თემშარა ბაღის ჭიშკრიდან ენრიდისაკენ მიემართება.ციხე–კოშკის ბაღის გალავნიდან მას ბებერი ცაცხვების მზერა მიაცილებს,იქნება ეს აღდგომა ,როს თემშარა ნათლად მოსჩანს აბიბინებულ ნათესსა და ამწვანებულ მდელოს შორის,თუ შობა ,როცა იგი თოვლის ნამქერში გახვეული იკარგება უახლოესი ბორცვების იქით…ველზე რომ ჯვარცმა აღმართულა,იქ ტყისკენ უხვევს.ზედ ტყის პირზე კი მაღალ მუხას მიესალმება,რომლის ქვეშ ტლანქად გაჩორკნილი მერხი დგას.
ჟამიდან ჟამს მასზე იდო ხოლმე დიდ მოაზროვნეთა ესა თუ ის წიგნი,რომლის ამოცნობასაც ლამობდა ყმაწვილის უწვრთნელი სული.და თუ იდუმალება იდუმალებას ეხლართვოდა,გამოსავალი კი არსაით ჩანდა,შემწედ თემშარა ევლინებოდა,რაკი მისი მარჯვე ბილიკი უჩუმარ მეგზურობას სწევდა დუხჭირი მიწის სივრცეებში გასაწევად.
მსგავს წიგნებსა თუ ჩვენს საკუთარ მცდელობებში ჟამიდან ჟამს აზროვნება კვლავ იმ ბილიკს მიუყვება,რომელსაც თემშარა მდელოზე ავლებს.ბილიკი ესე მოაზროვნის ნაბიჯისათვის ისევე ახლობელია,როგორც იმ გლეხისთვის ალიონზე სათიბში რომ გადის.
რაც წლები გადის მით უფრო ხშირად წარგვიტაცებს მუხა ადრინდელი თამაშისა და პირველი არჩევანის მოგონების გზაზე.და როცა ჟამი მოაწევდა ნაჯახის დაკვრით ტყეში მუხა ძირს დაენარცხებოდა,გამოივლიდა მამაჩემი კორომსა და მზით განათებულ ველობს და მყისვე შინ,თავის სახელოსნოში მოჰქონდა მისი კუთვნილი საჟენი ხისა.აქ იგი მშვიდად იღვწოდა ვითარცა ხურო კოშკის საათისა და ზარის მოვლა–პატრონობისაგან თავისუფალ დროს.ორივენი მოუთხრობდნენ მას ,თუ ვითარ არიან ისინი დროსა და დროითობასთან შაეაკუთრებულნი.
მუხის ქერქიდან კი ბიჭუნები გემებს თლიდნენ ხოლმე,რომელნიცმენიჩბეთა მერხითა და საჭით აღჭურვილნი გუბურასა და სკოლის აუზში დაცურავდნენ.და თამაშის შორეული ნაოსნობანი ადვილადვე აღწევდნენ მიზანს და ადვილადვე იგნებდნენ გზას ნაპირზე დასაბრუნებლად.ამ ნაოსნობათა საოცნებო მიზანი იმ ციალში გახვეულიყო,რაიც ყველა ნივთს ეფინა და რასაც მაშინ ლამისაა ვერ ვამჩნევდით.საუფლოს მისას თვალი და ხელი ჰფარავდადედის,ისე იყო,თითქოსდა ყველა არსებას მისი ენითუთქმელი ზრუნვა იცავდა.მაგრამ ვაგლახ,რომ ამ შესაქცევმა ნაოსნობებმა ჯერ კიდევ არაფერი უწყოდნენ იმ ყარიბობათა გამო,როს ყველა ნაპირი უკან რჩება .და მაინც მუხის ქერქის სიმაგრე და სიმტკიცე უფრო გასაგონად ამეტყველდებოდა ხოლე იმ სიდინჯესა და სიმტკიცეზე,რითაც ხე იზრდება,თავად მიხა უბნობდა ,რომ მხოლოდ ამნაირი ზრდით ფუძნდება იგი,გრძნობს და მსხმოიარობს.რომ ზრდა ჰქვია;განხვნა საქანელნი ცისანი და ამავე დროს მიწის უკუნში ფესვი გაიდგა.რომ ყოველი დავარგებული მხოლოდ მაშინ ღვივის ,როცა ადამიანი ორივე თანაბრად არის:მზადმყოფი უზენაესი ზეცის მოწოდებისთვის და მარჩენალი მიწის კალთას შეფარებული.
კვლავაც და კვლავაც ამას ეტყვის მუხა თემშარას,რომელიც მას უსათუოდ შეუვლის ხოლმე თვისის ბილიკით.თემშარა იკრებს მას,რაც გზაში არსებითია და უნაწილებს თავისას ყოველს,ვინც მასზე დადის.წლის ყოველ დროს მარად ცვალებად სიახლოეზე თემშარას მიაცილებენ იგივე სახნავები და ამწვანებული ფერდობები.და იქნება ეს ჟამი, როს ტყეთა ზეგარდმო ალპები მწუხრში იძირება,თუ იქ ,სადაც თემშარა ბორცვთა ტალღებზე მისრიალებს,ტოროლა აიჭრება ზაფხულში ალიონზე,თუ იმ მიდამოებიდან სადაც დედის მშობლიური სოფელია,ზენა ქარი მოეძალება,თუ ტყის მჭრელი ღამით კერის გასაჩაღებლად მიათრევს ფიჩხის კონას,თუ ჭრნახულით დაჭვირთული ურმები ზლაზვნით მიუყვებიან თემშარას,თუ მდელოსპირს ბავშვები პირველ ფურისულებს კრეფენ,თუ მთელი დღის განმავლობაში ნისლის მრუმე და ტვირთი ზოზინით ეუფლება სავარგულებს,მარად და ყველგან იგივეა თემშარას ნაუბარი.
მარტივი ინახავს დამრჩომისა და დიადის გამოცანას.იგი უშუალოდ ეხება ადამიანს და მაინც ხანგრძლივ გაღვივებას საჭიროებს.მარად იგივეს უჩინარობაში მალავს მარტივი თავის წყალობას.თემშარა გვჩუქნის იმ ნაზარდთა უსასრულობას რასაც მის მიდამოებში დაუხანია.ღმერთი კი ღმერთობს ოდენ სამყაროს ენით უთქმელში ,ვითარცა ამბობე ეკჰარტი,კალმისა და ცხოვრების ძველი ოსტატი.
ხოლო თემშარას ნაუბარი მხოლოდ მაშინ ხმიანობს,სანამ არიან ადამიანები მის სურნელში დაბადებულნი და მისი გაგების შემძლენი,ადამიანები თავისივე წარმომავლობის გამგონნი არიან ,მაგრამ არა მონები.ამაოდ დაშვრება კაცი დედამიწა დაგეგმარებით მოაწესრიგოს,თუკი თემშარის ნაუბარს ყურს არ ათხოვებს.და აჰა,თავს დაგვტრიალებს ხიფათი,რადგან დღევანდელნი უყურთასმენოდ შთენილან მისი ნაუბრის წინაშე.მათ ყურს ოდენ ისევდაისევ აპარატთა ხმაური აღწევს,რასაც ისინი ლამისაა ღვთის ხმადა რაცხენ.ასე იბნევა და უგზოუკვლოდ რჩება ადამიანი.დაბნეულთ კი მარტივი ერთფეროვნად ეჩვენებათ.ერთფეროვნება კი მოყირჭებას ბადებს.გაბეზრებულნი მხოლოდ და მხოლოდ ერთფეროვნებას
აწყდებიან.გაუჩინარებულა მარტივი,დაშრეტილა მისი უშფოთველი ძალი.
დიაღაც სწრაფად კლებულობს იმათი როცხვი,ვინაც ჯერ კიდევ სცნობს მარტივს,ვითარცა მათ მიერ მოპოვებულ საუნჯეს.მაგრამ ეს მცირედნი მარად დარჩებიან.თემშარას სათუთ ძალმოსილებას მორჩილნი ისინი ერთხელაც იქნება შეძლებენ გაუმკლავდნენ ატომის გოლიათური ძალის ენერგიას,რაიც ადამიანურმა გამოთვლამ გამოჩხრიკა და საკუთარი ქმედების ბორკილად აქცია.თემშარის ნაუბარი აღვიძებს თავისუფლებისმოყვარულ გრძნობას და დაღრეჯილობასაც კი ხელსაყრელ ალაგას,უკიდურეს სიხალისეში გადაზრდის ხოლმე.იგი ებრძვის უილაჯობას ოდენ შრომისას,რაიც თავისთვისვე გაწეული,მხოლოდ და მხოლოდ უბადრუკობის ხელშემწყობია.
თემშარის სურნელში , წელიწადის დროთა შესაფერისად რომ იცვლება ხარობს მცოდნე სიხალისე,რომელსც ხშირად მადლიანი გამომეტყველება აქვს,ეს ხალისიანი ცოდნა არის ზმა(კუინციგე)მას არავინ შეიძენს ტკი უკვე არა აქვს.ხოლო ვისაც აქვს თემშარით აქვს .თემშარაზე შეიყრებიან ქარბუქი და რთველი,გაზაფხულის ლორთქო ამრელვარება და შემოდგომის უშფოთველი კვდომა;მასზე უჭვრეტენ ერთმანეთს ყრმის თამაში და მოხუცის სიბრძნე.აქ,ამ განუმეორებელ სიხმატკბილეში ,რომლის ექოსაც თემშარა უჩუმრად მიმოატარებს ,ყველაფერი მხიარულობს.
მცოდნე სიხალისე კარიბჭეა მარადისობისა.მისი კარი შეკიდულია იმ ანჯამებზე,რომელნიც მცოდნე მჭედელმა არსებობის გამოცანიდან გამოსჭედა ოდესღაც.
ენრიდიდან თემშარა უჩუმრად მიემართება ბაღის ჭიშკრისკენ.უკანასკნელი ბორცვის იქით,მისი ერტი ვიწრო ხვეული ,რომელიც ბრტყელ ლარტყაფს გაივლის,თვით ქალაქის გალავნამდე უწევს.მას ტავზე ადგას ვარსკვლავების მკრთალი ნათელი.ციხე–დარბაზს უკან მოჩანს წმინდა მარტინის ეკლესიის კოშკი.ზანტად,თითქოს ყოყმანობსო ,ღამეში გაისმის საათის თორმეტი დაკვრა.ძველი ზარი,რომლის თოკებსაც მრავალგზის გადაუყვლიფავს ბიჭის ხელები,ცახცახებს საათის ჩაქუჩის დარტყმისაგან,რომლის სასაცილოდ მოღუშულ შესახედაობას ვერავინ ივიწყებს.
სიჩუმე უფრო ჩუმი ხვდება მის უკანასკნელ დაკვრასთანერთად.იგი მათთანაც კი აღწევს ,ვინც ორივე მსოფლიო ომში დროებას შეეწირა.მარტივი უფრო მარტივი გახდა.მარად იგივე გვოცებს და გვათავისუფლებს.ახლა სრულიად აშკარაა თემსარის ნაუბარი,სული უბნობს?სამყარო?მერთი?
ყველაფერი მეტყველებს დათმობაზე მარად იგივეში.მაგრამ დათმობა არაფერს გვართმევს.იგი გვანიჭებს.იგი გვანიჭებს მარტივის უშრეტ ძალას.თემშარის ნაუბრით ჩვენთვის შინაური ხდება ჩვენთვის შორეული წარმომავლობა.
თარგმანი გიორგი ბარამიძისა