თითები….

      ( ბათუმი/08/11/2007)     ;(

  ამ თითებით ბავშვობაში თოჯინებს კაბას ვუკერავდი…ზღაპრების წიგნის გვერდებს ვფურცლავდი და ჯადოსნურ სამყაროში ვინაცვლებდი…  ამ თითებით დედიკოს ვეფერებოდი… მის რბილ,  თბილ თითებს ვეხებოდი.  ისიც მეფერებოდა ლამაზი, სათნო, ესოდენ თბილი, ახლობელი,საყვარელი თითებით. მის სახესაც ვეფერებოდი, მის ლამაზ თვალებს…საყვარულით გაცისკროვნებული შავი გუბურები სრულიად გამჭვირვალე ხდებოდა… დედიკოს თვალებში ჩემი ბავშვური სახე, პატარა ხელები და თითები ირეკლებოდა…ისე არ ვიძინებდი დედა თავის ხელს, ბუთხუზა თითებს შუბლზე თუ არ დამადებდა,მერე კი სიზმარეთში მივაბიჯებდი და ოცნების ფრთებით ჯადოსნურ სამყაროში მიმოვფრინავდი…
    ვიზრდებოდი… ჩემი თითები უკვე ასოების წერას სწავლობდნენ…ასეთი ჩვევა დამჩემდა კითხვის დროსაც კი თითებით ვხაზავდი ასოებს,თითებს ვავლებდი, თითქოს ვწერდი კიდეც. მერე ამ თითებმა ნატიფი ასოების გამოყვანაც ისწავლეს, აღარ ითხუპნებოდნენ მელნით და ლურჯად აღარ იყვნენ შეფერადებულნი…
    თითებს ველაპარაკებოდი კიდეც, ამით კარგად ვერთობოდი. მათ საკუთარი სახელებიც კი შევარქვი, რომლებიც ჩემი ოჯახის წევრებს განასახიერებდნენ. ყველაზე პატარა ჩემი დაიკო იყო, მოდიდო თითი მე ვიყავი. ყველაზე დიდი მამიკო. ჩემი საყვარელი მამიკო ხომ ოჯახში ყველაზე მაღალია! დედაჩემი ცერა თითი იყო. ყველაზე ბუთხუზა და საყვარელი…მეხუთე თითი დეიდაჩემი იყო, რომელმაც საკუთარი შვილივით გამზარდა.

     მერე ფორტეპიანოს გაკვეთილებიც დაიწყო.. რომ იცოდეთ თითები რამდენს წვალობდნენ დაკვრა რომ ესწავლათ! მასწავლებელი მაიძულებდა,მე კი მათ ვაიძულებდი. არ მემორჩილებოდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც უკრავდნენ… ,,ყველაფერმა მიჩვევა იცისო’’ ჩემი თითებიც შეეჩვივნენ დაკვრას…
     ამ თითებით დავიწყე წერა… გრძნობები, განცდები ჩემში  ვეღარ ეტეოდნენ. მწვავდნენ, მდაგავდნენ, გამოღწევას ლამობდნენ, ვერ ვიოკებდი ამიტომაც გადავწყვიტე ფურცელზე გადმომეტანა.კალამს და ფურცელს დავუმეგობრდი, მათ გავანდე ჩემი საიდუმლო,ჩემი განცდები…ჩემი ფიქრები…
     თითებს ახალი  ტალანტიც აღმოაჩნდათ. თურმე ხატვაც შეეძლოთ.მართალია, ბავშვობაშიც ვხატავდი ბავშვურად, ფანქრით, ხანაც კალმით, მაგრამ შემდეგ ჩემი თითები გაიწაფნენ, საოცარ ფიგურებს გამოსახავდნენ ფურცელზე, სხვადასხვა ფერად აფერადებდნენ და რეალურს ამგვანებდნენ. თითებმა სხვა თითების ხატვაც კი იწყეს…
    მე ბედნიერი ვიყავი, ძალიან ბედნიერი! ჩემი თითები ძალიან ნიჭიერები იყვნენ…ასე კარგად რომ გამოსდიოდათ ამდენი რამ!
    ჩემი თითები ზოგჯერ ძალიან მორჩილნი არიან. ზოგჯერ საოცრად ჯიუტნი. მგონი კეთილებიც არიან, არასოდეს ბრაზდებიან.არავის უწყრებიან, არასოდეს აღელვებულან, ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ… ჩემი თითები მორწმუნენიც არიან და ხშირად იწერენ პირჯვარს…
      თითებს ძალიან მოსწონთ როცა ვარდი უჭირავთ…ვარდი-ყვავილთა დედოფალი, რომელიც საამო, სურნელოვან გუნდრუკს უკმევს მათ.
     ასე იყო რამოდენიმე წლის წინათ…ჩემს თითებს ვარდი ეჭირათ და სიამაყით, ბედნიერებით იყვნენ აღვსილნი … გიორგობა… ჩვენი, ქართველთა თითები ერთმანეთს გადაეჭდნენ, ერთ მუშტად შეიკრნენ,გაერთიანდნენ და ზეიმობდნენ. ამას ვარდების სურნელი მოჰყვა...
          მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ თითები ჩვეულებრივად განაგრძობდნენ არსებობას. წერას, ხატვას, ერთურთის სიყვარულს და პატივისცამას, ყოველთვის შეთანხმაბულად, ურთირთგაგებით ეკიდებოდნენ ერთმანეთს…
      ახლაც ნოემბერია…ოღონდ გიორგობამდე ჯერ კიდევ რამდენიმე დღე დარჩა…ვარდები კი საამო გუნდრუკს აღარ აკმევენ. ჩემს თითებს აქამდე ჯეროდათ და ელოდებოდნენ, რომ დადგებოდა დრო, როცა კვლავ ამოაფრქვევდნენ კეთილსურნელებას, მაგრამ არაფერი ეტყობათ ჯერ!
      ჩვეულებრივი დილა გათენდა.  სრულიად განურჩეველი, ოღონდ მხოლოდ ბუნებაში. ადამიანთა გულებში კი რევოლუცია იკიდებდა ფეხს. ჩემი თითები დაძაბულები იყვნენ, ძალიან დაძაბულები. დილით პირჯვარი გამოისახეს, რომ შვება ეგრძნოთ, შველა ეთხოვათ მამაზეციერისადმი. შემდეგ დამშვიდდნენ, ირგვლივ სიმშვიდე სუფევდა, აქ მხოლოდ მეგობრები იყვნენ, თბილი გულებით, სათნო თვალებით და კეთილი თითებით!
      უცებ საშინელება მოხდა… ეს თითებმაც იგრძნეს… რაღაც ბოროტი ძალა ახლოვდებოდა, საშინელი, ულმობელი და დაუნდობელი…ვარდის სურნელი მოჰქონდა,ოღონდ დამჭკნარი ვარდის, რომელიც დასალპობადაა განწირული. თითებმა იგრძნეს, რომ ძალიან მეშინოდა,თვითონაც შეშინდნენ… ბევრნი ვიყავით, ყველანი მშვიდობიანად ვიდექით. ისინი კი მოულოდნელად შემოიჭრნენ. ხმაური, წივილ-კივილი მოიტანეს, სიცივე მოგვიტანეს, მრისხამად, ულმობლად დაგვერივნენ… ბოროტი თითები, უსამართლო თითები, მოღალატის თითები… ჩვენ გავრბოდით, თითებიც გაურბოდნენ ერთურთს… მივრბოდი, უკვე აღარ ვიცოდი საით… თითქოს სამშვიდობოს გავედი. ვიღაცის ხმა გავიგონე. თითები შეტოკდნენ. ჩემსავით მათაც შიში დაეუფლა, აკანკალდნენ… მაღლა ავიხედე და ვის ვხედავ! ჩემს წინ ის იდგა ვისიც ასე მეშინოდა. ვისგანაც ასე ვლამობდი თავდაღწევას… გავოგნდი, გავშეშდი, ფიქრისა და აზროვნების უნარი წამერთვა. მთელი  ტანით ავცახცახდი. რაღაც მინდოდა მეთქვა, მაგრამ ენას პირში ვერ ვიბრუნებდი. დაძაბულობისგან თითებიც  თრთოდნენ, შიშმა ერთ მუშტად შეკრა ისინი. არ ვიცი რა დამემართა, მოულოდნელად ვიგრძენი საოცარი ძალა, მოზღვავებული ენერგია, მივხვდი,  რომ  მისი არ უნდა მშინებოდა.! მუშტი მოვუღერე, საკუთარ ძალებში დარწმუნებულმა, ხმას ძალა ჩავაქსოვე და არაადამიანური ხმით შევყვირე: ხელი არ მახლოთ!
     თვალები მას მივაპყარი. გაოგნებული და საოცრად დაბნეული მომჩერებოდა. მხოლოდ მის თვალებს ვხედავდი, ცისფერ ნათელ, მაგრამ ზღვის ტალღებივით ამღვრეულ თვალებს… სისხლი მოსწოლოდა თვალებში ….
     აუხსნელი გრძნობა დამეუფლა. მის თვალებში საკუთარი თავი დავლანდე და ჩემმა თვალებმა აირეკლა ,,ის’’ , მე მას ვსწავლობდი, ვცდილობდი მის თვალებში ,მის გულში შემეღწია. მწყუროდა, გამაგო რა ხდებოდა, მინდოდა მისი გრძნობებისთვის ფარდა ამეხადა. ავათვალიერ-ჩავათვალიერე. ჩემს წინ  მთლად შავებში გამოწყობილი, ახალგაზრდა,ბრგე ვაჟკაცი იდგა. ო, როგორ მაშინებდა მისი გარეგნობა! აქამდე მხოლოდ ამას ვხედავდი და ამიტომაც ასე გამალებით ვლამობდი მისგან გაქცევას. მერე თვალებში ჩავიხედე და ამოვიკითხე რაღაც სხვა, აუხსნელი რამ… ამას ვერ ავხსნი, მათში ყველაფერი იყო გარდა მრისხანებისა და ბოროტებისა…! ამან დამამშვიდა.ჩემი თვალები მის შესწავლას განაგრძობდნენ. მზერა ახლა მისმა ხელმა, მისმა თითებმა მიიპყრო. ცალ ხელში ავტომატი ეჭირა,მეორეში კი ხელკეტი ,,დუბინკას’’რომ ეძახიან. თითებში მოექცია და მე მომეჩვენა, რომ იმ წუთას ის თითებს სწვავდა…  მთელი გულისყური მის თითებს მივაპყარი… ღონიერი, ძლიერი თითები ჰქონდა.ამ თითებით ბავშვობაში ტოლ-სწორებს უსწორდებოდა ალბათ თუ რამეზე წაიკამათებდნენ, მაგრამ მაშინ ასეთი ბოროტები როდი იყვნენ, გამოუცდელი და გულუბრყვილო თითები… ამ თითებს  გიტარაზე დაკვრა უთუოდ  ეცოდინებათ! – გამიელვა თავში აზრმა – ნამდვილად ეცოდინებათ. ალბათ, რა საოცარ  ჰანგებს გამოსცემდნენ ინსტრუმენტის სიმები,როცა გიჟურად როკავდნენ მათზე ეს ძლიერი თითები! ვუცქეროდი მათ და უცებ როდენის ,,მოაზროვნეს’’ მისწვდა ჩემი ფიქრები. თვალწინ დამიდგა ფრანგი მოქანდაკის შედევრი. ძლიერ მუხლებზე დაყრდნობილი, უძლიერესი მკლავი და თითები! ძლიერი თითები! ალბათ ამ თითების პატრონს ფიქრიც უყვარს… თვალწინ დამიდგა მოაზროვნის მდგომარეობაში ეს ბრგე ვაჟკაცი და გავიფიქრე: როდენს ეს რომ დაენახა, უთუოდ მას გამოძერწავდა,მეთქი. საოცარია, მაგრამ ახლა მის სხვა ქანდაკებას გადასწვდა ჩემი ფიქრები ,,ღვთის ხელს’’ ვხედავდი, როცა მის თითებს ვუცქიროდი. არა,ეს თითები ღმერთს არ ეკუთვნის, მაგრამ მათ რაღაცის შექმნა შეუძლიათ! შეუძლიათ რაღაც საოცარი შექმნან! ეგებ თვითონაც გამოჰკვეთენ საჭრეთლით საოცარ ფიგურებს? მარმარილის სულს შთაბერვენ და ქვაში საოცრებებს აცოცხლებენ? შეიძლება  რაღაც დოზით ბოროტება დაუფლებია მათ მაგრამ არ არიან მთლად ბოროტნი…  არ არსებობს სრულიად ბიროტი ადამიანი! არის კეთილი, რომელშიც არის ბოროტებაც.   ყველა ადამიანში ხომ მზეა..უბრალოდ უნდა ვაცადოთ აენთოს…
      თითქოს მის სულს ვხედავდი.. მომეჩვენა,რომ მან შეცდომა დაუშვა, ცხოვრების გზაზე სვლისას მხარი ეცვალა და როცა ამას მიხვდა  უკვე გვიანღა იყო…გზის დიდი ნაწილი განევლო და უკან დასაბრუნებელი ბილიკისთვის ვეღარ მიეგნო..შემეცოდა..
შიში სიბრალულმა ჩაანაცვლა…მინდოდა მეხსნა…მეხსნა საკუთარი თავისგან
     უცებ გამოვერკვიე,დიდხანს ვყოფილვართ ასე,გარინდებულები და ერთურთის სულში ჩაჭვრეტას ვლამობდით… მივხვდი ეს სიმშვიდე ხანმოკლე იქნებოდა.ცოტა დრო მქონდა.  უნდა მეცადა,აუცილებლად რამე უნდა მეღონა,რომ დამეფიქრებინა…
    უცებ მის თითებს შევეხე…  უნებლიედ ფიქრის მარწუხებს გამოექცა…
 _ ეს მომეცი..შენ არაფერში გჭირდება…_ ვთქვი და იარაღი და ხელკეტი გამოვართვი.  არავითარი წინააღმდეგობა, მისდაუნებურად დამითმო.
 იარაღი იქვე მოვისროლე,მე კი მის თითებს ჩავეჭიდე. საოცარი სიცივე ვიგრძენი..რა ცივი იყო მისი თითები..კანკალებდნენ…
 _ ყველაფერი კარგად იქნება… _ესღა ამოვილუღლუღე…
    მის თვალებში კითვის ნიშნები დავლანდე.უცებ რაღაც აზრმა გამიელვა თავში,ჩანთა გავხსენი და პატარა შინდისფერყდიანი წიგნი ამოვიღე.
 _ აიღე! ეს შენ უფრო გჭირდება ახლა,შენ გქონდეს…ილოცე და ყველაფერი შეიცვლება…
    შემდეგ ავტომატი და ,,დუბინკა’’ავიღე,ხელებში მივაჩეჩე უკან დავიხიე… გავიქეცი… ისიც დამედევნა. ხალხს შევერიე და დავეკარგე.
    ირგვლივ სიმშვიდე იყო..მაგრამ მკვდარი სიმშვიდე ,რომელსაც დაზაბულობდა ახლდა თან. აქა–იქ  ,,მისნაირები’’ ირეოდნენ,ხელში ხელკეტებით…მათი მრისხანე მზერის უკან შიში გამოკრთოდა,შიში და ნაკისრი მოვალეობის ასრულების ვალდებულება ჩრდილავდა სიკეთეს, თრგუნავდა ნებას და ათვინიერებდა თავის უფლებას !
              ჩქარი ნაბიჯით პარკი გადავსერე.. ვეღარ ვფიქრობდი…  მზერა გაყინული მქონდა,თითქოს სულიც… მალე ტაძრის კარებთან აღმოვჩნდი.ჩემმა თითებმა  პირჯვარი გადაიწერეს, სანთელი დაანთეს ,მუხლებმა დაიჩოქეს,თვალები მუდარით მივაპყარი ზეციერს და აქამდე უტყვი ბაგეები აღაღადნენ:
    ,,აცხოვნე ღმერთო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ,რათა ვიტყოდეთ, უფალო,დიდება შენდა!’’ 

13 thoughts on “თითები….

  1. აი არვიცი,მართლაც რა ვთქვა.. ენა წამერთვა.
    ძალიან მაგარი იყო,შეუდარებელი❤

  2. მადლობა ან..❤ როგორც ყოველთვის თბილი კომენტარებით მანებივრებ❤

  3. დამაჟრჟოლა..ახლაც მაკანკალეს..
    არ ვიცი რა ვთქვა..თავიდან ისე დაიწყო არ მოველოდი მსგავს დასასრულს,სანამ ვარდები და გიორგობა არ ახსენე..
    ყოჩაღ..გაოგნებული ვარ..

  4. ნია ,რომ იცოდე როგორ გამიხარდა შინაარს რომ ჩაწვდი…ბევრი ვერ მიხვდა რაზე დავწერე..😦 დასაწყისი ძალიან ბავშვურია და,მერე მოულოდნელად იცვლება ყველაფერი…
    იცი მეც ისე დავწერე ეს..ექსპრომტად…უბრალოდ ენით აუწერელი ემოცია იყო და შეძლებისდაგვარად გადმოვეცი….
    უნივერსიტეტში მიტინგზე ვიყავით სტუდენტები და ,, სპეცნაზი” დაგვადგა თავს…ერთ სპეცნაზელს ჩემი კურსელი შეეცოდა და მეორე დუბინკამომარჯვებულს შესძახა: გოგოა,ხელი არ ახლოო…ისიც დაემორჩილა….მოკლედ ამ პატარა ,,სიტუაციამ” ფიქრის საღერღელი ამიშალა, ვეღარ დავიტიე…ასე დაიბადა ,,თითები”🙂🙂

  5. ღმერთოოო ტირილი მინდა აი რაღაც სასწაული იყო მართლა ძალიან იმოქმედა უბრალოდ ძალიან მაინტერესებ ეს რა მუსიკაა ბლოგზე რომ გაქვს?? პოსტს ძალიან მოუხდა🙂 მადლობა ასეთი ემოციებისათვის

  6. (დარცხვენილი და თან უბედნიერესი სმაილი)
    როგორ მიხარია რომ მოგწონთ,დიდი ხანი ვფიქრობდი ,,თითები” დამედო თუ არა,და ახლა ვხვდები სწორად მოვიქეცი ….
    მუსიკა მართლაც ყველას აინტერესებს🙂 ეს ულამაზესი კომპოზიცია keiko matsui-ს ,,midnaight stone”აა,ძალიან მიყვარს❤
    პირიქით ,მადლობა შენ ასეთი თბილი კომენტარისთვის…ისე გამიხარდი🙂 (happy)

  7. ჩანახატი რომ საოცრება და ზეგენიალურობა იყო, ამაში ორი აზრი არ არსებობს. რაც არ უნდა ვთქვა, მაინც ყველგან გაიჟღერებს: მშვენიერია, ლამაზია, საინტერესოა, კარგია… ამიტომ უბრალოდ ვიტყვი – ზეურად ყოჩაღ!
    არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო, ემოციას როგორ ამძაფრებს ეს სიმღერა. საოცრად შეერწყა ტექსტი და მელოდია ერთმანეთს. თითოეული წინადადების წაკითხვისას უფრო და უფრო იმატებდა ტანზე ხორკლი. ^^
    მმ, რუსა, ბრავო.. ^^

  8. ახლა მე ვარ ანივით… ენა წამერთვა..არ ვიცი რა გითხრა…
    მადლობა! მადლობა! მადლობა…..

  9. რუს… არ გავმეორდე ძნელია… აი სულ დავისუსხე იმ კაკტტუსივით… ძალიანძალიან კარგია!!!! არაა.. უფრო მეტი

  10. გენაცვალე ან…. მიხარია .❤❤ მადლობააააა!!!!!!!! ძალიან დიიდი მადლობა! შენი კომენტარი ჩემთვის ძალიან ძვირფასია :*

    დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია ბლოგზე და ამ დღეებში თუ მოვახერხებ მინდა ახალი პოსტი დავწერო…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s