,,…რომ სიყვარული იქცეს საქმედ… იქცეს მსხვერპლად… იქცეს ძღვენად…”

           უცნობი ბერი ერთ-ერთი უხუცესი ყოფილა მთაწმიდაზე, დაახლოებით ორმოცდაათწლიანი გამოცდილებით და თურმე საქართველოსადმი და ქართველებისადმი უდიდესი სიყვარულით ყოფილა განმსჭვალული.   მამა საბას (სულუხია) ჰქონია ბედნიერება წმიდა მთაზე შეხვედროდა, სწორედ მას გამოატანა ჩვენთან  უდიდესი სიბრძნით, სითბოთი, სიყვარულით გაჟღენთილი ეპისტოლე. არ მეგულება ადამიანი ეს წერილი წაიკითხოს და გულგრილი დარჩეს, არაფერზე დაფიქრდეს… ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა, ამიტომ მინდა თქვენც გაგიზიაროთ…

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

 უფალო მოგვეც ძალა, რომ შეგვეძლოს ნათელი მოვფინოთ იქ, სადაც წყვდიადი გამეფებულა, რომ შეგვეძლოს სიხარულის მიტანა იქ, სადაც მწუხარება დამკვიდრებულა,რომ ვეძიოთ არა ის, რომ ვუყვარდეთ სხვას, არამედ ის,რომ გვიყვარდეს ჩვენ.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ არ ვიყოთ გულცივნი ადამიანებთან და გულგრილნი მათი ტკივილების მიმართ. (რამეთუ ამით არის მოწამლული კაცობრიობა).

რომ მოვიპოვოთ სულიერი ძალა იმისა, რომ ყოველივე რაც კი ჩვენი სურვილის საწინააღმდეგო შეგვემთხვევა,მადლობით მივიღოთ, და მთელი გულით ვუთხრათ:მადლობა ღმერთს…

..უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ შევძლოთ ტვირთვა მოყვასის სიმძიმისა.რომ მეყვსეულად განვაგდოთ ყოველი ცოდვილი გულისთქმა.რომ შეგვეძლოს სიხარულად ვექცეთ შეჭირვებულს.რომ შეგვეძლოს იმედად ვექცეთ იმედგაცრუებულს.რომ არ დავემონოთ კაცთა და სახმართა.რომ გავთავისუფლდეთ მრისხანებისაგან, გულისწყრომისაგან და საკუთარი ნების გატანის სურვილისაგან.(წმიდა მამები ამბობენ: “დაამარცხა ქრისტიანმა მრისხანება და თვითნებობა?”)მან დაამარცხა ეშმაკი!

.უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ შევიცნოთ ჩვენს თავში ძველი ადამიანი და დავამარცხოთ იგი.რომ კი არ ვამბობდეთ ყველაფერს რასაც ვფიქრობთ,არამედ კარგად დავფიქრდეთ თუ რა უნდა ვთქვათ.რომ სიღრმისეულად შევიგნოთ ის, რომ ამასოფლიური კეთილდღეობა მსწრაფლწარმავალი და არამდგრადია.

რომ იოლად არ ვაპატიოთ საკუთარ თავს უმცირესი შეცდომოების დაშვებაც კი, რათა არ დავისაჯოთ მათ გამო.რომ გულისხმავყოთ ის, რომ საუკეთესო საქმიანობა, ყველაზე სასარგებლო შრომა და უმაღლესი მეცადინეობა არის:

ყოველგან და ყოველჟამს სიკეთეს ვიქმოდეთ.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რათა არასოდეს დაგვავიწყდეს ის, რომ “გასაღები”ჭეშმარიტი ბედნიერებისა და თავისუფლებისა ქრისტეს ჯვარზე არის ჩამოკიდებული.რომ გასაგები გახდეს ჩვენთვის ის, რომ ვინც სხვასი მორჩილებს – ძლიერია, ხოლო ვინც ქრისტესთვის ემორჩილება ის უძლეველია!

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ მოვიპოვოთ “უმაღლესი განათლება”, რაც სხვა არ არის რა, თუ არა მოძულება ყოველივე უსჯულოებისა.რომ ვისწავლოთ ჯერ ჩვენ თვითონ ავასრულოთ ის, რასაც სხვას ვურჩევთ.რომ ცხოვრების წესად გვექცეს: არ ველოდოთ თუ რას გაგვიკეთებს სხვა, არამედ ვზრუნავდეთთუ რას ვაკეთებთ ჩვენ სხვისთვის.რომ სხვადახვა განსაცდელების და სიძნელეებისდროს მოვერიდოთ სიტყვას “რატომ”? (ყურადღება:”რატომ?” არის შეცდომა, “რატომ?” ნიშნავს კიდევ ერთი განსაცდელი მოვიწიოთ საკუთარ თავზე).რომ მარადის მთელი გულით ვამბობდეთ:იყავნ ნება შენი უფალო!

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ არასოდეს ვერეოდეთ სხვის საქმეში.  (ფრიად დამამწუხრებელია როდესაც ადამინი ცდილობს სხვისი ქცევის მოწესრიგებას, მაშინ როცა მისი პირადი ცხოვრება არის სრული უწესროგობა).რომ არასოდეს გვავიწყდებოდეს:

1) დაუცადებელად მოვუხმობდეთ იესო ქრისტეს სახელს,რომ არ გვავიწყდებოდეს.                                                                                                          

2) მარადიული დანიშნულება ადამიანისა, რომ არ გვავიწყდებოდეს.                                                                                                                      

3) პასუხისმგებლობა ვალდებულებებზე,შრომისყოვარეობის სარგებელი,სიტყვაძუნწობა და არა მრავლისმეტყველება.

მოკრძალება და არა საკუთარი თავის წარმოჩენა.თბილი ღიმილი და არა პირქუშობა.

განრიდება ყოველივე უსჯულოებისაგან. რომ განუწყვეტლივ ვებრძოდეთ დაცემულობას ადამიანისას, ოღონდ ისე, რომ ადამიანს ჭრილობა არ მივაყენოთ,

რომ ვიყოთ დაუღალავნი სხვათა შეწევნაში.რომ დაუვიწყარი გახდეს ჩვენთვის უდიდესი კანონი:ცხოვრება არის უწყვეტი მსხვერპლისგაღება.(და ვინც არ შეიყვარა და მოყვარის ტკივილი არ გაინაწილა მარადის გლახაკი დარჩება!)

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ წესად დავიდოთ სანამ რაიმეს ვიტყოდეთ, ვკითხოთ საკუთარ თავს: “ის რაც უნდა ვთქვათ: არის სიმართლე?  არის სასარგებლო? არის აუცულებელი, არისკეთილშობილური? არის ქრისტიანული?                                                                                                                                                                                                           ნებავს ღმერთს??? ”    რომ ვიყოთ მშვიდობისმყოფელნი და შემრიგებელნი ადამიანებთან ურთიერთობისას.რომ ვიქცეთ სულიერ “ოაზისად” ამა სოფლის “საჰარაში”.                                                                                                                                 რომ შეგვეძლოს “ჩვენი უფლებების” მსხვერპლად გაღება იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, მეგობრობა, თანასწორობა, ჰარმონია…

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ გავხედეთ ნამდვილი ბრძენნი, (ამისათვის კისაკმარისია საკუთარი უვიცობის დანახვა).რომ გავხდეთ შემწყნარებელნი და მომთმენნი სხვათა შეცდომების მიმართ.რომ ვიყოთ თავისუფალნი, მაგრამ არა უწესრიგონი.(უდისციპლინონი).რომ არასოდეს აკლდეს ჩვენს სიტყვებს, ჩვენს ქმედებას, და ყოველ ჩვენს ქცევას “მარილი”.

რომელი “მარილი?” მარილი ჭეშმარიტი სიყვარულისა…

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ მივემსგავსოთ ვარდებს, რომლებიც არ ლაპარაკობენ,არამედ მხოლოდ სურნელს აფრქვევნ.რომ სულიერი შფოთის და მრისხანების ჟამს არაფერს ვამბობდეთ და ვიქმოდეთ, არამედ მხოლოდ ვითმენდეთ…

რომ კაცთმოყვარე ღმერთი არ მოითხოვს ჩვენგან იმდენ შრომასა და ღავაწლს ცათა სასუფლევლისათვის, რამდენადაც სატანა ჯოჯოხეთისათვის.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ ვხედავდეთ ნათლად: თუ არ მოვკვდით ქრისტესთვის, ვერ ვიცხოვრებთ მასთან ერთად.რომ გვჯეროდეს და გვწამდეს, რომ ყველა სხვა გამარჯვებაზე შეუდარებლად აღმატებული არის გამარჯვება საკუთარ ეგოიზმზე, (საკუთარ თავში ძველ ადამიანზე).

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ შევიყვაროთ და მოვიხვეჭოთ კეთილშობილება(ხასიათისა), რომელიც შეიძინება უსასყიდლოდ,მაგრამ ყიდულობს ყველაფერს.რომ ვირწმუნოთ: არ არსებობს “კარი” დაკეტილი, რომელიც არ იღება სიყვარულით და მოთმინებით.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ ვისწავლოთ როგორ გავიღოთ მსხვერპლად რაიმე პირადი დროიდან, რომ სიყვარული იქცეს საქმედ… იქცეს მსხვერპლად… იქცეს ძღვენად…რომ ვისწავლოთ თუ როგორ ვიცხოვროთ ამა სოფელში ისე,რომ ამა სოფელმა არ იცხოვროს ჩვენში.რომ ჩვენში მხოლოდ ღმრთის სიყვარული სუფევდეს და ვცხოვრობდეთ მისი წმიდა ნების აღსასრულებლად და მოყვასის სიყვარულისთვის.რომ დავინახოთ ჩვენი მდგომარეობა, დავინახოთ სიღრმე ჩვენი სინანულისა, ჩვენი სულიერი ჭრილობები, თუ როგორ აავსო”სოფელმა” სული ჩვენი უშჯულოებით, თუ როგორ სავსე ვართ “ეგოიზმით”, და მაშინ მივხვდებით, რომ სხვათა გამოსწორებას კი არ უნდა ვცდილობდეთ, არამედ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ სულიერ გაჯანმრთელებაზე ვზრუნავდეთ.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ ჩავწვდეთ არსს იმისას, რომ უდიდესი ბედნიერება მიენიჭება ადამიანს, სხვისთვის ბედნიერების მინიჭების მცდელობისას.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ სიღრმისეულად შევიმეცნოთ: ჭეშმარიტი სიყვარული ნიშნავს საკუთარი თავის მსხვერპლადგაღებას.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ მარადის გვახსოვდეს:მონა ქრისტესი არის ყველაზე  თავისუფალი ადამიანი! 

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ შევიმეცნოთ თუ რა არის ნამდვილი “თავისუფლება”. რამეთუ თავისუფლება არ ნიშნავს შეგეძლოს აკეთო ის, რაც გინდა, რაც მოგეხასიათება, არამედ თავისუფლება არის: შეგეძლოს (უნარი გქონდეს) აკეთო ის, რაც სწორია (რაც ღმერთს უნდა!)

..უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ შევძლოთ სწავლა მოთმინებისა….რამეთუ მან ვინც ისწავლა მოთმინება,ისწავლა თითქმის ყველაფერი,რომ შეგვეძლოს ტკივილის ჩვენთვის დატოვება,ხოლო სიხარულის სხვათათვის განაწილება.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ შევისისხლხორცოთ, რომ მტერი ჩვენი ის კი არარის ვისაც ჩვენ ვძულვართ, არამედ მტერი ჩვენი არის ის, რომ: ჩვენ გვძულს.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ შევძლოთ ცრემლი მოვწმინდოთ შეჭირვებულს..რომ ჯვარს ვეცვათ იმისათვის, რომ აღვსდეგეთ.რომ მოვკვდეთ ამასოფლისთვის,რათა ვიცხოვროთ ქრისტეში.რომ ვეძებდეთ არა იმას, რომ ესმოდეთ ჩვენი,არამედ იმას, რომ ჩვენ გვესმოდეს სხვისი.

…უფლისა მიმართ ვილოცოთ…

რომ შევიგნოთ, თუ ჯერ კიდევ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვცხოვრობთ,

არსობრივად ცხოვრება არ დაგვიწყია!

რომ გავინაწილოთ სხვისი მწუხარება და ტკივილი.და თუ ამას მოვახერხებთ მაშინ მთელს კაცობრიობასთანდა მთელს სამყაროსთან ვიქნებით დაკავშირებულნიერთი საიდუმლო კავშირით.

კავშირით სიყვარულისა…

ვილოცოთ რომ ვაქციოთ მდუმარება ქადაგებად,ვილოცოთ რომ ვიქადაგოთ საკუთარი სიმდაბლით,ვილოცოთ რომ ვიქცეთ ნათელ მაგალითად ყველასათვის,ვილოცოთ რომ ყურადღებით მოვეკიდოთ ყოველდღიურ ცხოვრების ყოველ წვრილმანსაც კი, რამეთუ ეს უმნიშვნელო წვრილმანები განსაზღვრავენ ხასიათს სრულისას, დაწვრილმანების სრულყოფა წვრილმანი კი აღარ არის, არამედ თავად სრულყოფილებაა…

ვილოცოთ რომ ვისწრაფოდეთ სრულყოფილებისაკენ,და მთელი ცხოვრება იქცეს ერთ ცოცხალ ქრისტიანულ მაგალითად, და დაუცხრომელად ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა, მამასა და ძესა და სულსა წმიდასააწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!

წყარო: 

შემოქმედება და სულიერება

            (მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის მიხედვით)
               საინტერესო წიგნმა იოლად იცის ჩათრევა და თუ მკითხველი მიიჯაჭვა, შეიძლება ღამეები გაათენებინოს, ეგ უცხო არაა არცერთი ბიბლიოფილისთვის. მაგრამ ისიც იცით, არის წიგნები, რომელსაც ჩქარა ვერაფრით წაიკითხავ… კითხულობ, გითრევს და თითოეული წინადადება ისე გაფიქრებს შეუძლებელია ჩქარი კითხვის მეთოდით ან თუნდაც ჩვეულებრივად წაიკითხო… როცა მეუფე ანტონი ბლუმის წიგნი გადავშალე რეცენზიაში ზუსტად ეგ წავიკითხე, წიგნი ნელი კითხვისთვისაა განკუთვნილიო…

 ,, სუროჟელი მიტროპოლიტის გულშიჩამწვდომი საუბრები , ალბათ ასევე გაგათენებინებთ ღამეებს,ოღონდ არა კითხვაში, არამედ ფიქრში, რადგან ძალიან ძნელია, თავიდან შეუძლებელიც კია, წრფელად გაიაზრო მეუფის ნაუბარი და გაითავისო ურთულესი ჭეშმარიტებები…’’

    რა თქმა უნდა ვიცოდი ძალიან საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ესოდენ საოცარს ნამდვილად არ მოველოდი…საერთოდ წიგნებს ძალიან სწრაფად ვკითხულობ, მაგრამ ესაა წიგნი, რომელსაც რამდენიემე თვე ვკითხულობდი! რა თქმა უნდა პაუზებით, ფრაგმანტ-ფრაგმენტ… ერთიდაიმავე ადგილს რამდენჯერმე.. თითოეული ადგილის წაკითხვას მოსდევდა დაუსრულებელი ფიქრი ..ეს იყო წიგნი საოცრება… ავტორი სასულიერო პირია  და ბუნებრივია კარგი თეოლოგი, მაგრამ გამაოგნა მისმა ცოდნამ მხატვრულ ლიტერატურაში, ფილოსოფიაში..ისე ოსტატურად მოჰყავს ადგილები მხტვრული ნაწარმოებებიდან და ისე აკავშირებს მათ ნებისმიერ თემასთან…. გარდა ამისა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მეუფის ცხოვრებამ, პირადმა მაგალითებმა… ის ექიმი იყო პროფესიით, ფრონტზე დაჭრილებს ეხმარებოდა , ამავდროულად ბერი…  მეუფე ჩვეული თავმდაბლობით ამბობს, შეგიძლიათ ჩემი ვარაუდებისთვის ორიანი დამიწეროთ ღვთისმეტყველებაშიო, მაგრამ მისი ქადაგებები ისე ღრმაა, ისე მრავლისმომცველი, შეუძლებელია დაეთანხმო…. დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო მამა ანტონზე და მის საოცარ ქადაგებებზე, მაგრამ მინდა ერთი ადგილი გაგაცნოთ , რომელმაც ბევრი,  ძალიან ბევრი მაფიქრა…..

  მეუფეს ეკითხებიან :

     ,,როგორ გადავწყვიტოთ წინააღმდეგობა დაძაბულ სულიერ ცხოვრებასა და მხატვრულ და მოაზროვნე ცხოვრებას შორის? ხელოვნება დაკავშირებულია ცხოვრებასთნ;მაგრამ მწერალი, ხელოვანი წინააღმდეგობრივ სიტუაციაში ხვდება. კონკრეტული მაგალითი-ბლოკი, რომელმაც თქვა, რომ შეუძლებელია ერთდროულად ყურს უგდებდე სამყაროს ხმებს და უდიდეს ხმაურს,რომელიც მარადისობიდან მოდის. შემოქმედ ადამიანს ხანდახან ეჩვენება , რომ მარადისობის ხმაური ახშობს სამყაროს ხმებს.ტოლსტოი, გოგოლი  საერთოდ, ვერაფერს ქმნიდნენ , რადგან ეჩვენებოდათ რომ შემოქმედება ცოდვააა….’’

__    ,,მე არ შემიძლია რაიმე არსებითი გითხრათ, რადგან ბუნებით არ გახლავართ შემოქმედი ადამიანი; მე შემიძლია რაღაც ნაწილები შევკრიბო, გადავაადგილო, მაგრამ მე არასდროს შემძლებია რაღაც ახლის თქმა ან გამოგონება. ამიტომ შემოქმედების შესახებ პირადი გაგება არ გამაჩნია.მაგრამ თუ იმ მაგალითს ავირებთ, რომელსაც თქვენ იძლევით , მე მეჩვენება , რომ ტოლსტოიმ  თავის თავში ხელოვანი მოკლა, რადგან გადაწყვიტა მოაზროვნე გამხდარიყო, ის ნიჭით დაჯილდოებული ხელოვანი იყო.სილამაზის საშუალებით მის  წინაშე საგნების სიღრმე იშლებოდა; როცა მან ფიქრი ხედვიდან განყენებულად დაიწყო, დარჩა ძალიან უფერული გონება, კოლოსალური სიამაყით და საკუთარ თავზე წარმოდგენით_ და დიდი ხელოვანიდან რაღაც ძლიან უბადრუკი რამ გამოვიდა. შეიძლება ეს სულ მთლად ასეც არ არის, მაგრამ ესაა ჩემი რეაქცია ტოლსტოიზე.                                                                                                                                 გოგოლმა, ვფიქრობ სხვა ადამიანების გავლენით და შინაგანი ცხოვრების საკუთარი სვლით , შექმნა დაპირისპირება იქ, სადაც შეიძლებოდა არც ყოფილიყო. ანუ სწორედ ის დაპირისპირება, რომლის შესახებაც ბლოკი წერდა, გოგოლმა უკიდურესობამდე მიიყვანა:  ან_ან. მან საკუთარი თვი, როგორც ხელოვანი, უარყო, რომ არსებითად იგივე ეკეთებინა , რაც ტოლსტოის, იმიტომ ,რომ წერა დაიწყო სულიერზე შთაგონების გარეშე.  და მისი ლიტურგიის კომენტარები _ დათაფლული, მწირი და დიკანკის საღამოებზე განუზომლად უარესია….                                                                    რაც შეეხება, ბლოკის სიტყვებს, მე ვფიქრობ, რომ ეს მაინც ხელოვნური დაპირისპირებაა, რადგან დედამიწის ხმები აუცილებლად როდი უპირისპირდება ზეცის ხმაურს . ის რაც დედამიწის ხმებში გვესმის, რაღაც სხვა რამის გამოხატულებაა_ ხშირად დამახინჯებული, შეზღუდული.  ყველაფერი, რაც დედამიწაზე მოჩანს_  უფლის ქმნილებაა; ყველაფერი , რასაც ვხედავთ , უფლის ხელითააა შექმნილი, და ჩვენ რომ თვალხილულნი ვიყოთ, დავინახავდით არამარტო სქელ, გაუმჭვირვალე ფორმას, არამედ სხვა რაღაცასაც. არის წმ.მიტროპოლიტ ფილარეტ მოსკოველის შესანიშნავი საშობაო ქადაგება, სადაც ის ამბობს: ჩვენ რომ ხედვა შეგვეძლოს, ყოველ საგანზე, ყოველ ადამიანზე , ყველაფერზე _ მადლის ხატებას დავინახავდით; და თუ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ , მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ ვართ ბრმანი _ და არა იმიტომ, რომ ეს ასე არ არის. მაგრამ, მეორე მხრივ,  ჩვენ ვცხოვრობთ  დაცემულ, დამახინჯებულ სამყაროში, სადაც ყველაფერი ორაზროვანია; ყოველი საგანი შეიძლება ზეშთაგონება იყოს  და – კერპი და სიცრუე გახდეს. ისეთი ცნებებიც კი, როგორიცაა სიმართლე, ჭეშმარიტება, შეიძლება ზეშთაგონება იყოს, ან პირიქით, შეიძლება თვითონ ის საგანი გაყინოს , რომლის გამოხატვაც სურთ. ამიტომ ყველაფერს ან ხელოვანის, ან წმიდანის თვალით უნდა უყურო; სხვა გამოსვალი არ არის….                                                                               რამდენიმე წლის წინ ინგლისში ჩავიდა მეცნიერი, რომელიც ეკოლოგიას მისდევდა; ეკოლოგია მაშინ ჩასახვის პერიოდში იყო. ის ცდილობდა მოეძებნა მიზეზი, თუ რატომ ექცევიან ადამიანები ასე ველურად გარემოს. ის მოგზაურობდა ორი კითხვით. დაგიდგამდათ მიკროფონს და გთხოვდათ: თუ სეიძლება დაუფიქრებლად მიპასუხეთ ჯერ ერთ კითხვაზე, მერე შეისვენეთ, სული მოითქვით და _  მეორეზე. პირველი კითხვა : ,,რა არის დუმილი?’’ მეორე კითხვა : ,, რა არის ხე?’’ რა ვუპასუხე პირველ კითხვაზე მნიშვნელოვანი არ არის , როგორც მღვდლებს სჩვევიათ , მთელი სიტყვა წარმოვთქვი. შემდეგ საქმე ხემდე მივიდა, მე კი სწორედ ახალჩამოსული ვიყავი ამერიკიდან და  იქ მიწის და ბუნების სიძლიერემ გამაოცა: რა სიცოცხლის ძალა აქვს მიწას, რომ ასეთი ძალით შეუძლია აბარტყოს სიცოცხლე ხეების, ბალახის, ბუნებრივი მყოფობით სავსე უზარმაზარი სივრცეების სახით.  და როცა მან დამისვა კითხვა, ხე რა არისო, ვუთხარი , რომ ჩემთვის ხე _ დედამიწის ძალის გამოხატულებაა. შემდეგ დაინტერესებულმა სხვებს დავუწყე გამოკითხვა. ვკითხე ერთ ჩვენ მრევლს_ ახალგაზრდა გოგონას, რომელმაც სახეგაბრწყინებულმა მომიგო: ,,ხე _ ეს პოეზიაა!’’ შემდეგ ღვთისმეტყველების სუნივერსიტეტო განათლების მქონე ახალგაზრდა კაცს ვკითხე, მან მიპასუხა: ,,ხე _ სამშენებლო მასალა! ’’ ესეც ორი უკიდურესობა!  ერთსა და იმავე ცნებაზე შეიძლება ავაშენოთ სამყარო, გულისხმიერებით, სილამაზით, სიცოცხლით სავსე, ან მაგიდები და სკამები და სხვა არაფერი, მკვდარი საგანი.!   ის ვერაფერს ხედავდა ხეში გარდა იმისა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა მისგან; როგორც დიკენსის გმირი, რომელიც უყურებდა ცხვრის ფარას და ამბობდა: მოარული მწვადები… სხვას ვერაფერს ხედავდა; ცოცხალ არსებებში მხოლოდ ხორცს ხედავდა, რომლითაც მუცელს ამოიყორავდა.                                           ამ უკიდურესობამდე მიუსვლელადაც , ადამიანი ყოველთვის  ვერ ხედავს საგნებს წმიდანის თვალით , ისე როგორც ღმერთი ხედავს. ან ხელოვანის თვალით, რომელიც შეიცნობს კეთილსაც და ბოროტსაც. აქ, მე ვფიქრობ , ხელოვანის პასუხისმგებლობაცაა: ის შეიძლება ხედავდეს საგანს , ხედავდეს სიმახინჯეს, ცოდვას, ბოროტებას, შეუძლია ისინი გამოხატოს _ და ეს იქნება დადებითი მნიშვნელობის სიმართლე  ან _ პორნოგრაფია…  და ყოველთვის არ იცი რა იქნება, რადგან ყველაფერი მოცემულ ადამიანზეა დამოკიდებული.  მსოფლიო ლიტერატურაში არის მთელი რიგი შემზარავი სახეებისა,  მაგრამ ისეა ნაჩვენები, რომ შენთვის გაკვეთილი იყოს:იცოდე! სხვები კი ისეა ნაჩვენები, რომ ფიქრობ:მაგარია! აფსუს, თაღლითობა, უსინდისობა და ა.შ. არ მომდგამს,თორემ მეც მდიდარი და ცნობილი კაცი ვიქნებოდი!                                                                                                                              აი, აქ არის ხელოვანის ზეშთაგონების საკითხი: ერთი მხრივ, ის, რასაც ის ხედავს, და მეორე მხრივ _  მისი ზნეობრივი ხარისხის საკითხი, რადგანაც, ხელოვანის თვალსაზრისით , შეიძლება ხედავდე ერთსაც და მეორესაც, ისევე , როგორც ღმერთის თვალსაზრისით , შეიძლება ხედავდე მადლის ნათებას და _ცოდვის საშინელებას.  მაგრამ ხელოვანს ხშირად არ შეუძლია ამ განსხვავების გაკეთება, რადგან ეს მისი როლი არ არის, _ სხვანაირად ის ტოლსტოი გახდება : ის ილაპარაკებს ცოდვაზე იქ, სადაც სილამაზეზე უნდა ილაპარაკოს. ეს ორი სხვადასხვა მოწოდებაა, რომლებიც, ისევე, როგორც ყველაფერი ამ ცხოვრებაში, მადლის შთაგონებით შეიძლება იყოს დალოცვილი ან არ იყოს…. მაგრამ ასევე სულიერი ცხოვრებას შეიძლება შემობრუნდეს ეშმაკის სახით: ამას ჩვენ ზოგჯერ სექტებში ვხედავთ…. აი, ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია….

*    *    *

         ჩემი ყველანაირი კომენტარი ზედმეტია, მაგრამ ბევრი მაფიქრა მისმა ქადაგებამ… კიდევ ერთხელ გამახსენდა გოლდმუნდის ტრაგედია… (ჰერმან  ჰესეს ,, ნარცისი და გოლდმუნდიდან’’) ისიც ხომ ამან დაღუპა…  ჭიდილმა სულიერებასა და ხელოვნებას შორის…. არადა წინააღმდეგობა შეიძლებოდა არც კი ყოფილიყო  … … …

ვლაქერნობა _ დედა ღვთისას სამოსლის დადების დღესასწაული

 15 ივლისი _  ეს ის დღეა, როცა  მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს.
  ზუგდიდში, დადიანების კარის ეკლესიაში ინახება  დედა ღვთისას პატიოსანი სამოსელი_ მსოფლიო ქრისტიანობის ერთ_ერთი უდიდესი სიწმიდე. ამავე ტაძარშია დაბრძანებული ვლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, ასევე სხვა სიწმიდეები, რომლებიც ღვთის ნებით საქართველოში მოხვდა.
      ისტორიული წყაროები და ზეპირი გადმოცემები სხვადასხვაგვარად გადმოგვცემენ ამ სიწმიდეების  საქართველოში დავანების ისტორიას.
        გადმოცემის მიხედვით , მარიამ ღვთისმშობელმა მფარველობის ნიშნად , თავისი სამოსელი ბერძნულ ეკლესიას დაუტოვა. ბიზანტიაში ლეონ დიდის ზეობისას, იმპერატორის ძმები ცნობილი სენატორები _გალვიოსი და კანდიდი გაემგზავრენ პალესტინაში წმიდა ადგილების მოსალოცად. ნაზარეთის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ პატარა სოფელში მოხუც ქალთან დარჩნენ ღამის გასათევად.სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმევლის სურნელებამ მიიპყრო. კეთილმსახურმა ქალმა მათ გაუმხილა, რომ იცავდა უძვირფასეს სიწმიდეს_ ღვთისმშობლის სამოსელს. დედა ღვთისას მიძინების წინ თავისი სამოსელი უანდერძებია  ორი  ქვრივისთვის. ერთ-ერთმა მათგანმა წესად დაადგინა სამოსლის ყოველ მფლობელს სიკვდილის მოახლოებისას კეთილმსახური ქალწულისთვის გადაებარებინა. ასე მოუღწევია იმ ქალამდე… ძმებმა ძვირფასი კიდობანი წმ. სამოსლით კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს და მოციულთა_პეტრესა და მარკოზის სახელობის ტაძარში დააბრძანეს. (474)  469 წლის 2 ივლისს გენადი კონსტანტინეპოლელს გადაუბრძანებია ვლაქერნაში, ღვთისმშობლის ხატის პატივსაცემად აგებულ ეკლესიაში.
              ვლაქერნა ეწოდებოდა ძველად სტამბოლის მხარეს, რომელიც მდებარეობს ქალაქის ჩრდილოეთ განაპირას. ტაძარში იყო ღვთისმშობლის ხატი, რომელმაც დაიცვა და დაიფარა კონსტანტინეპოლი განადგურებისგან 626 წელს.
        ეს ხატი დღესაც არსებობს და დაცულია სამეგრელოს თავადის მუზეუმში.პლატონ იოსელიანის ცნობით,  ის სხვა სიწმიდეებთან ერთად ჰერაკლე კეისარს უჩუქებია ქართველი ერისთვის.მაგრამ ცნობა საეჭვოა.
     არსებობს საინტერესო გადმოცემა რუსი პილიგრიმებისა, რომლებმაც XIV საუკუნეში მოილოცეს ბიზანტიის სიწმიდეები.მათი ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ ვლაქერნში დაბრძანებული ყოფილა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამოსელი, სარტყელი, და თავსაბურავი, რომლებიც ჩაბრძანებული ყოფილა ვერცხლით შეჭედილ ქვის სარკოფაგში და ინახებოდა ტაძრის საკურთხეველში.
    ყველა გადმოცემაში მითითებულია, რომ ვლაქერნის ტაძარში დაბრძანებული იყო ხატი, რომელზეც გამოსახული იყო საფარველი ისე, როგორც დაინახა წმ. ანდრიამ. ხატზე ყოვლადწმიდა დედას უფლისას საფარველი გაეშალა მლოცველი ხალხის თავზე, როგორც სიმბოლო თავისი მფარველობისა კონსტანტინეპოლზე. ამ სიწმიდეს უკავშირებენ კონსტანტინეპოლის მრავალჯერ გადარჩენას. გადმოცემით ცნობილია, განსაცდელის ჟამს პატრიარქ სერგიუსს სამოსელი ზღვაში ჩაუძირავს. ზღვა ადუღებულა და ამ სასწაულის მხილველი მტერი გაქცეულა.
  კასტელის ცნობით,  ის ხოფის მონასტერში ყოფილა , სადაც ბერძნებს მიუტაცნიათ.
  არსებობს კიდევ ერთი ვარაუდი, კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ ვლაქერნის ტაძრის სიწმიდეები  იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერში მოხვედრილა. ლევან II       დადიანს განუახლებია მონასტერი , მაგრამ მერე დაქსაქსული, ღონეგამოცლილი საქართველო ვეღარ ეპატრონა ჯვრის მონასტერს. ამიტომ, შეიძლება ვივარაუდოთ, სწორედ ამ დროს იქნა ჩამობრძანებული სიწმიდეები საქართველოში.
     გროგოლმა ხატის შენახვა მიანდო სიმამრს, საქართველოს უკანასკნელ მეფეს_ გიორგი  XII-ს, მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა ძემ დავით ბატონიშვილმა რუსეთში წააბრძანა. ხატის დასაბრუნებლად მთავრის ქვრივმა ნინომ იმპერატორს მიართვა, რათა შემდგომ ეთხოვა ხატის სამეგრელოში დაბრუნება.  ,, ქართლის ცხოვრების’’ ცნობით კი, გიორგი გურიელს მე_17  საუკუნეში ხატი გაუძარცვავს და მიუსაკუთრებია. 1805 წელს მთავრინა ნინოს სურვილით საგანგებო დეპუტაციას ხატი წაუბრძანებია პეტერბურგში, რათა მიერთმიათ ალექსანდრე  I _სთვის. მან ხატი ძვირფასად შეამკო და დაუბრუნა საქართველოს.უბრძანებია აეშენებინათ ეკლესია ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელზე , დაეარსებინათ ქალაქი , რომელსაც განსვენებული გრიგოლ დადიანის საპატივცემულოდ გრიგოლიოპოლი ეწოდებოდა.ტაძრის აშენება ლევან V დადიანს დაუწყია. ღვთისმშობლის ხატი მარტვილის მონასტრიდან გადმოუბრძანებიათ .
      საყურადღებოა ერთი გარემოება, მართალია ალექსანდრე I-ის  ბრძანებით ტაძარი ღვთისმშობლის ხატის სახლეზე აუგიათ, მაგრამ როგორც ჩანს, შემდგომ დედა ღვთისას სარტყლის დადების დღესასწაულის სახელზე უკურთხებიათ. ამაზე მეტყველებს კანკელის ხატი, რომელზეც გამოსახულია დედოფალ პულხერიას მიერ სარტყლის დადების სცენა. ხატი შესრულებულია დავით და ეკატერინე დადიანების შეკვეთით.
     XX  საუკუნის საშინელ მოვლენებს  ვერც დადიანების ეკლესია გაექცა.ღვთისგმობელი მთავრობის ბრძანებით წირვა_ლოცვა აკრძალულ და დაკეტილ ეკლესიაში  ხან  მხარეთმცოდნეობის მუზეუმი იყო, ხან_ სამხატვრო სახელოსნო, ხან_ თოჯინების თეატრი. მხოლოდ 1990 წელს ილია II_ის კურთხევით განახლდა ღვთისმსახურება.
     ამჟამად ვლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი_ ზუგდიდში, ისტორიულ მუზეუმში . ღვთის საოცარი განგებულებით  და დედა ღვთისას უსაზღვრო მოწყალებით დღესაც საქართველოში ბრძანდება მსოფლიო ქრისტიანობის უდიდესი სიწმიდეები, მაგრამ სამწუხაროდ, მორწმუნეებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ  გვაქვს საშუალება მივეახლოთ, თაყვანი ვსცეთ, მადლი და წყალობა ვთხოვოთ…..
        ეს დღე 15 ივლისია, ზუგდიდელების და მთელი საქართველოს დიდი დღესასწაული! დღეა , როცა არავის ძალუძს გულგრილი იყოს, ტაძარში იმდენი ხალხია ხოლმე, ჭყლეტაა, გაუსაძლისი სიცხე, მაგრამ ხალხი  უთენია იკრიბება, ანთებული თვალებით, კრძალვით, მოთმინებით ელოდებიან როდის გამოაბრძანებენ უდიდეს სიწმიდეს… დგება მომენტი უძვირფასესი ლუსკუმის გამობრძანების და თითქოს დრო იყინება… გრძნობ როგორ გადმოედეინება მადლი სიწმიდიდან… და ავსებს მომლოცველებს…..

                    სამოსელი ღვთისმშობელს ცმევია ლოცვისას,…შემოიხვევდა თურმე… ამიტომაც აქვს ამოჭრილი პატარა სატუჩე. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ბაგეები ეხებოდა მას… ბაგეები, რომლებმაც წარმოსთქმვა:
       ,,ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი…’’
      გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს! ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანმა სამოსელმა დაგვიცვას და დაგვიფაროს…..

წყარო: ჟურნალი ,,საფარველი’’, ივლისი, 2009წ,#7(98);

 

,, ნათელი სევდის”კარიბჭესთან…

         დაიწყო გზა გულშემუსვრილობისა და სინანულისა…ჩვენს წინ გაიღო სინანულის კარიბჭე..უფალი კიდევ ერთხელ გვაძლევს საშუალებას ჩავიხედოთ გულისგულში,ჩვენი დაცემულობა შევიგრძნოთ და გულშემუსვრილებმა სამოთხიდან დევნილი ადამივით  შევღაღადოთ უფალს:
„ჰოი, შენ, სულო ჩემო, უბადრუკო, სამოთხის მემკვიდრ-იყავ, ტკბილსა მას საშუებელსა და გიბრძანა უფალმან ხისა მის არა ჭამად, რაისათვის გარდახედ მცნებასა მას სახიერისასა?“
,,ერთი მცნებაჲ შეურაცხ-ვყავ მეუფისაჲ, და ბევრეულთა კეთილთაგან გამოვიჴუ. სამოთხეო უწმიდესო, ჩემთჳს დასხმულო, და ევაჲს მიერ დაჴშულო, ვითარ-მე გტიროდე შენ, ანუ ვინღა მომცეს მე ყუავილთაგან შენთა განძღომა!”,
ადამი მიხვდა თავის შეცოდებას და შეინანა…მიხვდა ,რომ თვითონაა დამნაშავე მომავალი კაცობრიობის ტანჯვაში. ცრემლისა და სისხლის ნაკადები, მთელ დედამიწას რომ მორწყავენ, მისი შეცოდების გამო დაიღვრება…დიდი იყო მისი სინანული…ის  მისი ხანგრძლივი ცხოვრების მთავარ შინაარს შეადგენდა. სინანულს უქადაგებდა იგი თავის მრავალრიცხოვან შთამომავლობას. .. ჩვენც მას უნდა ვბაძვიდეთ,მისებრ უნდა შევღაღადოთ უფალს ცოდვათა მოტევება და ხსნა… კათალიკოს–პატრიარმა გასულ წელს მიტევების კვირას იქადაგა:
,, ადამიანი ურთულესი ბუნებისაა: იგი შეიძლება ჯოჯოხეთში ჩავარდეს და შეიძლება სრულყოფილების კიბით სასუფეველში ავიდეს! მაგრამ ისიც ვიცით, რომ ადამიანის ცხოვრება განსაცდელია, გამოცდა, – როგორც ამას მართალი იობის წიგნი გვასწავლის. და ღმერთმა ინებოს, რომ ეს განსაცდელი ღირსეულად განვლოთ ყოველმან! წმინდა ეფრემ ასური ამბობს: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისთა!“ დაუკვირდით, როგორ უკავშირებს წმინდა მამა ცოდვათა განცდას განუკითხველობას! აი, ეს არის გზა სასუფევლისკენ!ამიტომ შევთხოვთ უფალს, რომ მოგვანიჭოს ჩვენ მადლი და ძალა, რათა ვიხილოთ ჩვენი ცოდვები, შევინანოთ წინაძე ღვთისა და არ განვიკითხოთ მოყვასი ჩვენი!”
უფლის მიერ ჩვენს შესაწევნელად დაწესებულია მარხვა..დიდმარხვაში სული თითქოს სხეულისაგან დამოუკიდებლობასა და განშორებულობას ეჩვევა და თვითშეგნების უფრო მაღალ საფეხურზე ადის…ეკლესიაში განსაკუთრებული,სულისშემძვრელი ღვთისმსახურება აღესრულება,ისეთი გულისშემმუსვრელი ლოცვებით ,როგორიცაა ანდრია კრიტელის კანონი…ეფრემ ასურის ლოცვა…საოცრად ამაღელვებელია მართლაც მარხვის მსახურება,როგორც  ალექსანდრე შმემანი ამბობს ესაა ,,ნათელი  სევდის ”მდგომარეობა….
ზოგადი შთაბეჭდილება, როგორც უკვე ვთქვი, „ნათელი სევდის“ განწყობაა. დარნმუნებული ვარ, რომ ადამიანი, რომელიც დიდი მარხეის ღვთისმსახურებისას შედის ეკლესიაში და რომელსაც მხოლოდ შეზღუდული წარმოდგენა აქვს საეკლესიო ცხოვრების შესახებ, უცებ მიხვდება, რას ნიშნავს ეს ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივი გამოთქმა. ერთი მხრივ, მთელს ღვთისმსახურებაში ერთგვარი წყნარი სევდა ჭარბობს: შესამოსელი მუქია, ღვთისმსახურება – ჩვეულებრივზე ხანგრძლივი და უფრო მონოტონური, თითქმის უძრავი. საკითხავები და საგალობლები ცვლის ერთმანეთს, მაგრამ თითქოსდა „არაფერი ხდება“. დროგამოშვებით მღვდელი გამოდის საკურთხეელიდან და ერთსა და იმავე მოკლე ლოცვას კითხულობს, რომლის შემდეგაც ეკლესიაში მყოფნი დიდ მეტანიას აღასრულებენ, ე.ი. მიწამდე ხრიან თავს. და ასე დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ლოცვის ამგვარი ერთფეროვნების, ამ წყნარი სევდის წიაღში ვიმყოფებით.
თანდათანობით ჩვენ ვიგებთ, ან, უფრო სწორად, ვგრძნობთ, რომ ეს სევდა მართლაც ნათელია, რომ ჩვენს არსებაში რაღაც იდუმალი ცვლილება იწყება. თითქოსდა ისეთ ადგილას მოვხვდით, სადაც ვერ აღწევს ცხოვრების ხმაური და ამაოება, ყოველივე ის, რაც ჩვეულებრივ ავსებს ჩვენს დღეებს და ღამეებსაც კი, – ისეთ ადგილას, სადაც მთელს ამ ამაოებას უკვე არანაირი გავლენა აღარ აქვს ჩვენზე. ყოველივე, რაც ადრე ასე მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა და ასე ავსებდა ჩვენს სულს, შფოთვის ის მდგომარეობა, რომელიც ლამის ჩვენს მეორე ბუნებად იქცა, სადღაც ქრება, და ჩვენ ვგრძნობთ თავისუფლებას, ვგრძნობთ, რომ მსუბუქნი და ბედნიერნი გავხდით. მაგრამ ეს არაა ის ხმაურიანი და ზედაპირული, მყიფე და წარმავალი ბედნიერება, რომელიც დღეში ოცჯერ მოდის და გვშორდება. ეს ღრმა ბედნიერებაა, რომელიც ერთი გარკვეული მიზეზიდან კი არ მომდინარეობს, არამედ იქიდან, რომ ჩვენი სული, თევდორე დოსტოევსკის სიტყვებისა არ იყოს, „სხვა სამყაროს შეეხო“. ხოლო შეეხო იგი იმას, რაც აღსავსეა სინათლით, მშვიდობით, სიხარულითა და გამოუთქმელი იმედით. ამ წუთებში ჩვენ გვესმის, რატომ უნდა იყოს ღვთისმსახურება ასეთი ხანგრძლივი და თითქოს მონოტონური. ვხვდებით, რომ სრულიად შეუძლებელია გადავიდეთ ჩვენი სულის ნორმალური მდგომარეობიდან, რომელიც ამაოებით, უდროობითა და ზრუნვითაა სავსე, ხსენებულ სხვა სამყაროში იმის გარეშე, რომ ჯერ არ დავმშვიდდეთ, არ აღვადგინოთ ჩვენს თავში შინაგანი მდგრადობის გარკვეული დონე. ამიტომაა, რომ ისინი, ვინც ღვთისმსახურებას ისე უყურებს, თითქოსდა ეს რაღაც „ვალდებულება“ იყოს და ყოველთვის რაღაც „მინიმალური მოთხოვნები“ აინტერესებს („რა სიხშირით უნდა ვიაროთ ეკლესიაში?“, „რა სიხშირით უნდა ვილოცოთ?“), ვერასოდეს მიხვდებიან ღვთისმსახურებათა ჭეშმარიტ აზრს, რომელსაც სხვა სამყაროში გადავყავართ, სადაც თვით ღმერთი სუფევს! მაგრამ ეს გადასვლა ერთბაშად როდი ხდება, არამედ ნელა, რადგანაც ჩვენი ბუნება დაცემულია და დაკარგა ამ სხვა სამყაროში ბუნებრივი შესვლის უნარი.
„სევდიანი ნათელი“ ჩემი განდევნისა და ამაოდ განლეული ცხოვრების სევდაა. ხოლო ნათელი კი ღვთის სიახლოვესა და მის მიერ მიტევებას ეკუთვნის, ეს ღმერთთან დაბრუნების სიხარული და მამისეულ სახლში შესვლის სიმშვიდეა. ამგვარია დიდი მარხვის ღვთისმსახურების განწყობა, ამგვარია მისი პირველი შეხება ჩემს სულთან.”
საოცრად კარგად და ვფიქრობ ,ზედმიწევნით ზუსტად გადმოსცემს სათქმელს მამა ალექსანდრე …მართლაც ,,ნათელი სევდის ” მდგომარეობაა,სევდის რომელიც თითოეული მორწმუნის სულში ისადგურებს ,მაგრამ ამავდროულად გამოუთქმელი ნათლით ავსებს და აძლიერებს….
ეს ,,ნათელი სევდა” გუშინდელი მწუხრიდან დაიწყო…მართლაც საოცარი დღე იყო…ყველა შენდობას ვთხოვდით ერთმანეთს ნებით თუ უნებლიედ ჩადენილი ცოდვებისათვის…საოცარი ერთსულოვნება და უდიდესი სიყვარული ვიგრძენი ტაძარში…ადამიანები ცდილობდნენ არავინ არ გამორჩენოდათ..ყველასთვის შენდობა ეთხოვათ…ბუნებრივია ,ყველას პირადად ნახვის საშუალება არ იყო და ბევრმა ამისთვის სოციალური ქსელებიც კი გამოიყენა..ვაღიარებ მეც….ყველა ამას ვერ გაიგებს..კიდეც გაგვაკრიტიკეს… ვფიქრობ ,ამაში ცუდი არაფერია…რა თქმა უნდა, უკეთესია  შენდობა პირადად ვთხოვოთ ადამიანს,გადავეხვიოთ..სიყვარული ვაგრძნობინოთ…მაგრამ, როცა ამის საშუალება არ არის?!არაფერს მგონი მაინც ასე  ჯობია….ეს არ ნიშნავს იმას ,რომ 1 საათში ისევ იგივე შეცოდება ჩავიდინოთ(რა თქმა უნდა,არავინ უწყის ვინ როგორ და როდის დაეცემა კვლავ)პირიქით..უნდა ვეცადოთ გამოვსწორდეთ..ამოვიდეთ ცოდვის უფსკრულიდან ,ერთმანეთის გულისტკენას მოვერიდოთ,იარები მოვუშუშოთ და  იმ ნეტარებით სავსე წუთებით დავტკბეთ რასაც ურთიერთსიყვარული გვანიჭებს…
ალბათ ძალიან  პათეტიკური და დემაგოგიური გამომივიდა…ვერ მოვასწარი,უკვე ორშაბათია,შენდობის კვირა გავიდა,მაგრამ მაინც ვითხოვ  შენდობას….მომიტევეთ…განსაკუთრებით კრიტიკოსებო…
ყველას გთხოვთ შენდობას ვისაც გაწყენინეთ..ნებით თუ უნებლიეთ….
უფალმა გაგაძლიეროთ….შეგვაძლებინოს გადავლახოთ სევდანარევი,ნათელი დღეები და ერთად გვეზეიმოს დღესასწაულთა დღესასწაული    აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი!
ისევ ალექსანდრე შმემანის სიტყვები:
,,როცა დიდი მარხვის „ნათელ სევდაში“ ვაბიჯებთ, ვხედავთ, რომ გზის დასასრული შორსაა, ძალიან შორს. ჩვენი მიზანი, დასასრული გზისა, – სააღდგომო სიხარულია, ზეციური სასუფევლის დიდების ბრწყინვალებაში შესვლაა. და ამ შორეული ნათელის ანარეკლი გვინათებს „მარხვის ჭმუნვას“, „სულიერ გაზაფხულად“ აქცევს მას. ღამე შეიძლება ხანგრძლივი და ბნელი იყოს, მაგრამ მთელი გზის განმავლობაში გვეჩვენება, რომ ჰორიზონტს რიჟრაჟის იდუმალი და კაშკაშა სხივი ანათებს. ნუ ჴუებულ-მყოფ სასოებისაგან ჩუენისა (ნუ დამაცარიელებ იმედისაგან), კაცთმოყვარეო!