უბრალოდ… ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ი

სამსახურიდან თუ უნივერსიტეტიდან  დაღლილ-დაქანცული წამოვსულვარ…  გაჩერებაზე, ავტობუსის მოლოდინში გავთოშილვარ..  ბოლოს გამოჩნდება  ცივი, ულამაზო, ბებერი რკინის, ოდესღაც ყვითელი ჩონჩხი,  გათოშილს მინდა მძღოლზე ვიყარო ჯავრი, რატომ დააგვიანეთ-მეთქი  და ის ისე თბილად მელაპარაკება, სიბრაზე და სიცივე სადღაც ქრება… საოცრად ნათელი, თბილი ცისფერი თვალები შემომცინის და მათბობს, მიღიმის…  თავის თავზე მითხრა ცოტა, შვილი ავად ყოლია…შევამჩნიე უჭირს, მაგრამ მაინც არ კარგავს ღვთის იმედს. თავის დარდს არავის ახვევს, სულ მხიარულია, ცდილობს დაღლილ მგზავრებს  რამდენიმე წუთით მაინც დაავიწყოს პრობლემები, ამიტომ ხუმრობს….  რატომღაც მე გამიმხილა თავისი სატკივარი… შემეცოდა, თურმე, რამხელა ტრაგედიას დაატარებს, ის კი კლოუნივითაა, საოცრად სევდიანი, ტკივილიანი მაგრამ კეთილი, თბილი ღიმილით, რომელიც ყველას ათბობს…. მიყვარს!

ის რამდენჯერმე ვნახე ჩემი სიცოცხლის მანძილზე… ერთი პოსტიც მივუძღვენი… რაღაცნაირია, სხვანაირი, საოცარი.. ცოტა იდუმალი და ძალიან საინტერესო მოსაუბრე. რაც ყველაზე მეტად მხიბლავს, თბილია, ძალიან თბილი და ნათელი!!! ჩემი უყურედღებობის, უდროობის თუ აკვიატებების გამო მგონი დავკარგე…. მაგრამ, მიყვარს!

ის თითქმის არცერთ ჩემს ნაცნობს არ მოსწონს…  უხეში გარეგნობა, გამჭოლი მზერა, კუშტად შეკრული შუბლი, ხშირი წარბები, ძლიერი ხმა… არ უყვართ, რადგან თვლიან, ცინიკოსია, ყველას დასცინის, რთული და თავისებური ადამიანია.. ჰო, კიდევ ბევრ რამეს  ამბობენ მასზე, მაგრამ კატეგორიულად არ ვიზიარებ, ამიტომ არ ვწერ! მე რატომ მიყვარს? ჰო, ძალიან დიდ პატივს ვცემ და მ ი ყ ვ ა რ ს! უხეში გარეგნობის, რთული ხასიათის მიღმა, ასე მგონია, დიდი და სიყვარულით სავსე გული იმალება, საქმის, ცოდნისა და სტუდენტების სიყვარულით ანთებული დაუღალავი  გული… მისი გამოხედვა და  სიტყვები, რომელსაც რატომღაც დაცინვად და ცინიზმად მიიჩნევენ, მე მოტივაციას მიღვიძებს და განვითარებისკენ, მეტი ცოდნის დაუფლებისკენ მიბიძგებს… ორჯერ შემაქო.  პირველმა შექებამ განმამტკიცა, ძალა შემმატა, მეორეჯერ მისმა  ასეთმა საქციელმა ისე დამაკომპლექსა, საბოლოოდ ისე მოხდა  იმედი გავუცრუე… მაგრამ,  დიდი გაკვეთილი მივიღე…  მისი მოსმენა თუნდაც 5 წუთით უფრო ნაყოფიერია,  ვიდრე მოტივაციის ამაღლებაზე დაწერილი ლიტერატურის კითხვა…                                                                  მიყვარს, მისი ინდივიდუალობის, უცნაურობების, გულში მიმალული სტუდენტების უსაზღვრო სიყვარულის, პროფესიის ერთგული სამსახურის  გამო…..

მკაცრი გარეგნობა, მუდამ სერიოზული სახე, მაშინაც კი, როცა გულიანად, ბოლო ხმაზე ხარხარებს…  მკაცრი ტონი და ,,ჯუჯღუნა” ხასიათი, რომელიც ხშირად ყველას ნერვებს უშლის… საქმის უბადლო მცოდნე და საოცარი მ ე წ ვ რ ი ლ მ ა ნ ე და ფრთხილი, რომ შეცდომა არ გაეპაროს. ენაკვიმატი, ხუმარა… ყველას იმედი და დამხმარე… მგონი ყველა ფიქრობს (მათ შორის მეც) რთული ადამიანია, მაგრამ ყველა პატივს სცემს, თუ არ უყვართ, არამგონია სძულდეთ.. მე ძალიან მიყვარს, მისი მადლობელი  ვარ, მისგან უამრავი რამ ვისწავლე და ვსწავლობ…

საოცრად ჩეულებრივი, არანაირად გამორჩეული და უცნაური, ლაღი, მხიარული, ხუმარა… თან ძალიან ჭკვიანი! არასოდეს მინახავს მოწყენილი, მუდამ იმედიანია და ღიმილიანი, კიდევ ნათელთვალებიანი და ნათელსახიანი… უბრალოდ ძალიან მიყვარს…. (მსგავსი ადამიანები ბევრი შემხვედრია, მეტ-ნაკლები ინდივიდუალური თავისებურებებით, მაგრამ ყველა საყვარელია)

ზორბა, დიდი აღნაგობის კაცი, სამხედრო ნაბიჯებით და მკაცრი ხმით.. რატომღაც მგონია არავის უყვარს.. 😦 ერთი შეხედვით ჩანს ცინიკოსია და თავის თავს სხვებთან შედარებით მაღლა აყენებს, მაგრამ დავინახე შვილიშვილების ერთად, მაშინ სულ სხვანაირი იყო… სიმკაცრის ფასადი  სადღაც გამქრალიყო და მისი თვალებიდან გადმონათი თბილი შუქი ეფინებოდა პაწია ანგელოზებს… მე ვნახე მისი ნახატები, ნატიფი, მშვენიერ, საოცრად გრაციოზული და დახვეწილი ფიგურები! როგორ გამიკვირდა ვერ წარმოიდგენთ, ყველაფერს წარმოვიდგენდი და ბატონ ……-ს ამ ნახატების შექმნა თუ შეეძლებოდა ვერა….  მე ვნახე ერთხელ ყავას იდუღებდა და თან ტკბილად, ჩუმად ღიღინებდა…. ასე მგონია, ის სიმკაცრე ნიღაბია, ფასადია, შინაგანად კი სულ სხვანაირია, მაგრამ კომპლექსების დასაფარად ცდლობს სხვანაირი ჩანდეს… მისი უნიღბო სახე მიყვარს….

ის უ ც ნ ა უ რ ი ა! ისე უცნაური, რომ მისნაირი არავინ მინახავს! მიკვირს როგორ გამიგო, ან როგორ გავიგე, თითქმის რადიკალურად განსხვავებულია ჩემგან, პირადად არ ვიცნობ, მაგრამ სოციალური ქსელის მეშვეობით  დავმეგობრდით… ისე გავუგეთ ერთმანეთს, რომ პირად პრობლემებზე, ადამიანებთან ურთიერთობებზე, საკუთარ შინაგან სამყაროზე და მისწრაფებებზე დიდხანს, გულახდილად გვისაუბრია.. ძალიან მიკვირს, მაგრამ ასე მგონია, ამ  ადამიანს ვენდობი, ბოლომდე გულწრფელობა შემიძლია მასთან..მიყვარს მისი უცნაურობების, ახირებების, სითბოსა და სიყვარულის, გულუბრყვილობის, ბავშვური ხასიათის, მისი სულის ნათების გამო…

უნებურად უცნაურმა გრძნობამ შემომიტია, ჩავფიქრდი ზოგადად ადამიანებზე და         იმ ადამიანებზე ვინც ჩემს ცხოვრებაზე გავლენა იქონია.. ასეთი ძალიან, ძალიან ბევრია… ღვთის გაჩენილი თითოეული ადამიანი გამორჩეულია, ინდივიდია, პიროვნებაა, რომელსაც ინდივიდუალური თავისებურებები ახასიათებს… ადამიანი, ეს ხომ სამყაროში თავისთავადი,  პატარა უკიდეგანო სამყაროა…  დადებითი თვისებებით თუ ნაკლოვანებებით, ფიქრებით, ტკივილებით თუ  სიხარულებით… მაინც მჯერა და მინდა სულ მჯეროდეს რომ ყოველ ადამიანში მზეა… თითოეულის სულში შესაძლებელია მზის სხივი გამოკრთეს და სიყვარულის მცხუნვარე კოცონად აგიზგიზდეს…. მე მინდა ადამიანებს ასე ვხედავდე… სიღრმეში დაფარულ მშვენიერებას ვხედავდე და ყველაფრის მიუხედავად ყოველთვის მიყვარდეს…..

,,სულიერი ექსპერიმენტი” ანუ ჭეშმარიტების ძიების გზა

     ,,ჭეშმარიტ სილამაზეს ხომ წრფელი გული ქმნის” – მისი სიტყვების არ იყოს, ავტობიოგრაფიული პროზის კითხვისას მთავარ ღირებულებას თუ სილამაზეს  გულწრფელობა ქმნის, მიუხედვად იმისა, რომ განდი  არ იყო კალმის დიდოსტატი, მისი თავმდაბლობა, გულღიაობა, უშუალობა წიგნს სასიამოვნოდ წასაკითხს ხდის.  ,,ვცდილობდი, ისე აღმეწერა ჭეშმარიტება, როგორსაც ვხედავდი და თქვენთვისაც მეჩვენებინა გზა, რომლითაც მისკენ მივდიოდი….” – კიდეც გამოუვიდა. ეს არის იმ ადამიანის ავტობიოგრაფია, რომლის ცხოვრებაც (,,სულიერი ექსპერიმენტი” – ასე უწოდებს თავის ცხოვრებას)  საკუთარ თავზე გამარჯვების, სამშობლოსთვის, სამართლიანობისთვის თავგანწირვის სანიმუშო მაგალითია, მისმა ცხოვრებამ დიდი კვალი დატოვა არამარტო ინდოეთის, არამედ ზოგადად, კაცობრიობის ისტორიაში. განდის ავტობიოგრაფია, ესაა ჩვენება იმისა, როგორ მიაღწია ერთ უბრალო  ჰინდუ-ქშატრიას ოჯახში დაბადებულმა ადამიანმა იმხელა წარმატებას, რომელმაც შეცვალა ხალხის ცნობიერება, ქვეყნის ცხოვრება…  უკვე მერამდენეჯერ დავრწმუნდი, გარემო და პირობები ადამიანის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს, მაგრამ მცირეოდენ, ადამიანის შინაგანი ბუნება, ნიჭი, ეს ღვთის საჩუქარია და თუ ის უხვადაა,  ან თუ ამ ტალანტების გამრავლებისთვის  ადამიანი გამუდმებით, თავდაუზოგავად იღვწის, ეს ,,დიადი სულის” ფორმირების წინაპირობაა.  
მოჰანდას კარამჩანდ განდი ჰინდუ-ქშატრიას ოჯახში იყო დაბადებული, დედა საოცრად მორწმუნე იყო, თუმცა, მისი რელიგიური მრწამსი ,,აჰიმსა” /არეკვლა/ ჯაინიზმის უმთავრესი დოგმაა. მისი ფიქრები, ცხოვრებისეული მისწრაფებები და ქმედებები კი ქრისტიანობასთან ძალიან ახლოს იდგა. ქრისტიანობასთან პირველი შეხება ლონდონში სწავლის პერიოდში მოუწია, თუმცა, მისი თქმით, ამ  რელიგიაში ჭეშმარიტება ვერ ჰპოვა, მიუხედავად ამისა, ის აღფრთოვანებული იყო მაცხოვრის მცნებებით, ,,ქადაგებით მთასა ზედა”, მას მტერი წმინდა ქრისტიანული გაგებით ესმოდა, (,,მთავარია სიტყვაში ,,მტერი” ვუგულისმოთ არა ადამიანი, არამედ ის სიბოროტე, რასაც ეს ადამიანი სჩადის”), ის მთელი ცხოვრების მანძილზე იცავდა ქორწინების სიწმინდეს, ებრძოდა შინაგან მანკიერებებს, ვნებებს, იყო სიმდაბლისა და უბრალოების მაგალითი, ეძიებდა ჭეშმარიტებას…. სამწუხაროა, რომ მართლმადიდებლობასთან არასოდეს ჰქონია შეხება, იქნება მისი ცხოვრება სხვაგვარად წარმართულიყო…
         მისი შინაგანი ბუნება ჯერ კიდევ ბავშვობისას გამოიკვეთა.  მშობლებს აოცებდა თავისი სიბრძნით, სიკეთით… ერთი მაგალითი: ერთხელ პატარა მონიას (ბავშვობაში ასე ეძახდნენ)  უფროსი ძმა დიდ ვალში ჩავარდა, მაგრამ შიშით მამას ვერ უმხელდა. მონიას ძმისადმი სიბრალულით,  ოქროს პატარა ნამცეცი მოუპარავს, რათა ძმას ვალების გადახდაში დახმარებოდა, თუმცა ისიც კარგად ესმოდა, რომ ქურდობა უდიდესი ცოდვა იყო. მონანიების მიზნით თავისი დანაშაული ქაღალდზე დაუწერია, და „მონანიების ფურცელი“ მამისათვის მიუცია. მამამ, რომელსაც განსაკუთრებით უყვარდა უმცროსი შვილი, ნაწერს დახედა, შემდეგ ქაღალდი დაკუჭა და გადააგდო. პატარა მონია კი ოთახში შევიდა და დიდხანს ტიროდა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი ბრძოლა ხორცთან, ვნებებთან, თითქმის მთელი ცხოვრება ხილითა და ბოსტნეულით იკვებებოდა. ,,მისი ასკეტიზმი”  შორსაა მართლმადიდებლური ასკეტიზმისგან, ეს უბრალოდ საკუთარი თავისთვის დაწესებული შეზღუდვები და აღთქმები იყო, მაგრამ უთუოდ დიდი სულიერი სიძლიერის მაჩვენებელია, ასე ხორციელი სიამოვნებების უარყოფით უნდოდა  საკუთარ თავში მანკიერი მხარე აღმოეფხვრა. დიახ, ცდილობდა, თავისებურად ცდილობდა…
ამბობენ, ,,პოლიტიკა ბინძურიაო”, ადვოკატობა რთული პროფესიააო, იმ დროს მითუმეტეს, როცა ინდოეთი მრავალი წლის მანძილზე ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა, იყო დისკრიმინაცია კანის ფერის, წარმომავლობის, რელიგიის გამო… ვექილებს სახელი ქონდათ გატეხილი მექრთამეობის, სიხარბის, უსამარლო საქციელების და მანკიერებების გამო, თუმცა, მან, განდიმ, ამ ყველაფრის მიუხედავად შეძლო ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ სიმართლის მსახურებით, გულწრფელობით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი, სწორედ მისი გულწრფელობით არაერთხელ იხსნა კლიენტები, თუმცა, ერთხელ ლამის თაღლითობაშიც დასდეს ბრალი, მაგრამ ბოლოს ,,სამართალმა იზეიმა”.  
ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო ამ ადამიანზე, მაგრამ უფრო მეტს მისი გამონათქვამები იტყვის და წიგნი, რომელიც სულმოუთქმელად შემომეკითხა.

  • “ჭეშმარიტების აღმსარებელი მტვერზე მდაბალი უნდა იყოს. სამყარო ფეხქვეშ თელავს მტვერს, მაგრამ ჭეშმარიტების მაძიებელმა თავი იმდენად უნდა დაიმდაბლოს, რომ მტვერს შეეძლოს მისი ფეხქვეშ გათელვა. მხოლოდ მაშინ და არამც და არამც მანამდე, ის შეავლებს თვალს ჭეშმარიტების გაევლებას.”
  •   “გამუდმებით ვიტანჯები იმის გამო, რომ ასე შორს ვარ მისგან, ვინც დანამდვილებით ვიცი, ჩემს ყოველ ამოსუნთქვას განაგებს და ვისი პრიმშოც მე ვარ. მე ვუწყი, რომ ჩემში ჩაბუდებული ავი ვნებები არ მაძლევს მასთან მიახლოების საშუალებას და მაინც ვერ ვახერხებ მათგან თავის დახსნას”;
  • ,,სწავლება უპოვარების შესახებ იმას ნიშნავს, რომ ვისაც სულის ცხონება სწადია, მეურვესავით უნდა იქცეოდეს, რომელიც მართალია უდიდეს ქონებას განაგებს, მაგრამ პირად საკუთრებად მისი მცირეოდენი ნაწილიც კი არ მიაჩნია”;
  • ,,ვისწავლე კანონის სწორად გამოყენება. ვისწავლე, რომ ადამიანის საუკეთესო მხარე უნდა მეპოვნა და მათ გულებში შემეღწია, გავაცნობიერე, რომ ვექილის ჭეშმარიტი ფუნქცია დაპირისპირებული მხარეების მორიგებაა”
  • ,,თუ ადამიანი სუფთა გულით მოქმედებს, ყოველთვის იპოვის დამხმარეებს და საშუალებებსაც უბედურებასთან გასამკლავებლად”;
  • ,,ადამიანი იმიტომაა ადამიანი, რომ თავის შეკავების უნარი შესწევს და იმდენად რჩება ადამიანად, რამდენადაც ახერხებს ამას”;
  • ,,მოსწავლისთვის ჭეშმარიტი სახელმძღვანელო მისი მასწავლებელია”;
  • ,,სავსებით შესაძლებელია იურიდიული საქმიანობა ისე, რომ ჭეშმარიტებას არ ავნო”;
  • ,,პროფესიული საქმიანობისას არასოდეს ვუმალავდი კლიენტებს  და კოლეგებს ჩემს უმეცრებას”;
  • ,,როცა ძალა სიმართლისათვის ბრძოლას ეხება ხალხია ძალა და არა მთავრობა”;
  • ,,პიროვნების ღირსება მდგომარეობს სიყვარულის უნარში, მიუხედავად იმისა, არის, თუ არა შენი მეგობარი ის, ვინც გიყვარს.”
  • ,,მე არ ვარ გაჩენილი აკადემიური მეცადინეობისთვის. ჩემი სამყარო – მოქმედებაა. ქვეყანას საქმე სჭირდება და არა სიტყვები. ნააზრევის ქმედება გაცილებით მეტს გამოხატავს, ვიდრე მათი სიტყვით გადმოცემა.”

პ.ს. უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ  ცნობილი ქართველი ინდოლოგის  ნიკოლოზ კენჭოშვილის  ძალიან კარგი ნაშრომი ,,მაჰათმა განდი – დიდი სული”.