსელი”
  • ლონდონი ჯეკ,,დიდი სახლის პატარა დიასახლისი”
  • მარკესი გაბრიელ გარსია,,მარტოობის ასი წელიწადი”
  • მაკიაველი ნიკოლო,,მთავარი”
  • ნეტარი ავგუსტინე,,აღსარება”
  • რემარკი ,,ტრიუმფალური ტაღი”
  • რუსთაველი შოთა,,ვეფხისტყაოსანი”
  • რუსო ჟან ჟაკ ,,ემილი ანუ აღზრდის შესახებ”
  • სენკევიჩი,,ვიდრე ჰხვალ”
  • სტენდალი,,წითელი და შავი”( აქვე მივაწერ…,,პარმის      სავანეც”)
  • მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი ,,შეხვედრა ცოცხალ  ღმერთთან”
  • სოლოღაშვილი ბესარიონ,,რას ეძებ ადამიანო”
  • სარტრი ჟან პოლ–პიესები,,ცხრაკლიტული”,კედელი” ,,ბუზები”
  • ტვენი მარკ,,ტომ სოიერის თავგადასავალი”
  • ტოლსტოი ,,ანნა კარენინა”
  • უაილდი ოსკარ,,დორიან გრეის პორტრეტი”
  • ფრიში მაქს,,homo faber”
  • ფრენსის ფუკუიამა,,უკანასკნელი ადამიანი”
  • შექსპირი უილიამ –პოემები
  • ცვაიგი სტეფან,,მარიამ სტიუარტი”
  • ჩეხოვი ,,ადამიანი ფუტლიარში”
  • ჩოხელი გოდერძი,,ადამიანთა სევდა”
  • ჭავჭავაძე ილია,,გლახის ნაამბობი”
  • ჯოისი ჯეიმს,,დუბლინელები”
  • პლატონი,,სახელმწიფო”
  • ჰემინგუეი,,მოხუცი და ზღვა”
  • ჰესსე ჰერმან,,ტრამალის მგელი”( აქვე არ შემიძლია არ               ვთქვა,,ნარცისი      და       გოლდმუნდი”, ,,სიდჰარტა”)
  • ჰიუგო,,კაცი,რომელიც იცინის”
  • ჰაიდეგერი მარტინ ,,თემშარა”

ალბათ ბევრი არ დამეთანხმება,იმიტომ რომ ეს საკითხი მართლაც სუბიექტურია,მე უბრალოდ ჩემი აზრი შემოგთავაზეთ…იმასაც ვერ ვიტყვი ,რომ ეს საკმარისია,კიდევ ბევრი წიგნია,რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო..იქნება ისეთებიც რომლებიც ჯერ არც კი გამიგია..ვერ ვიტყვი ,რომ ძალიან განათლებული ვარ და მეტი აღარაფერი მაქვს წასაკითხი  …ჯერ წინ მართლაც დიდი სიამოვნება მელოდება..,,პირველად წაკითხვის ბედნიერება”! :–)

ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი ”წერილი ჯერალდინას”

ჩემო გოგონა,

ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა.

შენ ისე შორს ხარ ჩემგან … მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს. შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. დიდებულ სცენაზე ცეკვავ.

ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ. იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე.
მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას. მე მამაშენი ვარ ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!

…იცი კი, რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან? სულ პაწია ზღაპრებს გიყვებიდი! ხან მძინარე მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი: „გამშორდი“! მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან! მე ვხედავდი შენს ოცნებებს, ჯერალდინა. ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს! ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, ცაზე მოფარფატე ფერიას. მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ხალხში: „ხედავთ ამ გოგონას? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია, არ გახსოვთ ჩარლის რომ ეძახდნენ?“ ჰო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა.

დღეს შენი ჯერია. იცეკვე! მე ფართხუნა, დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის.

გაფრინდი, გაფრინდი იქით … მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება – ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ!
მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა. იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან იძინებდი, მე არ მეძინა. დავყურებდი შენს საყვარელ სახეს, ვუსმენდი შენი გულისფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი: „ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს?“ შენ არ მიცნობ მე ჯერალდინა … იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბია … ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის ღატაკთა კვარტლებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი … მოწყალებას აგროვებდა! აი, ჩემი ზღაპარი!

მე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ.

შენ ჩემი გვარისა ხარ – ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა. სამყარო სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!…

… ჯერალდინა! შუაღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის შოფერს ცოლის ამბავი გამოჰკითხო. შეიძლება ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს და იმის ფულიც არა აქვთ რომ თავიანთი პირმშოსთვის სახვევები იყიდონ. თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში.
მე ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაგისტუმრონ. სხვას კი მუდამ ყველას ზუსტად გადაუხადე!
დროდადრო მეტროში ჩადი. ქალაქი დაათვალიერე, იარე ფეხით ან ავტობუსით. ხალხს დააკვირდი! ქვრივ-ობლებს შეხედე! და თუნდაც დღეში ერთხელ მაინც შენს თავს უთხარი: „მეც ერთ-ერთი ამათგანი ვარ!“ დიახ, შენ ერთ-ერთი იმათაგანი ხარ, ჩემო გოგონა.
ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს … როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან. პირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს. იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს – შენსავე მსგავსთ, შენზე უფრო გრაციოზულებს, შენზე ამაყებს. შენი თეატრის პროჟექტირების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვერსად ნახავ! მათი სცენის პროჟექტორი მთვარეა.დააკვირდი, აბა, კარგად დააკვირდი: შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ? გამოტყდი, ჩემო გოგონა. ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე კარგად თამაშობს. და ეს გახსოვდეს: ჩარლის ოჯახში არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლისთვის უკმეხი სიტყვა ეთქვას ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინოს …
ჩარლი წავა, ჯერალდინა, და შენ იცოცხლებ … მე არ მინდა, ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს – ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, ოღონდ გახსოვდეს: ორ ფრანკს რომ დახარჯავ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არის-თქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვას, უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება. საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკები, რომ კარგად ვიცი ამ დემონის მაცდური ძალა …
ჯერალდინა, მე დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს, მაგრამ აი, რა მინდა გითხრაჩემო გოგონა … ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე.
შეიძლება ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ, გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს, ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთნაირად დაგვნათის.
ხოლო, როცა ჟამი დაჰკრავს და სიყვარული გეწვევა, გულით შეიყვარე შენი რჩეული…

სამუშაო ძნელი გაქვს, ვიცი … სხეულს სიფრიფანა აბრეშუმის ნაჭერი გიფარავს. ხელოვნების სახელით სცენაზე შეიძლება შიშველიც გამოხვიდე, მაგრამ იქიდან კიდევ უფრო უმწიკვლო და შემოსილი უნდა დაბრუნდე …
მე ბებერი ვარ და ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც, ასე მგონია, შენი შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს.

რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება, თუ ასე ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ფიქრობდნენ. ნუ გეშინია, ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს … ჯერალდინა, მე მინდა რომ შენ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო …

მე ვიცი, მამებს და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები. და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობაღამე სასწაულების ღამეა. მინდა მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი, – ყველაფერი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა.
ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე – იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი.
მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.

გკოცნი, ჯერალდინა

შენი ჩარლი

1965 წლი დეკემბერი