უბრალოდ… ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ი

სამსახურიდან თუ უნივერსიტეტიდან  დაღლილ-დაქანცული წამოვსულვარ…  გაჩერებაზე, ავტობუსის მოლოდინში გავთოშილვარ..  ბოლოს გამოჩნდება  ცივი, ულამაზო, ბებერი რკინის, ოდესღაც ყვითელი ჩონჩხი,  გათოშილს მინდა მძღოლზე ვიყარო ჯავრი, რატომ დააგვიანეთ-მეთქი  და ის ისე თბილად მელაპარაკება, სიბრაზე და სიცივე სადღაც ქრება… საოცრად ნათელი, თბილი ცისფერი თვალები შემომცინის და მათბობს, მიღიმის…  თავის თავზე მითხრა ცოტა, შვილი ავად ყოლია…შევამჩნიე უჭირს, მაგრამ მაინც არ კარგავს ღვთის იმედს. თავის დარდს არავის ახვევს, სულ მხიარულია, ცდილობს დაღლილ მგზავრებს  რამდენიმე წუთით მაინც დაავიწყოს პრობლემები, ამიტომ ხუმრობს….  რატომღაც მე გამიმხილა თავისი სატკივარი… შემეცოდა, თურმე, რამხელა ტრაგედიას დაატარებს, ის კი კლოუნივითაა, საოცრად სევდიანი, ტკივილიანი მაგრამ კეთილი, თბილი ღიმილით, რომელიც ყველას ათბობს…. მიყვარს!

ის რამდენჯერმე ვნახე ჩემი სიცოცხლის მანძილზე… ერთი პოსტიც მივუძღვენი… რაღაცნაირია, სხვანაირი, საოცარი.. ცოტა იდუმალი და ძალიან საინტერესო მოსაუბრე. რაც ყველაზე მეტად მხიბლავს, თბილია, ძალიან თბილი და ნათელი!!! ჩემი უყურედღებობის, უდროობის თუ აკვიატებების გამო მგონი დავკარგე…. მაგრამ, მიყვარს!

ის თითქმის არცერთ ჩემს ნაცნობს არ მოსწონს…  უხეში გარეგნობა, გამჭოლი მზერა, კუშტად შეკრული შუბლი, ხშირი წარბები, ძლიერი ხმა… არ უყვართ, რადგან თვლიან, ცინიკოსია, ყველას დასცინის, რთული და თავისებური ადამიანია.. ჰო, კიდევ ბევრ რამეს  ამბობენ მასზე, მაგრამ კატეგორიულად არ ვიზიარებ, ამიტომ არ ვწერ! მე რატომ მიყვარს? ჰო, ძალიან დიდ პატივს ვცემ და მ ი ყ ვ ა რ ს! უხეში გარეგნობის, რთული ხასიათის მიღმა, ასე მგონია, დიდი და სიყვარულით სავსე გული იმალება, საქმის, ცოდნისა და სტუდენტების სიყვარულით ანთებული დაუღალავი  გული… მისი გამოხედვა და  სიტყვები, რომელსაც რატომღაც დაცინვად და ცინიზმად მიიჩნევენ, მე მოტივაციას მიღვიძებს და განვითარებისკენ, მეტი ცოდნის დაუფლებისკენ მიბიძგებს… ორჯერ შემაქო.  პირველმა შექებამ განმამტკიცა, ძალა შემმატა, მეორეჯერ მისმა  ასეთმა საქციელმა ისე დამაკომპლექსა, საბოლოოდ ისე მოხდა  იმედი გავუცრუე… მაგრამ,  დიდი გაკვეთილი მივიღე…  მისი მოსმენა თუნდაც 5 წუთით უფრო ნაყოფიერია,  ვიდრე მოტივაციის ამაღლებაზე დაწერილი ლიტერატურის კითხვა…                                                                  მიყვარს, მისი ინდივიდუალობის, უცნაურობების, გულში მიმალული სტუდენტების უსაზღვრო სიყვარულის, პროფესიის ერთგული სამსახურის  გამო…..

მკაცრი გარეგნობა, მუდამ სერიოზული სახე, მაშინაც კი, როცა გულიანად, ბოლო ხმაზე ხარხარებს…  მკაცრი ტონი და ,,ჯუჯღუნა” ხასიათი, რომელიც ხშირად ყველას ნერვებს უშლის… საქმის უბადლო მცოდნე და საოცარი მ ე წ ვ რ ი ლ მ ა ნ ე და ფრთხილი, რომ შეცდომა არ გაეპაროს. ენაკვიმატი, ხუმარა… ყველას იმედი და დამხმარე… მგონი ყველა ფიქრობს (მათ შორის მეც) რთული ადამიანია, მაგრამ ყველა პატივს სცემს, თუ არ უყვართ, არამგონია სძულდეთ.. მე ძალიან მიყვარს, მისი მადლობელი  ვარ, მისგან უამრავი რამ ვისწავლე და ვსწავლობ…

საოცრად ჩეულებრივი, არანაირად გამორჩეული და უცნაური, ლაღი, მხიარული, ხუმარა… თან ძალიან ჭკვიანი! არასოდეს მინახავს მოწყენილი, მუდამ იმედიანია და ღიმილიანი, კიდევ ნათელთვალებიანი და ნათელსახიანი… უბრალოდ ძალიან მიყვარს…. (მსგავსი ადამიანები ბევრი შემხვედრია, მეტ-ნაკლები ინდივიდუალური თავისებურებებით, მაგრამ ყველა საყვარელია)

ზორბა, დიდი აღნაგობის კაცი, სამხედრო ნაბიჯებით და მკაცრი ხმით.. რატომღაც მგონია არავის უყვარს.. 😦 ერთი შეხედვით ჩანს ცინიკოსია და თავის თავს სხვებთან შედარებით მაღლა აყენებს, მაგრამ დავინახე შვილიშვილების ერთად, მაშინ სულ სხვანაირი იყო… სიმკაცრის ფასადი  სადღაც გამქრალიყო და მისი თვალებიდან გადმონათი თბილი შუქი ეფინებოდა პაწია ანგელოზებს… მე ვნახე მისი ნახატები, ნატიფი, მშვენიერ, საოცრად გრაციოზული და დახვეწილი ფიგურები! როგორ გამიკვირდა ვერ წარმოიდგენთ, ყველაფერს წარმოვიდგენდი და ბატონ ……-ს ამ ნახატების შექმნა თუ შეეძლებოდა ვერა….  მე ვნახე ერთხელ ყავას იდუღებდა და თან ტკბილად, ჩუმად ღიღინებდა…. ასე მგონია, ის სიმკაცრე ნიღაბია, ფასადია, შინაგანად კი სულ სხვანაირია, მაგრამ კომპლექსების დასაფარად ცდლობს სხვანაირი ჩანდეს… მისი უნიღბო სახე მიყვარს….

ის უ ც ნ ა უ რ ი ა! ისე უცნაური, რომ მისნაირი არავინ მინახავს! მიკვირს როგორ გამიგო, ან როგორ გავიგე, თითქმის რადიკალურად განსხვავებულია ჩემგან, პირადად არ ვიცნობ, მაგრამ სოციალური ქსელის მეშვეობით  დავმეგობრდით… ისე გავუგეთ ერთმანეთს, რომ პირად პრობლემებზე, ადამიანებთან ურთიერთობებზე, საკუთარ შინაგან სამყაროზე და მისწრაფებებზე დიდხანს, გულახდილად გვისაუბრია.. ძალიან მიკვირს, მაგრამ ასე მგონია, ამ  ადამიანს ვენდობი, ბოლომდე გულწრფელობა შემიძლია მასთან..მიყვარს მისი უცნაურობების, ახირებების, სითბოსა და სიყვარულის, გულუბრყვილობის, ბავშვური ხასიათის, მისი სულის ნათების გამო…

უნებურად უცნაურმა გრძნობამ შემომიტია, ჩავფიქრდი ზოგადად ადამიანებზე და         იმ ადამიანებზე ვინც ჩემს ცხოვრებაზე გავლენა იქონია.. ასეთი ძალიან, ძალიან ბევრია… ღვთის გაჩენილი თითოეული ადამიანი გამორჩეულია, ინდივიდია, პიროვნებაა, რომელსაც ინდივიდუალური თავისებურებები ახასიათებს… ადამიანი, ეს ხომ სამყაროში თავისთავადი,  პატარა უკიდეგანო სამყაროა…  დადებითი თვისებებით თუ ნაკლოვანებებით, ფიქრებით, ტკივილებით თუ  სიხარულებით… მაინც მჯერა და მინდა სულ მჯეროდეს რომ ყოველ ადამიანში მზეა… თითოეულის სულში შესაძლებელია მზის სხივი გამოკრთეს და სიყვარულის მცხუნვარე კოცონად აგიზგიზდეს…. მე მინდა ადამიანებს ასე ვხედავდე… სიღრმეში დაფარულ მშვენიერებას ვხედავდე და ყველაფრის მიუხედავად ყოველთვის მიყვარდეს…..

6 thoughts on “უბრალოდ… ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ი

  1. ადამიანები ყოველთვის ახდენენ გავლენას ჩვენზე, ზოგი კარგს და ზოგიც ცუდს. კარგი იქნებოდა მარტო ისეთები გვხვდებოდეს ცხოვრების გზაზე, მზე რომ დააქვთ გულებით, ჩვენც გავთბებოდით…

  2. ჯერ კიდევ მოსკოვში, სტუდენტობის დროს, ვფიქრობდი დამეწერა წიგნი „ქართველი ქალები“, იმ სტილით, როგორც ძმები გონკურების წიგნია „XVIII საუკუნის ქალები”. მე მაშინვე ვფიქრობდი ნინო ჭავჭავაძეზე და უმთავრესად მხიბლავდა მისი თავდავიწყებული სიყვარული; მაგრამ მაშინ, საჭირო მასალების უქონლობის გამო, გადავდე ამაზე ფიქრი. შემდეგ, როცა მე თბილისში ჩამოვედი, რევოლუციის ქარიშხალში თანდათან მავიწყდებოდა ის, რაზედაც წინათ ვფიქრობდი. ჭეშმარიტად, ეს არ იყო დრო სხვაზე ფიქრისა: ეს წლები თვითონ არის სიცოცხლის პოემა, რომლის შესადარი ექვივალენტი ბაირონსაც არ შეეძლო მოეცა.

  3. ეჰ..
    ,,იმ ადამიანებზე ვინც ჩემს ცხოვრებაზე გავლენა იქონია..”
    მეც დავიფქრდი ამათზე 🙂

    • ეჰა, ციტატაში ჩავსვსი ჩემს ჭკუაში, მარა არ გამოაჩინა 😦
      ტრადიციული “_” მაინც გამეკეთებინა 😦
      იქნებ ჩამისწორო? :*

Leave a reply to katerina კომენტარის გაუქმება